დრიბლინგი: კუ-ნინძები და ბეტმენი ლესტერიდან

AutoSharing Option
მარადიული ქალაქის ამბებ
წინა დრიბლინგიც რომით დავიწყეთ და ახლაც მარადიული ქალაქით უნდა დავცხოთ. "რომა" ცუდ დღეშია, "ლაციო" - უარესში. ამჯერად "ლაციოზე" ნუ შევჩერდებით (რაც უნდა იყოს, "იუვენტუსთან" დამარცხდა) და რაც შეეხება "რომას"...

"ტორინოსთან" 1:1-ის შემდეგ "რომას" ქომაგებმა თვითგვემას ისევ ირონია ამჯობინეს და განსაკუთრებით, გერმანელ მცველ ანტონიო რიუდიგერს და ბოსნიელ თავდამსხმელ ედინ ჯეკოს მისდგნენ. აქ არაფერ შუაშია ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ჯეკოს ყველა აქებდა - უბრალოდ, იტალიურ იუმორთან გვაქვს საქმე:

"მე მეგონა, ჯეკო იყო და თურმე ჯეკოს ფორმაში გადაცმული დუმბია
ყოფილა!" - წერდა ერთი რომანისტა. "ჯეკოს შეეყარა ავადმყოფობა, სახელწოდებით მარიო გომესი და არ იცის, როგორ იწამლოს!" - დასძენდა მეორე.

იგუაინი
კითხვაზე, ვინ არის დღეს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრფორვარდი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ სტატისტიკურად საუკეთესო ერთია:

"ნაპოლის" არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი. მართალია, ნეაპოლელებმა ბოლონიაში 2:3 წააგეს და ოფიციალურ მატჩებში 18-თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, მაგრამ იგუაინმა თავისი მაინც გაიტანა - თანაც ორი და თანაც, სამ წუთში.

14 გოლი 15 მატჩში - იგუაინის ამგვარი ბალანსი მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ასე შეაფასა: "გონსალო დღესდღეობით, მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდია. გაისად "ოქროს ბურთს" ან "ოქროს ბუცს" მაინც თუ არ აიღებს, ამაში მხოლოდ თვითონ იქნება დამნაშავე!"
ჰმ...

სხვა?
იტალიური ტოტალიზატორები მალე, ალბათ, აღარ მიიღებენ ფსონს იმაზე, რომ "ინტერი" 1:0-ს მოიგებს და კაცს გაუძევებენ. 15 მატჩში მერვედ მოხდა ისე, რომ მილანურმა კლუბმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და თან კაცი გაუგდეს. თუმცა "ინტერის" მწვრთნელ რობერტო მანჩინის თავისებური ახსნა ჰქონდა:

"ზოგიერთი ფეხბურთელი ორთაბრძოლის შემდეგ ისე ეცემა, გეგონება, ტრაქტორი დაეჯახაო. პლუს ამას, მსაჯებიც აჟიტირებულები არიან და ნაცვლად იმისა, რომ საღამოობით ლამაზ ქალებთან ერთად გაისეირნონ ხოლმე, სახლში იკეტებიან და მერე წითელ ბარათებს ფლაერებივით არიგებენ!"

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი ამ მატჩის შემდეგ, საღამოს, სწორედ თავის მშვენიერ ვანდასთან ერთად გავიდა ქუჩაში, ორი ნიღბიანი ტიპი შეხვდა, იარაღი დაადეს და აიძულეს, რომ მის 40 000-ევროიან საათს მფლობელი შეეცვალა. როგორც ხედავთ, მსაჯები სწორად იქცევიან.

ლესტერი
დიახ, დიახ: ის, რასაც "ლესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში ახერხებს, დიდი სენსაციაა და სეზონის წინ ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა. შესაბამისად, ამ გუნდში ყველა გადასარევ ხასიათზეა, რაც არა მარტო მოედანზე, არამედ ფეხბურთელების მოედანს მიღმა ქცევებშიც ჩანს.

შაბათს, "სუონსისთან" გამარჯვების (3:0) შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ შეგირდებს უთხრა, ხვალ როგორც გინდათ, ისე დაისვენეთო და ბიჭებიც გასართობათ კოპენჰაგენში წავიდნენ. რატომ კოპენჰაგენში?

იქ ვერავინ გვიცნობსო. თუმცა თავი მაინც დაიზღვიეს და სხვადასხვა სუპერგმირის ფორმებში გამოეწყვნენ. მაგალითად, რობერტ ჰუთი ბეტმენი გახლდათ, ჯეიმს ვარდი "მაითი მორფინი", ხოლო დანი დრინქუოთერი კი კუ-ნინძა რაფაელი იყო...

"ევერტონმა" დაიწყო
წლის მიწურულს ყველა თავმოყვარე კლუბი ცდილობს თავისი გულშემატკივრების გახარებას სხვადასხვა საჩუქრით. პრემიერლიგიდან წელს პირველი "ევერტონი" გამოდგა - ფეხბურთელებს ეროტიკული ფოტოები გადაუღეს და კლუბმა გამოუშვა კალენდარი, სახელწოდებით "12 Shades of Blue". კალენდარი 10 ფუნტი ღირს და აჩუქებენ მას "ევერტონის" მამაკაცი ქომაგები თავიანთ გერლფრენდებს?

საკითხავი აი, ეს არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული