ეს დაუნდობელი ფეხბურთი - ძმა ძმის წინააღმდეგ

AutoSharing Option
თებერვლის ბოლოს "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" სეზონის პირველი ტრიუმფისათვის იბრძოდნენ "უემბლიზე". სასწორზე ლიგის თასი იყო.

"ლივერპულის" მცველმა მამადუ სახომ ტრავმა მიიღო. იურგენ კლოპმა ძლივს დაარწმუნა ის, რომ თამაში აღარ გაეგრძელებინა. მინდორზე კოლო ტურე შევიდა.
ამ დროს "სიტის" ღირსებას კოლოს ძმა, იაია იცავდა. ძმას ძმის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. რას ვიზამთ, ხანდახან ფეხბურთი ასეთი დაუნდობელია.

კოლო ტურე (ლივერპული) და იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)
კოლო იაიაზე 2 წლით უფროსია. ორივეს კარიერა მშობლიური კოტდივუარის "მიმოსასში" დაიწყო. ევროპული კარიერის დასაწყისში კოლოს უფრო გაუმართლა. ის დაუმარცხებელი
"არსენალის" ნაწილი გახდა.

იაიამ კი ტოპკლუბში გადასვლამდე "ბევერენში", დონეცკის "მეტალურგში", "ოლიმპიაკოსსა" და "მონაკოში" ითამაშა. 2010 წელს ორივე ძმამ "სიტიში" მოიყარა თავი და გუნდთან ერთად მათ პრემიერლიგა მოიგეს. 2013 წელს კოლო "ლივერპულში" წავიდა და სწორედ აქედან დაიწყო მათი დაპირისპირებები.

ანდრე აიუ (სუონსი) და ჯორდან აიუ (ასტონ ვილა)
განელი ექსვარსკვკლავის, აბედი პელეს სამი შვილი გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი. ამათგან განსაკუთრებით ცნობილია ორი ძმა, ანდრე და ჯორდანი. ანდრე ჯორდანზე 2 წლით დიდია. ორივე ძმა იმთავითვე შეამჩნიეს "მარსელის" სკაუტებმა, სადაც მამამ კლუბის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი ჩემპიონთა თასი მოიგო.

ორივე ძმას შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამ სეზონის დასაწყისში ორივე აიუმ ნისლიან ალბიონს მიაშურა. ანდრე უფასოდ გადავიდა "სუონსიში", ჯორდანი კი - "ასტონ ვილაში". ანდრეს უფრო გაუმართლა. მან მშვენივრად დაიწყო სეზონი და პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა აგვისტოს თვეში. მერე მან და "სუონსიმ" ერთად მოუკლეს.

ჯორდანის "ასტონ ვილა" კი თითქმის, გავარდნილია და ცხადია, ფეხბურთელს ამ ზაფხულს გუნდის შეცვლა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ძმები ერთმანეთს პრემიერლიგაში შეხვდნენ. "სუონსიმ" ბირმინგემში 2:1 მოიგო, გოლი კი ორივე ძმამ შეაგდო.

კევინ პრინს ბოატენგი (განა) და ჟერომ ბოატენგი (გერმანია)
უნიკალური ბიჭები. ისინი ძმები არიან, არადა, სხვადასხვა ნაკრებში თამაშობენ. ორივე ბერლინში დაიბადა და კარიერა "ჰერტას" აკადემიაში დაიწყო. მერე მათი გზები გაიყო. კევინი ახლა 29 წლისაა. მან თავისი ტალანტი ბოლომდე ვერაფრით გახსნა. ახლა "მილანში" ცდილობს კარიერის გადარჩენას, სადაც ოდესღაც გაატარა კიდეც საუკეთესო წლები. პრინსი განის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

ჟერომის საქმეები გაცილებით კარგად წავიდა. მან შეძლო და "ბაიერნის" ძირითადი მცველი გახდა. 27 წლის ასაკში ჟერომ ბოატენგმა ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგის და მუნდიალის მოგება მოასწრო.

პრინსმა განას შემადგენლობაში მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე ითამაშა. ისინი მუნდიალზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2010 წელს გერმანიამ 1:0 მოიგო, 2014 წელს კი 2:2 დაფიქსირდა.

ლარს ბენდერი (ლევერკუზენი) და სვენ ბენდერი (დორტმუნდი)
ვინც ბოლო 5 წლის განმავლობაში ბუნდესლიგას ადევნებს თვალს, ტყუპი ძმების ორთაბრძოლები არ გამორჩებოდა. ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. ორივე საყრდენია, თამაშის ერთნაირი მანერა აქვთ, ორივე გერმანიის ნაკრების წევრია. ორივემ "მიუნხენ1860" - ში დაიწყო ფეხბურთის თამაში. ტიტულები სვენს მეტი აქვს, ნაკრებში კი უფრო ხშირად ლარსი ჩნდება.

ლუკ დე იონგი (მაშინ - ტვენტე) და სიმ დე იონგი (მაშინ - აიაქსი)
ბედის ირონიით, ძმებს არასოდეს დაუცავთ ერთი და იმავე გუნდის ღირსება. არადა, ისინი არაერთხელ გახდნენ ჰოლანდიის ჩემპიონები. სიმი წლების განმავლობაში უფრო ძლიერ ფეხბურთელად ითვლებოდა. ის დაიკარგა "ნიუკასლში". ლუკიც წავიდა "გლადბახში", მაგრამ იქ კარიერა ვერ აიწყო და დაბრუნდა პსვ-ში, სადაც გუნდის ლიდერია.

