რეიტინგში პირველი "ლივერპულია", რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ფეხბურთელების გაყიდვით ჯამში 442 მილიონი ევრო მიიღო. ინგლისურმა კლუბმა სულ რაღაც 10 მილიონი ევროთი აჯობა "ვალენსიას", კიდევ ერთ კლუბს, რომელიც გრანდებისთვის ფეხბურთელების სერიოზულ მიმწოდებლად ჩამოყალიბდა.
მესამე ადგილზე კი ტურინის "იუვენტუსია" - 415 მილიონი ევრო. ბუნებრივია, "იუვენტუსს" ამ სიმაღლეზე ასვლა პოლ პოგბას ტრანსფერმა შეაძლებინა
აღსანიშნავია, რომ სიის ლიდერმა აღნიშნულ პერიოდში კიდევ უფრო მეტი თანხა გაიღო ფეხბურთელების საყიდლად, ამიტომ მისი ბალანსი გაყიდვასთან ნეგატიურია - 221 მილიონი ევრო, თუმცა ეს ისეთი სხვაობა არ არის, როგორც სხვა ინგლისურ გრანდებს აქვთ - მაგალითად, "სიტის" - -777 მილიონი ევრო და "იუნაიტედს" - -659, თუნდაც, "ჩელსის" - -513.
რეიტინგის პირველ ნახევარში, ანუ ტოპ-50-ში 43 კლუბი ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგას წარმოადგენს. მხოლოდ 7 კლუბია ამ ლიგებს გარეთ. მათგან "ბენფიკა" და "პორტუ" სულაც მოწინავეთა სიაში არიან. ლისაბონური კლუბი 414 მილიონი ევროთი მე-4 ადგილზეა, ხოლო მისი ჩრდილოელი მუდმივი მტერი "პორტუ" 382 მილიონით მე-5 ადგილზეა. სხვა კლუბები, რომლებიც არ შედიან ევროპის ტოპ-5 ლიგებში, მაგრამ ამ რეიტინგის ტოპ-50-ში მოხვდნენ არიან: "აიაქსი" (30-ე ადგილი), "სპორტინგი" (33-ე), "სანტოსი" (42-ე), პსვ (45-ე), ზაგრების "დინამო" (47-ე), "შახტარი" (49-ე) და "სან პაულო" (50-ე).
ზაგრების "დინამო" ახლახან იყო ჩვენი მეტოქე და ალბათ, საინტერესოა, რომ ხორვატულმა კლუბმა 2010-2016 წლებში ფეხბურთელების გაყიდვით ჯამში 116 მილიონი ევრო მიიღო. ალბათ, ეს არცთუ ბოლო როლს თამაშობს იმაში, რომ თბილისის "დინამოს" ამ კლუბთან დაპირისპირებაში რეალურად წარმატების შანსი არ ჰქონია.
ასეულს რამდენიმე კლუბი ასრულებს, რომელთა შორისაც არის ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი", მათ ამ წლებში ფეხბურთელების გაყიდვით "მხოლოდ" 50-50 მილიონი ევრო მიიღეს.
ტოპ-10
1. ლივერპული 442
2. ვალენსია 432
3. იუვენტუსი 415
4. ბენფიკა 414
5. პორტუ 382
6. ატლეტიკო 377
7. ტოტენჰემი 369
8. რომა 367
9. რეალი 361
10. ჩელსი 358
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"