ისტორიამ იტალია-საფრანგეთის 37 დაპირისპირება შემოგვინახა. "სკუადრა აძურას" აშკარა უპირატესობა აქვს - 19 მოგება, 8 ფრე და 10 მარცხი. შთამბეჭდავია ბურთების სხვაობაც - 80:50. ცხადია, იტალიის ნაკრებს უკეთესი მაჩვენებელი აქვს საკუთარ კედლებშიც - 20 მატჩი, 13 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი, ბურთები - 52:23.
აპენინებზე ისტორიული მეტოქეები
მატჩი, რომელიც ბარის "სან ნიკოლაზე" გაიმართება, განსაკუთრებულია ჯამპიერო ვენტურასთვის, რომელსაც დებიუტი ექნება იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. ახალი მწვრთნელი - ახალი იდეები და ხედვებია, ამიტომ ძნელია წინასწარ რაიმეს თქმა, თუმცა შემადგენლობითა და დაანონსებული ტაქტიკური სქემით (3-5-2) შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ვენტურა, გარკვეულწილად, ანტონიო კონტეს გაგრძელებაა. აკი თავადაც თქვა - სადაც კონტე გაჩერდა, იქიდან ვაგრძელებო.
ვენტურას სიაში ხუთი დებიუტანტია - 18 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ალესიო რომანიოლი, დანიელე რუგანი, ანდრეა ბელოტი და ლეონარდო პავოლეტი. სავარაუდოდ, ამათგან უმრავლესობას თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.
დღეს უბრალო მატჩი ვერ იქნება დიდიე დეშამისთვისაც. მასაც მძიმე ტვირთი აწევს. ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგების შემდეგ ის მოხსნას გადაურჩა, ახლა კი იტალიით იწყებს ახალ ციკლს, რომლის ბოლო გაჩერება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატია.
ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დეშამმა, სწორედაც პერსპექტივის თვალსაზრისით, გუნდს მიღმა დატოვა ვეტერანი მარცხენა მცველი პატრის ევრა, თუმცა კი იქვე განმარტა, რომ მისთვის ნაკრების კარი საბოლოოდ არ მიუხურავს.
ევრას ადგილზე კონკურენცია ექნებათ ლეივინ კურსავასა (პსჟ) და ლუკა დინს ("ბარსელონა"). დეშამს ორი დებიუტანტი ჰყავს მარჯვენა ფლანგისთვისაც, სადაც ტრავმირებული ბაკარი სანია ან სებასტიან კორშიამ, ან ჯიბრილ სიდიბემ უნდა ჩაანაცვლოს.
უფრო ამ უკანასკნელს აქვს მეტი შანსი, რაკი დეშამს ის ევროპის ჩემპიონატის წინ სარეზერვო შემადგენლობაში ჰყავდა და კლერფონტენში ავარჯიშებდა კიდეც. მესამე დებიუტანტი კი ახლახან "დორტმუნდში" გადასული შემტევი უსმან დემბელეა.
დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ დღეს შედგება ვიდეოასისტენტის პრეზენტაცია-ექსპერიმენტი, რომელსაც ფიფასა და უეფას მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან. მატჩი ჩვენი დროით 23 საათზე დაიწყება. მთავარ განმსჯელად გამოცდილი ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კუიპერსია დანიშნული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"