გაბრიელ მილიტო (მაშინ - ბარსელონა) და დიეგო მილიტო (მაშინ - ინტერი)
ძმები იმთავითვე შეეჩვივნენ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშს. გაბრიელმა კარიერა "ინდეპენდიენტეში" დაიწყო, დიეგომ კი - "რასინგში". ცოტა ხანი ორივე ძმა ესპანური "სარაგოსას" ღირსებას იცავდა, მერე კი მათი დუეტი დაიშალა. გაბრიელი "ბარსელონაში" გადავიდა, დიეგო კი იტალიაში წავიდა.

2010 წელს ძმები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ. მოურინიოს "ინტერმა" მაშინ გვარდიოლას" "ბარსელონა" დაამარცხა. დიეგომ გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. გაბრიელის კარიერა მალე დასამარდა. მან 2012 წელს ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და მწვრთნელი გახდა. 36 წლის დიეგო კი ჯერაც თამაშობს მშობლიურ "რასინგში".

ჰამით ალტინტოპი (მაშინ - ბაიერნი) და ჰალილ ალტინტოპი (მაშინ - შალკე)
ისევ ტყუპები. თურქები, რომლებიც გელზენკირხენში დაიბადნენ. ცოტა ხანს ერთად თამაშობდნენ "შალკეში", მერე მათი გზები გაიყო. ჰამითის კარიერა უფრო მდიდარია. უნივერსალმა ნახევარმცველმა "ბაიერნსა" და "რეალში" ითამაშა.

რაც შეეხება ჰალილს, მან მთელი კარიერა ბუნდესლიგაში გაატარა. ახლა ძმები 33 წლისანი არიან. ჰამითი უკვე 4 წელია, "გალათასარაიში" თამაშობს. ჰალილი კი დიდი ხანია, "აუგსბურგის" ღირსებას იცავს.

ბენუა შეირუ (მაშინ - ოსერი) და ბრუნო შეირუ (მაშინ - რენი)
ძმები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს ფრანგულ ლიგაში. ორივემ "ლილში" ისწავლა ფეხბურთის თამაში. ბენუამ კარიერა უკვე დაასრულა, ბრუნო კი ჯერ ისევ თამაშობს. ის "ტორონტოს" ღირსებას იცავს.

გარი ნევილი (მაშინ - მანჩესტერი) და ფილ ნევილი (მაშინ - ევერტონი)
ამ ძმებს ყველა იცნობს. თუ გარიმ მთელი კარიერა "იუნაიტედში" გაატარა, ფილმა ორად გაყო ის "იუნაიტედსა" და "ევერტონს" შორის. გარი ძმაზე 2 წლით უფროსია. ახლა ორივე ძმა ერთად წვრთნის "ვალენსიას".

რიო ფერდინანდი (მაშინ - მანჩესტერი) და ენტონი ფერდინანდი (მაშინ - ვესტ ჰემი)
თავის დროზე ბევრი ხუმრობდა იმის თაობაზე, რომ რიო ფერდინანდი არა მსოფლიოში, არამედ ოჯახშიც კი არ იყო საუკეთესო ცენტრალური მცველი. მალე რიომ საწინააღმდეგო დაამტკიცა. ენტონიმ კი "ვესტ ჰემის" შემდეგ "სანდერლენსა" და ქპრ-ში ითამაშა. დღეს ენტონი ჩემპიონშიპის "რედინგში" თამაშობს. მანამდე იყო თურქეთში და ტაილანდში წასვლაც კი სცადა.

ფაბიო კანავარო (მაშინ - პარმა) და პაოლო კანავარო (მაშინ - ნაპოლი)
ორი ძმა, ორივე ცენტრალური მცველი. ორივემ დაიწყო "პარმაში" და მერე გადავიდა "ნაპოლიში". მერე ფაბიო "პარმაში" დარჩა, პაოლომ კი "ნაპოლის" მიაშურა. რა თქმა უნდა, უფრო ცნობილი ფაბიოა. ის ახლა 43 წლისაა. რაც შეეხება პაოლოს, ის 35 წლისაა და "სასუოლოში" თამაშობს.

რონალდ კუმანი (მაშინ - ფეიენოორდი) და ერვინ კუმანი (მაშინ - გრონინგენი)
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძმები ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში. ევროპის 1988 წლის ჩემპიონები. ჰოლანდიის ჩემპიონატში ერთმანეთს მაშინ გადაეყარნენ, როცა ერვინი კარიერას მშობლიურ "გრონინგენში" ასრულებდა, რონალდი კი - "ფეიენოორდში".

ჯუზეპე ბარეზი (მაშინ - ინტერი) და ფრანკო ბარეზი (მაშინ - მილანი)
ფრანკო თავის დროზე "ინტერში" არ აიყვანეს. კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ძმები მინდორზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ფრანკომ მთელი კარიერა "მილანში" გაატარა და გუნდის ლეგენდა გახდა. თითქმის მთელი კარიერა შესწირა "ინტერს" ჯუზეპემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არველაძეებმაც ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბარემ :)
joke maker
18:08 19-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული