ტრანსფერ ONLINE: 13 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:12 Le Parisien-ი იტყობინება, რომ "ლესტერმა" და "ჩელსიმ" შეათანხმეს ნ'გოლო კანტეს ტრანსფერი 35 მილიონ ევროდ. ხუთწლიანი კონტრაქტი უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია მოთამაშესთან.

13:17 სერია A-ს ფორვარდი გონსალო იგუაინი კინაღამ ჩინეთში გადავიდა. კლუბი "ჰებეი ფორჩუნი" "ნაპოლის" ფორვარდს წელიწადში 50 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასს სთავაზობდა. არგენტინელმა უარი განაცხადა.

13:25 "ჩელსის" ნახევარმცველმა ვილიანმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მისი მიმდინარე ხელშეკრულება მხოლოდ ორი წლის შემდეგ სრულდება და ახლა 2020 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა.

13:31 ნეიმარის ძველი მეგობარი, "სან პაულუს" ნახევარმცველი განსო "სევილიაში" მიემგზავრება სათამაშოდ.

13:36
მორგან დე სანკტისი "მონაკოში" გადავიდა და იქ დანიელ შუბაშიჩის დუბლიორი იქნება. 39 წლის მეკარის კონტრაქტი ერთწლიანია.

13:58 Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "ზენიტის" ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი "ევერტონში" წელიწადში შვიდ მილიონს მიიღებს. პარალელურად, La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ბელგიელის ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს "ინტერი".

14:04 კიდევ ერთი ინფორმაცია Sport Mediaset-ისგან. ემანუელე ჯაკერინი "სანდერლენდიდან" სერია A-ში ბრუნდება. "ნაპოლი" ნახევარმცველს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და წელიწადში ორ მილიონ ევროს გადაუხდის.

14:13 ესპანური გაზეთი AS წერს, რომ კევინ გამეირო მზად არის "ატლეტიკოში" გადასასვლელად. 29 წლის ფრანგი უკვე ალაგებს ჩემოდნებს.

14:21 ალვარო მორატას შეუძლია ითამაშოს უეფას სუპერთასზე. კრიშტიანო რონალდოს ტრავმის შემდეგ "რეალი" მზად არის, მინიმუმ ერთი მატჩისთვის დაიტოვოს ესპანელი. იგეგმება, რომ მორატა "რეალთან" ერთად გაემგზავრება ჩრდილოამერიკულ ტურნეში, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი კლუბი ნადირობს. ამის შესახებ "მარკა" წერს.

14:30 სიმონე ძაძა "ვოლფსბურგის" ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერის სავარაუდო თანხა - 25 მილიონი ევროა.

14:34 "ინტერის" ფეხბურთელი ალექს ტელესი, რომელიც "გალათასარაის" ეკუთვნის, "პორტუში" გადავიდა. "დრაკონებმა" ბრაზილიელში 6.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

14:37 მარტინ შკრტელმა "ფენერბაჰჩეში" გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტს გააფორმებს თურქულ კლუბთან.

15:15 ტომაშ როსიცკი მალე "სპარტაში" დაბრუნდება. "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი უკვე აგვარებს კონტრაქტის დეტალებს პრაღულ გუნდთან.

15:43 "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გაუკეთა მარიო ბალოტელისთან დაკავშირებულ სიტუაციას: "ველაპარაკე მარიოს ამ სიტუაციაზე. დღეს ის არ არის იმ დონეზე, რომ კონკურენცია გაუწიოს ოთხ-ხუთ ფეხბურთელს შემადგენლობაში მოსახვედრად. ასე რომ, გადაწყვეტილება უნდა ვიპოვოთ. პლანეტაზე უნდა გამოჩნდეს გუნდი, რომელიც ბედნიერი იქნება ახალი მარიო ბალოტელის აყვანით".

15:56 ადემ ლიაიჩი, შესაძლოა, "ფიორენტინაში" დაბრუნდეს, - იტყობინება Football-Italia.net-ი. "რომას" ფეხბურთელი არ შედის ლუჩანო სპალეტის გეგმებში.

16:05 ანტუან გრიზმანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პსჟ-სთან, მაგრამ დარჩება "ატლეტიკოში". ამის შესახებ განაცხადა ფორვარდის სპორტულმა მრჩეველმა ერიკ ოლიატსმა.

16:08 ლუკა დინი ოფიციალურად გადავიდა "ბარსელონაში". პსჟ-ის მცველთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პარიზული კლუბი 16.5 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელის პრეზენტაცია დღეს შედგება.

16:21 "უდინეზეს" ფეხბურთელს, პეტრ ზელინსკის ძალიან უნდა "ლივერპულში". ფრიულელები ყველაფერზე მოელაპარაკნენ "მილანს", მაგრამ თავად ზელინსკიმ პირადი კონტრაქტი შეათანხმა მერსისაიდულ კლუბთან. Sky წერს, რომ გარიგება ჩიხში შევიდა, რადგან პოლონელი ელაპარაკა იურგენ კლოპს და პრემიერლიგისკენ მიისწრაფვის.

17:01 "იუვენტუსი" ალვარო მორატას შემცვლელად განიხილავს ქარიმ ბენზემას "რეალიდან". თუ "იუვე" ვერ გადაიბირებს ალექსის სანჩესს "არსენალიდან", მაშინ აუცილებლად მიმართავს ფრანგი ფორვარდის კანდიდატურას. ეს Tuttosport-ის ინფორმაციაა.

17:06 "ბეშიქთაში" სერიოზულად მუშაობს "მანჩესტერ სიტიდან" ვენსან კომპანის ტრანსფერზე, - იტყობინება Fanatik-ი. თურქული კლუბის პრეზიდენტი "სიტისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. თურქეთის ჩემპიონი მზად არის ბელგიელის იჯარისთვის, რადგან ტრანსფერის სრულ თანხას (30 მილიონი ევრო) ვერ ქაჩავს.

17:20 "აიაქსი" არ აპირებს არკადიუშ მილიკის გაყიდვას. ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პოლონელი ფორვარდი არ იყიდება. Sky წერდა, რომ მილიკზე "ევერტონი" ნადირობს.

17:28 ხუან მატა ესპანეთში დაბრუნდება, - ირწმუნება Sport.es-ი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევარმცველს "ვილიარეალი" ეპატიჟება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა და გაძლიერება სურს.

17:32 მილან ბაროშმა ჩეხეთში კლუბი შეიცვალა. 34 წლის ფორვარდი "ბოლესლავიდან" ლიბერეცის "სლოვანში" გადავიდა.

17:37 ვილფრიდ ბონი "მანჩესტერ სიტიდან" "გალათასარაიში" მიემგზავრება. თურქები 27 წლის ფორვარდში 3.5 მილიონ ევროს გამოდიან, - წერს The Sun-ი.

17:46 "არსენალი" და არსენ ვენგერი გონსალო იგუაინს "ემირეიტზე" ეპატიჟებიან. Sky Italia იტყობინება, რომ "მეთოფეებს" ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ შუამავლები უკვე დაუკავშირდნენ გონსალოს ძმას, რომელიც ფეხბურთელის საქმეებს აწარმოებს.

17:53 20 წლის ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიკი "სამპდორიაში" გადავიდა. "სპარტას" ფეხბურთელში, რომელიც შარშან "ბოჰემიანსში" თამაშობდა, გენუურმა კლუბმა 4 მილიონი ევრო გადაიხადა.

18:09 ქერემ დემირბაი "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელი გახდა. 23 წლის გერმანელმა კარიერა "დორტმუნდის" დუბლებში დაიწყო, შარშან "ფორტუნას" რიგებში კი 10 გოლი (25 მატჩში) გაიტანა.

18:22 არდა თურანი, როგორც ჩანს, "ბარსელონაში" რჩება. ამის შესახებ The Guardian-თან კომენტარში განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა აჰმეთ ბულუთმა.

18:27 "ლივერპულის" იმედმა ჯორდან აიბმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება "ბორნმუთში". მისი პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

18:50 Sky Sports-ი ირწმუნება, რომ ისლანდიის ნაკრების მოთამაშე იოჰან ბერგ გუდმუნდსონი "ჩარლტონიდან" "ბარნლიში" გადავიდა. ტრანსფერის თანხა 3 მილიონი ევროა.

19:04 სერ ალექს ფერგიუსონის შენაძენი ბებე იჯარით "ეიბარში" გადავიდა. ფეხბურთელი "ბენფიკას" ეკუთვნის, შარშან კი "რაიო ვალეკანოში" თამაშობდა.

19:08 "ინტერს" სურს, იტალიის ნაკრების ფორვარდი ედერი ჩინეთში გაუშვას. "ნერაძურის" გეგმებში თავდამსხმელი არ შედის, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ედერის სტატისტიკა "ინტერში" ასეთია - 14 მატჩში ერთი გოლი.

19:32 თუ "ჩელსი" გაიფორმებს კანტეს, მაშინ ლონდონელები გამოეთხოვებიან ჯონ ობი მიკელს. ამ უკანასკნელს "ინტერი" ელოდება, რომელსაც ექვსი მილიონი ევრო აქვს გამზადებული.

19:51 "ვალენსიას" ფორვარდი ანტონიო ბარაგანი მზად არის ინგლისში გადასასვლელად. "მიდლსბრო" მისი ტრანსფერისთვის სამ მილიონ ევროს გადაიხდის.

20:33 "ბარსელონას" ადრიანო იტალიაში გააგრძელებს კარიერას. სავარაუდოდ, მისი ახალი კლუბი იქნება "ლაციო", თუმცა ბრძოლაში, შესაძლოა, "მილანი" ჩაერიოს.

21:03 "ჩელსი" და "არსენალი" დაინტერესებულნი არიან "რომას" მცველით, კოსტას მანოლასით. ორივე ლონდონური კლუბი 35.5 მილიონ ევროს გამოდის. რომაელები კი მზად არიან, ბერძენს 1.7-დან 2.7 მილიონამდე გაუზარდონ ხელფასი. ამას წერს Corriere dello Sport-ი.

21:27 ტომას ვერმალენს "ბარსელონადან" პრემიერლიგაში დაბრუნება სურს. "არსენალის" ყოფილი კაპიტანი მზად არის, დათანხმდეს "ვესტ ჰემის" წინადადებას. გარიგების სავარაუდო თანხაა - 12 მილიონი ევრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული