გიორგი ნემსაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ შპორტალლ.გე-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ნემსაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს უსახსოვრებს. მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "თქვენი აზრით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, უნდა თამაშობდნენ თუ არა იდენტური ტაქტიკით?"

მკითხველი:
- გამარჯობა. პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებთ ნაკრებთან ერთად. გიორგი, თვლით თუ არა, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თქვენ ხართ საუკეთესო კაპიტანი და მაინტერესებს, რას გრძნობდით და რას განიცდიდით იმ დროს, როდესაც ნაკრებს კაპიტნობდით?
- არა,
თავს საუკეთესო კაპიტნად არ მივიჩნევ. იმ გუნდში, რომელსაც ვკაპიტნობდი, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული და სხვა ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებიც ლიდერული თვისებებით გამოირჩეოდნენ.

ჩემამდე ნაკრებს კახა ცხადაძე კაპიტნობდა და ამ პასუხისმგებლობას თავს კარგად ართმევდა. მერე ისე მოხდა, რომ კახა აღარ იყო ნაკრებში და ვლადიმერ გუცაევმაც მე მანდო კაპიტნის სამკლაური.

ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გუნდთან სიტყვა უნდა გეთქმოდეს და როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა უნდა გამოირჩეოდე, მაგალითი უნდა იყო შენი ბრძოლისუნარიანობით, უნდა ათვითცნობიერებდე თუ რა მაისური გაცვია და რა საქმეს ემსახურები... მე ეს ყველაფერი კარგად მქონდა გათვითცნობიერებული და ყოველთვის მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გასვლისას ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა.

მკითხველი:
- ბატონო გიორგი, რას თვლით თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად და შეცვლიდით თუ არა რამეს განვლილი ცხოვრებიდან?
- ბევრ რამეს შევცვლიდი და უპირველეს რიგში, ფეხბურთისადმი მიდგომას. ბევრი რამ დავაკელი, არასაფეხბურთო თვალსაზირისით ბევრი გატაცება მქონდა და ამან ჩემზე უარყოფითად იმოქმედა.

მე რომ შოთა არველაძის და თემურ ქეცბაიასნაირი პროფესიონალი ვყოფილიყავი, მათნაირი მიდგომები მქონოდა, უფრო მეტს მივაღწევდი.

მკითხველი:
- გამარჯობა. თქვენი შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, თვლით თუ არა, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების პრობლემა არის სიზარმაცე?
- ფეხბურთელი მებრძოლი უნდა გახადო. ის პატარაობაში კი სწავლობს რაღაცას თავისით, მაგრამ მწვრთნელთან მუშაობისას დამატებით ცოდნას უნდა იძენდეს. მაგალითად, სულისკვეთებას და დისციპლინას...

ქართველი ფეხბურთელები ამას მოკლებულნი არიან. დღეს ჩვენს ფეხბურთელებს როცა ვუყურებ, ვხედავ, რომ მხოლოდ ის აქვთ, რაც ბავშვობაში ისწავლეს. ეს კი არაა საკმარისი... პრობლემაც სწორედ ესაა.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო გიორგი. თქვენი აზრით, რა არის მიზეზი იმისა, რომ თქვენი თაობისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ძლიერ ევროპულ ლიგებში ვეღარ ხვდება?
- ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი ისაა, რომ ადრე სხვა სისტემა იყო და ჩემი თაობის დროს ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა, ვფინანსდებოდით და მივდიოდით, იქ კი თავს ვიჩენდით და კარგ გუნდებს ჩვენდამი ინტერესი უჩნდებოდა. დღეს ასეთი ტურნირების ნაკლებობაა და ისიც პრობლემაა, რომ ნაკრებში მისვლამდე, მშობლები იხდიან გადასახადს. მშობელი ყოველთვის ვერ იხდის თანხას, საერთაშორისო ტურნირები კი ფეხბურთელის პოპულარიზაციისთვის საჭიროა.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გიორგი. თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იყავით საქართველოს ნაკრების კაპიტანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი, მიუხედავად სერიოზული ფეხბურთელებით შეკრული გუნდისა, წარმატებას ვერ აღწევდით (ვიყავი თქვენი გულშემატკივარი) და როგორც აწ უკვე დიდი გამოცდილების მწვრთნელს, გვითხარით, რა აკლდა მაშინდელ ნაკრებს დიდი მიზნების მისაღწევად? გმადლობთ!
- ფსიქოლოგიურად მოუმზადებელნი ვიყავით. ჩვენი ნაკრები საბჭოთა კავშირის პერიოდის ბიჭებისგან ჩამოყალიბდა და ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მის ფარგლებს გარეთ ვერ გავდიოდით, უცხოური ფეხბურთი არ ვიცოდით... შეკრებებზე ჩვენს ოთახებში ცნობილი ფეხბურთელების პლაკატები გვქონდა გაკრული, შემდეგ კი, როცა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგვიწია თამაშმა, მათ წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, რისთვისაც მზად არ ვიყავით.

ჩვენ ასაკობრივი ნაკრებებიც კი არ გაგვივლია. ვფიქრობ, სწორედ ეს გამოტოვებული ეტაპები დაგვაკლდა შემდეგ: მონაცემები გვქონდა, მაგრამ აბსოლუტურად მოუმზადებელნი ვიყავით.

მკითხველი:
- რა არის თქვენი მიზანი და მისია დაკავებულ პოსტზე, როგორია თქვენი მოლოდინები და, კონკრეტულად, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ ნაკრების განსავითარებლად?
- წელს, თბილისში, ოქტომბერში შესარჩევი ეტაპი ტარდება და მიზანი ამ ჯგუფიდან გასვლაა. იტალია, მონტენეგრო, ლატვია გვყვანან ჯგუფში და ვერავისზე იტყვი, სუსტიაო... უპირველესი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, შემდეგ კი ახალ მიზნებსაც დავისახავთ.

ამ ნაკრებში პერსპექტივას ვხედავ, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი. "მინსკის ტურნირზე" ნაჩვენები შედეგით, ცხადია, უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ის მინუსები უკვე დავინახე, რომლის გამოსწორებაზეც შესარჩევ ციკლამდე უნდა ვიმუშაოთ.

მკითხველი:
- "მინსკის ტურნირზე" ნაკრები ძალიან ცუდად გამოვიდა. რისი ბრალია? გასაგებია, რომ ჩვენზე 1 წლით უფროსები იყვნენ, მაგრამ შეიძლება წარუმატებლობის მიზეზად მხოლოდ ეს ჩაითვალოს? ცალკე მსურს პსჟ-ს ფორვარდ ნიკოლოზ ქუთათელაძეზე გკითხოთ. ამ ბიჭზე ბევრი იწერება, თუმცა ფაქტია, ნაკრებში 3 მატჩში გოლი არ გაუტანია. თქვენ როგორ შეაფასებდით მის თამაშს?
- ყველა ფეხბურთელი უნდა ემსახურებოდეს ნაკრებს და იმ მოთხოვნებს, რასაც ვაყენებ. ფეხბურთის ფედერაციამ მანდო ეს პოსტი და ვიცი, რასაც ვემსახურები. დამიჯერეთ, ასეთ ასაკში არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინ სად თამაშობს. კი, ცხადია კარგია, რომ მაქვს ფუფუნება, ნაკრებში პსჟ-ს ფეხბურთელი მყავდეს, მაგრამ მთავარია, ისიც და სხვაც აქ რას იზამს, როგორ გამოადგება გუნდს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ წუთას ნაკრებში ისინი არიან, ვისაც ეკუთვნით, მათ შორის ქუთათელაძეც.

თამაშის წაგება მწვრთნელს ბრალდება, ამიტომ პასუხისმგებელი პირი მე ვარ და გუნდში ისინი მყავს, ვინც მჭირდება.

ამ ტურნირზე ბევრი მინუსი დავინახე, მაგრამ ვიცი, რა უნდა გავაკეთო ხვალ და ზეგ. ამ ასაკში 1 წელი ბევრს კი ნიშნავს, მაგრამ სანაცვლოდ, ეს ფეხბურთელების ძალებსა და სისწრაფეებზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ ჩვენი ფეხბურთელებისთვის ეს ტურნირი სასარგებლო გამოდგა. გასაგებია, რომ მუდმივად გამარჯვება გვსურს, მაგრამ მე ახლა ჩავიბარე ეს გუნდი და სამუშაო ატმოსფეროთი მაინც კმაყოფილი ვარ...

მკითხველი:
- მაინტერესებს, რამდენად მართებულია და საჭირო ასაკობრივ ნაკრებებში ერთი წლით პატარას თამაში? ხომ არ არის საშიშროება გადაღლის ან ტრავმიანობის, თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავის ასაკშიც უწევთ თამაშები და დატვირთვები.
- წეღანაც ვთქვი, ასაკი ძალასა და სისწრაფეებთან პირდაპირ არის დაკავშირებული და თუ ფეხბურთელი არაა მზად უფროსებთან ითამაშოს, არც ვათამაშებდი. შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ მათ ეს ტურნირი ჩვენს ბიჭებს სასიკეთოდ წაადგებათ.

მკითხველი:
- თქვენი აზრით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, უნდა თამაშობდნენ თუ არა იდენტური ტაქტიკით?
- კი, აუცილებლად. ფედერაციას და მთელ სამწვრთნელო შტაბს მიზნად სწორედ ეს გვაქვს დასახული.

როგორც ვიცი, სპეციალისტები და ფსიქოლოგები მუშაობენ ქართული მენტალიტეტის, ხასიათის დასადგენად, მალე დასკვნას წარადგენენ და ამ მიმართულებას უნდა მივყვეთ. ყველა ქვეყანას თავისი მიმართულება აქვს და მას მიყვებიან. ჩვენთანაც უნდა შეჯამდეს და ითქვას, რომ აი, ასეთი ფეხბურთი გვინდა და ქართული ფეხბურთიც ამაზე აიგოს.

