ტოპ-ლიგები. ტურის ფაქტები: ენრიკესა და რანიერის ასები

AutoSharing Option
უქმეებმაც ჩაიარა, ევროპის ტოპ-5 საუკეთესო ლიგა უკვე "სრული შემადგენლობით" შეუდგა საქმეს. ჩვენ კი განვლილი მატჩების ყველაზე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.

"არსენალის" 700 გოლი
პრემიერლიგა. III ტური
* ლონდონის "არსენალი" გახდა მეორე კლუბი, რომელმაც პრემიერლიგის საგარეო მატჩებში 700 გოლი (იოზილის გოლი იყო მე-700) მიითვალა. "მანჩესტერ იუნაიტედს" 799 გოლი აქვს გატანილი.

* კლაუდიო რანიერიმ პრემიერლიგაში მე-100 მატჩი მოიგო. ამით მხოლოდ მე-5 არაბრიტანელი (და ირლანდიელი) მწვრთნელი გახდა.

* სერხიო აგუერომ "სიტის" მაისურით 153 თამაშში 131 გოლში მიიღო მონაწილეობა (105 გოლი, 26 საგოლე პასი).

* პრემიერლიგის
ბოლო 10 მატჩია, რაც რომელუ ლუკაკუ "ევერტონს" არც გოლით და არც საგოლე პასით არ დახმარებია. ალბათ, მართლაც გულით უნდა ბელგიელს ლივერპულიდან აბარგება.

* გასული სეზონის დაწყების მერე ყველაზე მეტი გოლი თავით მაიკლ ანტონიომ გაიტანა - 8.

* ადამ ლალანამ (ლივერპული) "ტოტენჰემთან" მატჩში 12,5 კმ გაირბინა, რაც ტურში საუკეთესო შედეგია. ნახევარმცველს ენერგია არ დაეწუნება.

* ამ სეზონში მეტოქის საჯარიმოში ბურთს ყველაზე მეტჯერ რაჰიმ სტერლინგი შეეხო - 33.

* მანჩესტერულმა კლუბებმა პირველ სამ ტურში წყვილად მხოლოდ მეორედ მოიგეს ყველა თამაში. პირველად ეს 2011/12 წლების სეზონში მოხდა

* "სიტის" რიგებში დებიუტის შემდეგ კევინ დე ბრუინის ანგარიშზე 15 საგოლე პასია, ხუთით მეტი, ვიდრე უახლოეს თანაგუნდელს.

* ზედიზედ 15 ტურია, "ვესტ ჰემს" მინიმუმ, ერთი გოლი გააქვს.

* მას მერე, რაც ტონი პულისი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" ჩაუდგა სათავეში (2015 წლის იანვარი), ამ გუნდზე მეტი "მშრალი" მატჩი (23) მხოლოდ "არსენალსა" (27) და "მანჩესტერს" (25) ჰქონდათ პრემიერლიგაში - პულისმა დაცვას მიხედა.

* მარკუს რაშფორდი პირველი თინეიჯერია, რომელმაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

* ვიქტორ მოზესმა "ჩელსის" მაისურით 2012 წლის ნოემბრის მერე პირველად გაიტანა.

* 6 ტურია, რაც ჯერმეინ დეფოს სტუმრად აუცილებლად გააქვს გოლი.

კევინ-პრინსი შეუჩერებელია
ლა ლიგა. II ტური
* ალვარო მორატამ "სელტას" კარი დალაშქრა. ეს ალვაროს მორიგი გოლი იყო "რეალში" 833-დღიანი პაუზის მერე.

* მადრიდის "ატლეტიკომ" პირველ ორ ტურში კარისკენ 37-ჯერ დაარტყა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ისიც პენალტის ნიშნულიდან.

* ლუის ენრიკემ "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე მე-100 გამარჯვება მისთვის 126-ე მატჩში იზეიმა. უნდა ვთქვათ, რომ პეპ გვარდიოლასაც კი 100 მოგებისთვის მეტი მატჩი დასჭირდა - 139. აღსანიშნავია, რომ ეს მოქმედ მწვრთნელებში საუკეთესო მიღწევაა. მეორე ადგილზეა პეპია, ოღონდ მიუნხენის "ბაიერნში" - 100 მოგება 132 მატჩში.

* 2005/06 წლების შემდეგ ლა ლიგაში ყველაზე მეტი პასი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა (ბარსელონა) გააკეთა - 62 (51 ზუსტი). გერმანელს ბრავოს წასვლით, თვითრწმენა შეემატა.

* ბოლო ორ სეზონში ყველაზე მეტი ჩაჭრა "ვალენსიას" მცველმა შკოდრან მუსტაფიმ გააკეთა - 226. ის ლა ლიგიდან მიდის და ესპანეთის ჩემპიონატს დააკლდება.

* "ლას პალმასი" ლა ლიგას ბოლოს 1978 წელს ლიდერობდა (III ტურში).

* ფრან ესკრიბას გაწვრთნილ გუნდს ჯერ "სევილიასთვის" არ მოუგია - 3 ფრე, 4 მარცხი. ასე რომ, "ვილიარეალი" ქულით კმაყოფილი უნდა იყოს.

* ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 350-ე მატჩი ითამაშა (314 გოლი).

* ლა ლიგის ორ ტურში გოლი+პასი სისტემით არდა თურანი (ბარსელონა) ლიდერობს - 6. მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

* "ლას პალმასმა" ზედიზედ ორ ტურში ისტორიაში პირველად გაიტანა 9 გოლი.

* ბოლო 6 ტურში "ბარსელონას" საშუალოდ მატჩში ზუსტად 5 გოლი გააქვს.

* კევინ-პრინს ბოატენგმა ორ ტურში ორი გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 43 მატჩში - მხოლოდ ერთი გოლი.

* არც "ალავესია" ლა ლიგის დებიუტანტი და არც ხიხონის "სპორტინგი", მაგრამ ელიტაში ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდნენ.

* "ლეგანესი" ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელსაც გოლი არ გაუშვია - დებიუტანტიც ასეთი უნდა.

* "ვალენსიამ" პირველ ორ ტურში ბოლოს 1999/2000 წლების სეზონში წააგო. მაშინ "ღამურები" საბოლოოდ მე-3 ადგილზე გავიდნენ. ახლა "ღამურების" ფანები ასეთი ოპტიმისტები ვერ არიან.

ბერარდის სეზონი
სერია A. II ტური
* დომენიკო ბერარდი (სასუოლო) 1994/95 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი გახდა, ვინც ჩემპიონატში 40 გოლი გაიტანა. ბერარდი 22 წლის და 27 დღის იყო.

* ტოპ-5 ლიგაში სეზონში ყველაზე მეტი გოლი (ყველა შეჯიბრში) დომენიკო ბერარდიმ გაიტანა - 7.

* მარკო ბორიელომ "რომას" ბოლო ოთხ შეხვედრაში გაუტანა.

* კევინ სტროტმანმა იტალიის ჩემპიონატში 952-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* ფრანკ კასიემ იტალიის ჩემპიონატში სამი გოლი სამი დარტყმიდან გაიტანა.

* ორ ტურში "რომამ" უკვე სამი პენალტი გამოიმუშავა, მაშინ, როცა გასულ სეზონში ამ გუნდმა პირველი პენალტი მე-12 ტურში დაარტყა.

* "პალერმომ" კვლავ ვერ მოუგო "ინტერს" გასვლაზე (8 ფრე, 20 წაგება).

* არკადიუშ მილიკი გახდა პირველი პოლონელი, ვინც "ნაპოლის" რიგებში ჩემპიონატში გაიტანა, რაც მოსალოდნელი იყო.

* ბოლო ხუთი მატჩია, "იუვენტუსი" ჩემპიონატში ისე უგებს "ლაციოს", გოლს არ უშვებს.

* მარიო მანჯუკიჩმა ზედიზედ 21-ედ ითამაშა "იუვენტუსის" სასტარტოში.

* პირველ ორ ტურში ღია თამაშიდან ყველაზე მეტი საგოლე შანსი ალექს სანდრომ (იუვენტუსი) შექმნა - 7.

* ჯაკომო ბონავენტურამ (მილანი) 21-ჯერ აართვა მეტოქეებს ბურთი პირველ ორ ტურში. ეს ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

* ზედიზედ ოთხი სეზონია, "ემპოლი" ჩემპიონატს ორი წაგებით იწყებს.

ეს არის დებიუტანტი?
ბუნდესლიგა. I ტური
* ბუნდესლიგის დებიუტანტმა უსმან დემბელემ (დორტმუნდი) 39-ჯერ სცადა დრიბლინგი მატჩში და 17-ჯერ წარმატებულად გაართვა ამოცანას თავი. ამ მხრივ, 19 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის ლიდერია. დებიუტიც ასეთი უნდა.

* ვლადიმირ დარიდას ბოლო 5 გოლის წყალობით, ბერლინის "ჰერტა" 1:0 წინაურდება ხოლმე თამაშში.

* ბუნდესლიგის ბოლო 5 ტურში საუკეთესო შედეგი დორტმუნდის "ბორუსიას" აქვს - 13 ქულა. თომას ტუხელის გუნდი ფორმაშია.

* ფინელ იოელ პოჰიანპალოს (ლევერკუზენი) ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩში გოლის გასატანად ბურთთან 2 შეხება ეყო.

* დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის ბოლო 15 საშინაო მატჩიდან 13 მოიგო (აქედან, ბოლო 7 მოიგო). ტუხელის გუნდი შინ კლდესავით დგას.

* პირველი ტურის მერე ერთზე მეტი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი - "ბაიერნის" შემტევმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი მიითვალა, ხოლო "დორტმუნდის" ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა - დუბლი. მათ შორის ბუნდესლიგის ბომბარდირობისთვის ფიცხელი ბრძოლაა მოსალოდნელი.

* "კიოლნის" პასების სიზუსტე პირველ ტურში 82,6% იყო. ასეთი სიზუსტით "კიოლნის" ფეხბურთელები გასულ სეზონში ერთხელაც არ გამორჩეულან.

* ბოლო ხუთი შემთხვევაა, "აუგსბურგი" სეზონის პირველ მატჩს აგებს. ტრადიციას არ ეღალატება.

* ბუნდესლიგის მეკარეებში რენე ადლერზე (3) მეტი საგოლე პასი მხოლოდ ფრანკ როსტს აქვს გაკეთებული - 4.

* ალექს მაიერმა "აინტრახტის" მაისურით ბუნდესლიგაში 88-ე გოლი გაიტანა და კლუბის მეგოლეებში მე-4 ადგილზე გადავიდა.

ლაკაზეტი სისეს გაუტოლდა
ლიგა 1. III ტური
* სოფიან ბუფალის ბოლო 8 დარტყმიდან 7-ს გოლი მოჰყვა, ერთი კი მეკარემ მოიგერია. "ლილის" შემტევის ეს მონაცემები ნახეს ალბათ "საუთჰემპტონში" და ინგლისში გადაიყვანეს.

* 2009/10 წლების სეზონის შემდეგ პირველად სამი ტურის შემდეგ სამი კლუბია უქულოდ (ანჟერი, ლორიანი, ნანსი).

* ამ სეზონში ლიგა 1-ში ყველაზე მეტი დუელი (38) ლასანა დიარამ (მარსელი) მოიგო. ბებერი ხარის რქებიც ხნავს...

* პსჟ-მ ლიგა 1-ში 20 მარტის შემდეგ პირველად დათმო 2-ბურთიანი სხვაობით. მაშინაც პსჟ "მონაკომ" დაამარცხა (2:0).

* დავიდ ლუისმა ბოლო 9 მატჩში 2 პენალტი "აიკიდა", ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 126 შეხვედრაში (ლიგა 1-ში და პრემიერლიგაში). ამიტომაც შეცვალეს ნაადრევად, ბრაზილიელი დეზორინტირებულია.

* "მონაკომ" პსჟ-სთან ბოლო 13 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი დათმო (4 მოგება, 8 ფრე, 1 წაგება). მონეგასკები პარიზელებს შხამად ექცნენ.

* "დიჟონმა" ლიგა 1-ის მატჩში 4 გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა და ეს "ლიონთან" მოახერხა.

* 2001/02 წლების სეზონის მერე პირველად მოხდა, რომ სამი ტურის მერე ერთ ფეხბურთელს 6 გოლი აქვს გატანილი. ალექსანდრ ლაკაზეტმა ჯიბრილ სისეს მიღწევა გაიმეორა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული