ალეშანდრე პატო
"კორინთიანსიდან" "ჩელსიში" (იჯარა)
ალეშანდრე პატოს უკვე იმდენი აქვს მოსწრებული და "მილანში" იგი იმდენი ხანი აგორებდა ბურთს, რომ ბევრს შეიძლება ვეტერანიც ჰგონია. არადა, ალეშანდრე როდრიგეს და სილვა, ანუ უბრალოდ, პატო (თარგმანში "იხვი"), ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა, მას ბოლო შანსი აქვს, ევროპის არა ამომავალ, არამედ
"ლურჯებს" იმედი აქვთ, რომ ამით შეტევაში მათი ერთფეროვნება გამოსწორდება და გუნდის წინა ხაზი უფრო მრავლფეროვანი გახდება, მერე კი, შესაძლოა, პატოს ბოლომდე გამოსყიდვაზეც იფიქრონ.
სტეფან ელ შაარავი
"მილანიდან" "რომაში" (იჯარა)
"მილანს" უკავშირდება ბოლომდე გაუბრწყინებელი კიდევ ერთი ვარსკვლავი, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი სტეფან ელ შაარავიც. "პატარა ფარაონიც" ტრავმებმა ამოაგდო კალაპოტიდან.
იგი სეზონის პირველ ნახევარში "მონაკოში" იყო განათხოვრებული და უცნაურია, რომ მონეგასკების ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. "რომამ" მისი სერია A-ში დაბრუნება გადაწყვიტა და ალბათ, არც ინანებს... ელ შაარავიმ დებიუტი ქუსლით გატანილი ულამაზესი გოლით აღნიშნა.
სეიდუ დუმბია
"რომადან" "ნიუკასლში" (იჯარა)
"რომაში" დანიშნულმა ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ სეიდუ დუმბია არ დაებრუნებინა და ამჯერად, "ნიუკასლში" გაანათხოვრა. 28 წლის სენეგალელი აქამდე მოსკოვის ცსკა-ში ჰყავდათ გაშვებული და იგი "არმიელების" ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. წესით, მას პრემიერლიგასთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეს და კონკურენციას გაუწევს არასტაბილურ ალექსანდრ მიტროვიჩსა და პაპის დემბა სისეს.
"ნიუკასლი" გასავარდნ ზონაში კი იმყოფება, მაგრამ რეალურად გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს და დუმბიას თამადობით, ახლაც დაიმატა რამდენიმე საინტერესო მოთამაშე. ასე რომ, "კაჭკაჭებს" საფუძველი და პოტენციალი აქვთ, რომ კრიზისი დაძლიონ. ჯორდებს სეზონის ბოლომდე დუმბიას თხოვება 500 ათასი ევრო დაუჯდათ, მისი გამოსყიდვა კი, სურვილის შემთხვევაში, 11 მილიონი დაჯდება.
ჟერვინიო
"რომადან" "ჰებეი ჩჟუნცზიში" (18 მილიონი ევრო)
ჩინურმა გუნდებმა ბოლო წლებში ნამდვილი ფურორი მოახდინეს სატრანსფერო ბაზარზე და თუ ადრე იქ სათამაშოდ მხოლოდ ვეტერანები მიდიოდნენ კარიერის მიწურულს კარგი ჯამაგირისთვის, ახლა უკვე ჯანზე მყოფი და შეიძლება ითქვას, ფორმის პიკში მყოფი მოთამაშეებიც მიაშურებენ ხოლმე ჩინეთს.
აი, ჟერვინიომაც ვერ გაუძლო ცდუნებას და წელიწადში 8-მილიონიანი ხელფასით მოხიბლულმა, ჩინური გუნდის წინადადება მიიღო, "გლადიატორებმა" კი დაახლოებით 18 მილიონი ევრო ჩაიჯიბეს. არადა, კოტდივუარელი ყოფილი მწვრთნელის, რუდი გარსიას ხელში გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ.
რამირესი
"ჩელსიდან" "ცზიანსუ-სეინტსში" (26 მილიონი ევრო)
დაახლოებით იგივე მარშრუტი გამოუვიდა ბრაზილიერ ნახევარმცველ რამირესს. რამირეს სანტოს დუ ნასიმენტუ 24 მარტს 29 წლის ხდება. იგი "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვეღარ ხვდებოდა და ამით უკმაყოფილობას სარფიანი ფინანსური წინადადება დაემატა... უფრო წონადი ჩინური ვარიანტი გამოდგა, ვიდრე "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა.
"ლურჯებმა" იზარალესო, ვერ ვიტყვით: ფული არც ისე აკლიათ, მაგრამ 26 მილიონი მაინც არ არის პატარა თანხა.
მოჰამედ ელ ნენი
"ბაზელიდან" "არსენალში" (10 მილიონი ევრო)
თუ ზაფხულში "არსენალის" ერთადერთი შენაძენი პეტრ ჩეხი იყო, ზამთარში არსენ ვენგერის ეული ტრანსფერი მოჰამედ ელნენის "ბაზელიდან" დამატებაა. 10 მილიონი ევრო 23 წლის ეგვიპტელში, რომელმაც დაახლოებით 3 წლის განმავლობაში შვეიცარიული გუნდის რიგებში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დიდი თანხა ნამდვილად არ არის.
შეიძლება ბევრისთვის უცნაური ტრანსფერია, მაგრამ ცდად ღირდა, თანაც "მეთოფეების" ბანაკში არსებული ტრავმების პრობლემების გათვალისწინებით.
თანამემამულეები და იქამდეც თანაკლუბელები, ელნენი და მოჰამედ სალაჰი "ბაზელში" ერთ დროს მივიდნენ, უბრალოდ, სალაჰმა უფრო მალე გაშალა ფრთები. ელნენი კი სადღაც საყრდენ ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს შორის მოთამაშე ფეხბურთელია, ამ რგოლების დამაკავშირებელი ხიდი, რომელსაც შეტევაც შეუძლია და დაცვაც.
დენის ბოიკო
"დნიპროდან" "ბეშიქთაშში" (3,3 მილიონი ევრო)
დრო იყო, 28 წლის დენის ბოიკოს უკრაინის მიწა დაეტოვებინა და სხვაგან გადაბარგებულიყო. ეს მშვენიერი მეკარე წინა სეზონში ევროპალიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ და მისი შეძენით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, უკრაინელი გოლკიპერი "ბეშიქთაშმა" ჩაიგდო ხელში.
ემანუელ ემენიკე
"ფენერბაჰჩედან" "ვესტ ჰემში" (იჯარა)
28 წლის ნიგერიელის თურქეთში მეორედ მისვლა არც ისე წარმატებული გამოდგა და ზაფხულში იგი "ალ აინში" გაანათხოვრეს. ახლა კი მისდამი ინტერესი "ვესტ ჰემმა" გამოხატა, მაგრამ "ჩაქუჩებმა" ემენიკეს პირდაპირ შეძენა ვერ გარისკეს და ამჯობინეს 1 მილიონ გირვანქად სეზონის ბოლომდე იჯარით აეყვანათ. მერე კი, თუ თავდამსხმელი "ვესტ ჰემის" მაისურით 10-ზე მეტ მატჩს ჩაატარებს და გუნდს მოეწონება, 10 მილიონად გამოისყიდიან.
ჯონჯო შელვი
"სუონსიდან" "ნიუკასლში" (15 მილიონი ევრო)
ცოტა არ იყოს, მოულოდნელად, პრემიერლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დამდგარმა "ნიუკასლმა" იანვარშიც გადაწყვიტა შემადგენლობის გაძლიერება და გუნდის ერთ-ერთ მთავარ შენაძენად ჯონჯო შელვი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უცნაურად ქარიზმატული ფეხბურთელი სულ რაღაც 23 წლისაა, უკვე მოასწრო დიდი გამოცდილების დაგროვება.
იგი "ჩარლტონში", "ლივერპულში", "ბლექპულსა" და "თეთრ გედებში" თამაშობდა. რამდენიმე მატჩი ინგლისის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული. ჯონჯოს ცუდი დებიუტი არ გამოუვიდა და მან, წესით, სოლიდურობა და სტაბილურობა უნდა შემატოს "კაჭკაჭების" ნახევარდაცვას.
სერდარ ტასკი
"სპარტაკიდან" "ბაიერნში" (იჯარა)
თუ დღევანდელი მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "სპარტაკიდან" ფეხბურთელს დაიმატებდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, თუმცა სერდარ ტასკი მრავალი წლის განმავლობაში "შტუტგარტში" თამაშობდა და რეკორდმაისტერი მას იქიდან კარგად იცნობს. "ბაიერნის" რიგებში მცველების გაუთავებელი ტრავმიანობის გათვალისწინებით, მიუნხენელებს ახალი კაცი დასჭირდათ და ტასკი იჯარით აიყვანეს. თურქული ფესვების მქონე 28 წლის გერმანელი "ალიანც არენიდან" მიწვევას სიამოვნებით დათანხმდა.
დენის ჩერიშევი
"რეალიდან" "ვალენსიაში" (იჯარა)
25 წლის დენის ჩერიშევს მადრიდის "რეალში" კონკურენციის გაძლება და ძირითადში დამკვიდრება ისევ რომ გაუჭირდებოდა, ადვილად პროგნოზირებადი იყო. "სამეფო გუნდმაც" მის უქმად დატოვებას, ჩერიშევის "ვალენსიაში" განათხოვრება არჩია. საკითხავია, რამდენად მოიკიდებს ფეხს რუსი გარემარბი "მესტალიაზე", თანაც იმ ქაოსის ფონზე, რომელიც ახლა "ღამურების" ბანაკშია, მაგრამ თუკი დენისი მაღალ დონეზე თამაშს სტაბილურად აპირებს, დროა, პოტენციალი გამოავლინოს.
ბაიე უმარ ნიასე
მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ევერტონში" (17,7 მილიონი ევრო)
სულაც არ არის გამორიცხული და პირიქით, დიდი შანსია, ბევრმა ელ ჰაჯი ბაიე უმარ ნიასეს სახელი და გვარი პირველად გაიგო, მაგრამ სინამდვილეში მისი "ევერტონში" აღმოჩენა გასაკვირი და მოულოდნელი არ არის, რადგან სენეგალელი ბოლო წლებში საკმაოდ კარგად გამოიყურება და იქნებ სწორედ ის დაეხმაროს რობერტო მარტინესს "კანფეტების" თამაშის დაბალასება-დასტაბილურებაში.
ჟანელი იმბულა
"პორტუდან" "სტოკში" (24 მილიონი ევრო)
ჟანელი იმბულა ვანგა უცნაური კაცია. ვანგაც რომ იყო, მისი მომავლის პროგნოზირება ძალიან რთულია. მას ბავშვობის ჟამსაც უამრავი კლუბი ჰყავს გამოცვლილი, პროფესიონალური კარიერა კი "გენგამში" დაიწყო.
დაახლოებით ერთი წლი წინათ იგი "მარსელში" ირიცხებოდა, რამდენიმე დღის წინათ "პორტუს" წევრი გახდა, ხოლო ახლა 23 წლის ნახევარმცველი უკვე "სტოკის" საკუთრებაა. სტოკელებმა ბოლო დროს არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელეს, მაგრამ იმბულა მათი სარეკორდო შენაძენი გახდა - ეს სიამოვნება გუნდს 18,3 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ჟანელიმ "ბრიტანიას" ბინადრებთან ხუთწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ანდროს თაუნსენდი
"ტოტენჰემიდან" "ნიუკასლში" (თანხა არ ხმაურდება)
ჯონჯო შელვისა და სეიდუ დუმბიასთან ერთად, "ნიუკასლმა" ანდროს თაუნსენდის სახით მიიღო გვარიანი შევსება. თუმცა 24 წლის ფლანგის მოიერიშე ჩანაფიქრში და იდეაშია ძალიან კარგი, პრაქტიკაში კი ცოტა რთული ხასიათი და არასტაბილური თამაში ხელს უშლის, რომ ბოლომდე გაიხსნას და მართლაც მუდამ პროდუქტიულ და მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.
ანდროსი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და "ტოტენჰემს" 9(!) გუნდში ჰყავდა განათხოვრებული. მის უხასიათობაზე ვთქვით და გავიხსენოთ ისიც, თუ რის გამო გამოუშვეს ბავშვობის გუნდიდან - ანდროსი სათამაშო დროის უქონლობით ძალიან უკმაყოფილო გახლდათ და ერთხელაც ბრაზი ძალიან არაადეკვატურად გამოხატა, როდესაც მაურისიო პოჩეტინოს თანაშემწეს, რომელიც არაფერ შუაში იყო და მის დამშვიდებას ცდილობდა, საჯაროდ ეჩხუბა, არც ხელის კვრები დააკლო და არც ხელის ქნევები.
მაურისიო პოჩეტინომ მოკლედ და კონკრეტულად თქვა, რომ მის გუნდში მსგავსი გამოხდომები დაუშვებელია და ამით ის ვერაფერს მოიგებს, იძულებული ვარ გუნდიდან გაურკვეველი დროით მოვკვეთოო. შედეგად, თაუნსენდმაც კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა და ის არც "დეზებმა" დააკავეს. გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯორდებს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის (10 მატჩი, 3 გოლი) შესყიდვა 12 მილიონი გირვანქა დაუჯდათ.
ემანუელ ადებაიორი
"კრისტალ პალასში" (თავისუფალი აგენტის სტატუსით)
კიდევ ერთი "ჭირვეული" და "ძნელად აღსაზრდელი ბავშვი" ემანუელ ადებაიორია, რომელიც თაუნსენდზე ადრე მოიკვეთა "ტოტენჰემის" შემადგენლობიდან. არადა, ტოგოელის შესაძლებლობების ყველას მოგვეხსენება და თუ მას თამაში მისდის...
"დეზებმა" ადებაიორს კონტრაქტი გაუნულეს და თავისუფალ აგენტად გაუშვეს. მიუხედავად ამისა, "კრისტალ პალასმა" მხოლოდ 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა ემანუელს. თუ იგი კარგად მოიქცევა, "არწივები" გრძელვადიან და სრულფასოვან შეთანხმებაზეც დაფიქრდებიან. "პალასის" მწვრთნელი ალან პარდიუ ირწმუნება, მის მორჯულებას შევძლებო, ვნახოთ. ისე, ადებაიორი 26 თებერვალს 32 წლის ხდება და დაღვინება-დაჭკვიანების დრო კი მოვიდა...
ედერი
"სამპდორიიდან" "ინტერში" (იჯარა)
ბოლო დროს "ინტერი" 1:0-საც ვეღარ იგებს და თავდასხმის გაძლიერება გახდა საჭირო, რისთვისაც "ნერაძურიმ" "სამპდორიისგან" რეაქტიული ფორვარდი ედერი ინათხოვრა.
29 წლის ნატურალიზებული ბრაზილიელი უკვე იტალიის ნაკრების წევრიც არის, იგი ანტონიო კონტემ მოიხმო. სხვათა შორის, ამ იდეის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე რობერტო მანჩინი გახლდათ, ანუ "ინტერის" ამჟამნდელი მწვრთნელი - იგი ამბობდა, რომ "სკუადრა აძურაში" იტალიაში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ და არა უცხოელები, თუნდაც მათი წინაპრები იტალიელები ყოფილიყვნენო. საინტერესოა, როგორი თანამშრომლობა გამოუვათ მანჩინისა და ედერს.
ამასობაში, "სამპდორიამ" ედერის სანაცვლოდ "ბებერი მგელი", 33 წლის ფაბიო კუალიარელა ითხოვა "ტორინოსგან". კუალიაგოლი "დორიაში" 2006/07 წლების სეზონშიც თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"