მკითხველი:
- რომელ მწვრთნელთან ერთად ისურვებდით გუნდის გაძღოლას და ნება რომ დაგრთონ, რომელ გუნდს გაწვრთნიდით საქართველოს ნაკრების შემდეგ?
- არ მიფიქრია ამაზე. სფფ-მ დიდი ნდობა გამომიცხადა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. დიდი პასუხისმგებლობა მაბარია, ვიცი, რა გუნდს ვწვრთნი და რას ემსახურება ის.

ეს პირველი ასაკია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობს. ფეხბურთელებს ბიძგი უნდა მივცე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და შემდეგ, უკვე სხვა ასაკობრივ ნაკრებებში უფრო თავდაჯერებულნი იყვნენ.

დღეს ჩემი საქმე ესაა და ამის იქით რა იქნება, არ ვიცი.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში ფასიანი?
- ბევრი საფეხბურთო სკოლა გაიხსნა, მაგრამ თუნდაც კომუნალურ გადასახადებს, მწვრთნელთა ხელფასებს გადახდა ხომ უნდა?! აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ამაზეა მიბმული. სხვა საშუალებები რომ იყოს და ფეხბურთი უფასო იყოს, გაცილებით მეტი ფეხბურთელი გვეყოლებოდა, მასობრიობა ისეთი იქნებოდა, როგორც 80-იან წლებში და ყველა ასაკში კონკურენციაც გაიზრდებოდა, მაგრამ, რა ვქნათ, არსებობისთვის აუცილებელია ეს გადასახადიც...

მკითხველი:
- მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთში პრობლემები მრავლადაა - მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაუმართავი ბავშვთა ფეხბურთის სისტემა, გულშემატკივართა სიმცირე და ა.შ., ერთ-ერთ პრობლემას ასევე წარმოადგენს კვალიფიციურ მწვრთნელთა სიმცირე. რითია გამოწვეული ეს, არის თუ არა შესაძლებელი, რიგითი მოქალაქე დავაინტერესოთ მწვრთნელის პროფესიით და აქვს თუ არა მომავალი საქართველოში სამწვრთნელო საქმიანობას?
- როგორც ფეხბურთელს სჭირდება განვითარება, ისევე მწვრთნელი საჭიროებს ამას. ჩვენი მწვრთნელები კი გადიან ახლა კურსებს, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან ყველაზე დიდ ცოდნას მწვრთნელი პრაქტიკით იძენს. უნდა გავიდეთ სადმე, ვისწავლოთ, დავიხვეწოთ...

მკითხველი:
- თუ შეიძლება გვითხარით, რომელი მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფიას იზიარებთ?
- ყოველთვის შემტევი ფეხბურთი მხიბლავდა. დღეს მომწონს ის ფეხბურთი, რასაც მადრიდის "ატლეტიკო" თამაშობს. დიეგო სიმეონე ასეთი მწვრთნელია: უყურებ "ატლეტიკოს" თამაშებს და გრჩება შთაბეჭდილება, თითქოს დაცვით ფეხბურთს თამაშობს, არადა, რეალურად, შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. ეს შეტევა ყველანაირი დაზღვევით ხდება: იქ, სადაც ბურთია, სიმეონეს გუნდს ყოველთვის რიცხობრივი უპირატესობა აქვს და ამ ფეხბურთს დაცვითს ვერანაირად უწოდებ. ეს შემტევი ფეხბურთია, რომელსაც თავდაცვაც ახლავს. მეც ეს სტილი მომწონს...

მკითხველი:
- რა აზრის ხართ იმაზე, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ წამსვლელ ფეხბურთელთათვის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვროს (21 წლამდე)? ძალიან ცუდ გუნდებში მიდის უმეტესობა და ვერ ვითარდებიან...
- ვერავის განუსაზღვრავ, რომელია ტოპ-კლუბი, რომელი საშუალო დონის გუნდი და ვერც იმას ეტყვი, აი, აქ უნდა წავიდეს, აქ კი - არა. არც უეფა ზღუდავს ამაში. 18 წლიდან დამოუკიდებელი ხდება ადამიანი და თავად წყვეტს, სად უნდა წავიდეს.

ჩვენ რაც შეგვიძლია, ესაა ისეთი ბერკეტების შექმნა, რომ ფეხბურთელები გარკვეულ ხანს აქ რჩებოდნენ. უცხოეთში წასულმა ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა კონკურენციას ვერ გაუძლო და ტრანსფერიდან მხოლოდ ფინანსური მოგება ნახა. ამიტომ, მოდით, აქ შევქმნათ პირობები, აქ განვითარდნენ და მერე ძლიერ კლუბებში წავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული