ამასთან, ლიპარტელიანმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად ლონდონი 2012-ისთვის შექმნილ მის მხარდასაჭერ ორიგინალურ მაისურს, ასევე, მისი საუკეთესო ორთაბრძოლების DVD-დისკებს უსახსოვრებს.
ლიპარტელიანმა ვახტანგ უკლებას კითხვა მოიწონა: "მეჩვენება, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ 90კგ-ში იყო ყველა ტურნირის გამარჯვებული, ვინაიდან ლიდერი ხარ როგორც დგომში, ასევე პარტერში. ხუმრობით ბიჭებმა პარტერის პროფესორიც შეგარქვით. ფიქრობ თუ არა, რომ განსაკუთრებით ფინალურ ბლოკში შენი მარცხის უპირველესი მიზეზი ფსიქოლოგიური მოუმზადებლობაა და თუ ცდილობ
კითხვის ავტორს დეტალებთან დაკავშირებით რედაქცია თავად დაუკავშირდება.
კითხვებზე პასუხის გაცემამდე ლიპარტელიანმა მკითხველებს მადლობა გადაუხადა: "მსურს ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც კითხვა დამისვით, წარმატებები მისურვეთ, ვინც ჩემპიონობა მომილოცეთ - ძალიან ბევრი კეთილი სურვილი იყო... რამდენიმე კითხვა იყო ისეთი, სადაც ჩანს, რომ კარგად იცნობთ ჩემს კარიერას, იცით, როდის რა მაქვს გაკეთებული. მადლობა გვერდში დგომისთვის, ასე ჩახედული რომ ხართ ჩემს კარიერაში, ჩემი თითოეული შეხვედრა იცით და ეს ძალიან მახარებს, დიდ სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში. ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ძალიან დიდი მადლობა!"
მკითხველი:
- რიოში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისას, რასაც გულწრფელად გისურვებს ყველა ქართველი, პოლიტიკაში წასვლას ხომ არ გეგმავ?
- ჯერ ღმერთმა ქნას, ოლიმპიადაზე ყველაფერი კარგად დამთავრდეს. სპორტიდან წასვლაზე ჯერ არ მიფიქრია და, მით უმეტეს - პოლიტიკაში. ჩემი სურვილია, ოლიმპიადის შემდეგაც გავაგრძელო სპორტში მოღვაწეობა, დავრჩე ძიუდოში და კიდევ არაერთი წარმატება მოვუტანო ჩვენს ქვეყანას.
მკითხველი:
- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადო ვარლამ იმ ყველა წუთისთვის, რაც შენი ბრძოლით და გამარჯვებებით მოგვიტანე მე და მთელ საქართველოს. აზიური ძიუდო განსაკუთრებით მოძლიერდა ბოლო პერიოდში (კორეა, იაპონია, მონღოლეთი...). რა შეგვიძლია შევთავაზოთ ქართველებმა და დავუპირისპიროთ აზიელებს ოლიმპიადაზე? რა შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად მათთან დაპირისპირებაში?
- აზიური სპორტის გააქტიურებაზე ყველა საუბრობს. იაპონელები და კორეელები სულ მაღლა იდგნენ, მონღოლებს აქვთ საკმაოდ მომატებული და ვფიქრობ, უპირველეს რიგში, ჩვენი ქართული ჭიდაობის სტილი უნდა დავუპირისპიროთ, ოლიმპიადაზე კი ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი კარგად მობილიზება, სწორი მომზადება და განწყობაა.
კი, არის სიახლეებზე სამუშაო, ყველა სპორტსმენია შესასწავლი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოლიმპიადა ისეთი შეჯიბრებაა, განწყობა და ხასიათი მეტს წყვეტს - ყველა მომზადებული ჩადის. კონკრეტულ მეტოქეებზე ვმუშაობთ და სიურპრიზებს უნდა ელოდონ აზიელები ჩვენგან. ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ყველაზე მაღლა დავდგეთ იქ.
მკითხველი:
- ყველაზე მწარე მარცხი შენს კარიერაში? ამას იმიტომ გეკითხები, რომ მეორედ ოლიმპიადაზე არ დაგემართოს :)
- სპორტსმენისთვის, ზოგადად, ყველა მარცხი მწარეა, განსაკუთრებით კი, ოფიციალურ შეჯიბრებაზე. ყველაზე მწარე მარცხი, რომელიც შემიძლია გავიხსენო, 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალია. მაშინ ტურნირი საქართველოში ტარდებოდა და ჩვენი გულშემატკივრის წინ ფინალში დამარცხება ყველაზე ცუდად მახსოვს. თანაც, ის ჩემთვის პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო დიდებში...
არ მიყვარს მსაჯებისთვის რამის დაბრალება, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაშინ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მეტოქეს გდება იპონით ჩაუთვალა.
რა თქმა უნდა, იყო ლონდონის ოლიმპიადაც, მაგრამ წინა პერიოდში იცით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოგვივიდა მე და ავთოს, ამიტომაც იმდენად აღარ დამწყვეტია გული იქ ცუდ გამოსვლაზე, როგორც 2009 წელს, თბილისში.
მკითხველი:
- მოგესალმები, ვარლამ, გილოცავ მესამე ევროჩემპიონობას. ამ ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომ ტრადიციული ეფექტური გდებების გარდა, პარტერშიც ხშირად ჩაგყავს მეტოქე, რაც უმეტესად შებოჭვით სრულდება. ეს კომპონენტი აშკარად გაუმჯობესებული გაქვს. შენი აზრით, კიდევ რა კომპონენტში გჭირდება მომატება იმისათვის, რომ გაიმარჯვო ოლიმპიადაზე?
- გასაუმჯობესებელია იგივე პარტერში დგომა და ვფიქრობ, რომ არ იქნება ურიგო კიდევ ერთი ილეთის დამატება იგივე მტკივნეულის, მახრჩობელასი... მწვრთნელებთან ერთად ვმუშაობ ამაზე და ოლიმპიადისთვის ვეცდები, ჩემს არსენალს კიდევ ერთი ილეთი შევმატო. სიახლე ყოველთვის აუცილებელია.
მკითხველი:
- გამარჯობა, ვარლამ! როგორც ვიცით, შენი ერთ-ერთი მთავარი პლუსი დაბლა ჭიდში ჭიდაობაა, რაც ნაკლებად ვიხილეთ ყაზანში. ოლიმპიადაზე რამდენად ეცდები ამ პლუსის გამოყენებას?
- ყველა შეხვედრაში პარტერში აქტიური ვიყავი, მაგრამ ხან გამომდიოდა, ხან - არა. ყველა შეჯიბრეაზე ერთნაირად ვერ იასპარეზებ და ერთნაირად ვერ მოიგებ - შეთავსებულობაა საჭირო. თავისთავად, ოლიმპიადაზეც ვეცდები, შეთავსებული ვიყო.
მკითხველი:
- მოგესალმებით, ვარლამ! პირველ რიგში, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული თქვენ მიმართ. ვფიქრობ, რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ ფორმის პიკში ბრძანდებით და მჯერა, ოკეანის გაღმა საქართველოს ჰიმნს ააჟღერებთ. მე ორი კითხვა მაქვს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან: 1) ზოგადად, ოლიმპიადაზე ყველა მეტოქესთან დიდი ბრძოლა და თავგანწირვაა საჭირო, მაგრამ მაინც ვის თვლით ყველაზე უხერხულ მეტოქედ (ვისთან ჭიდაობას არ ისურვებდით ფინალურ ეტაპამდე)? და 2) კარიერის დასრულების შემდეგ აპირებთ თუ არა ძიუდოს უფრო მეტად პოპულარიზაციის და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობას და თუ კი, რა ფორმით?
- პირველ კითხვას რაც შეეხება, ვიტყვი, რომ 8-ში ვინც შედის, ყველა ანგარიშგასაწევი მეტოქეა, თანაც, ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ოლიმპიადაა - იქ შემთხვევით არავინ ხვდება. კონკრეტულად რომ გაგცეთ პასუხი, ალბათ, კორეელი და იაპონელი, იქიდან გამომდინარე, რომ მათთან არასასურველი ბალანსი მქონდა. იგივე დენისოვთანაც... თუმცა ოლიმპიური ჩემპიონობა თუ გსურს, ისეთი მოწინააღმდეგე არ უნდა არსებობდეს, რომლის დამარცხებაც არ შეგიძლია. უბრალოდ, მათ ფინალამდე არ ვისურვებდი.
კარიერის დასრულების შემდგომ პერიოდზე არ მიფიქრია. სადაც არ უნდა ვიყო, ძიუდოს ყოველთვის ვადევნებ თვალყურს. ყოველთვის მსურს მასთან ახლოს ყოფნა და აუცილებლად მოვახმარ ჩემს გამოცდილებას მომავალ ძიუდოისტებს. ჩემთვის ძიუდო ყველაზე ძვირფასი სპორტის სახეობაა, რომლის გარეშეც ცხოვრება გამიჭირდება - მას მივუძღვენი ცხოვრება.
მკითხველი:
- თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნა კეთილი ნება (დაფინანსება), გექნებათ თუ არა სურვილი, შექმნათ თქვენივე სახელობის ძიუდოს სკოლა? ვფიქრობ, რომ თქვენს მაგალითზე ძალიან ბევრი მომავალი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდა ძიუდოისტი გაიზრდება და როდესაც ამ ყველაფერში თქვენ პირადად იქნებით ჩართული, ეს უფრო მეტ წარმატებას მოიტანს.
- არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მიფიქრია, რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, არ არის ცუდი იდეა ეს. თუ სახელმწიფოს ნება იქნება ან ვინმე ნებისმიერი სხვის, მე არ ვარ წინააღმდეგი, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად და ემოციით შევხვდები ამ ყველაფერს.
მკითხველი:
- რატომ აირჩიეთ ძიუდო? რა დაინახეთ ძიუდოში განსაკუთრებული? როგორი ცხოვრებისეული გამოცდილება შეგძინათ მან და თავიდან რომ დაიბადოთ ისევ იმავე გზას აირჩევდით?
- მამაჩემის დამსახურებაა ეს. ის იყო ინიციატორი ჩემი ძიუდოზე შესვლის, ალბათ, იმიტომ, რომ სვანებს ტრადიციაში გვაქვს ეს, არაერთი წარმატებული სპორტსმენი გვყოლია... მეც ამ სპორტის სახეობით დავკავდი და დღეს ამ სპორტში ვარ.
თავიდან რომ დავიბადო, დიახ, ავირჩევდი იმავე გზას იმიტომ, რომ ასე თუ ისე, მივაღწიე წარმატებას, რამაც ხალხის სიყვარული მომიტანა, რომელიც ჩემთვის შეუფასებელი და ყველაზე დიდი ჯილდოა. ამაზე უარის თქმა ყველას გაუჭირდებოდა, არავინ ისურვებდა.
რაგბისა და კალათბურთშიც არიან ქართველები წარმატებულები, ისინიც უყვარს ხალხს, მაგრამ მე, როგორც ძიუდოისტი, ისევ ამ საქმეს ავირჩევდი.
მკითხველი:
- გამარჯობა. ადვილად ითვისებდით ილეთებს?
- ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მთავარმა მწვრთნელმა უნდა გაგცეთ. ჩემს ასაკში ილეთის ათვისება უკვე რთული საქმეა. ილეთების ათვისება 15-16 წლის ასაკში უნდა ხდებოდეს. მე რაც შემიძლია ახლა, მხოლოდ 1-2 ახალი ილეთის ან კორექტირების შეტანაა, მაგრამ მთლიანად ჭიდაობის სტილის შეცვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მკითხველი:
- როგორი შეგრძნებაა, როცა ამდენი თაყვანისმცემელი გყავთ?
- წეღანაც ვთქვი, რომ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც მომიტანა ამ სპორტმა, ქართველი ხალხის სიყვარულია და, თავისთავად, კარგი შეგრძნებაა. ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ეს ყველაფერი.
მკითხველი:
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენც, მოქმედმა მოჭიდავეებმა, იგივე წარმატება განვიცადოთ, რაც თქვენ? ნუ ასე, ზოგადად კი ვიცით, მაგრამ თქვენი გამოცდილებით თუ გვირჩევდით რამეს, მადლობელიც დავრჩებით!
- პირველ რიგში, დაუღალავი შრომა, პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული - ძალით გაკეთებული საქმე, მით უმეტეს, სპორტში, ვერ მოიტანს წარმატებას.
რაც შემეხება მე, ალბათ უფრო მეტის გაკეთებაც შემეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, იმით, რაც დღეს მაქვს, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. ყოველი წარმატება იქვე სრულდება ჩემთვის, ახალი ცხოვრება და ახალი გზა იწყება ტიტულებამდე. ეს მნიშვნელოვანია...
აუცილებელია შეზღუდვებიც - ყველაფერი ერთად არ გამოვა. შეზღუდვებში გართობას, დროის გატარებას ვგულისხმობ... თავის დროზე ყველაფერი საჭიროა, მესმის, მაგრამ უფრო მეტი თავშეკავება და შენი საქმის კეთება მეტ წარმატებას მოგიტანს. შეიძლება ვინმე განსხვავებულად ფიქრობს, მაგრამ მე ასე ვთვლი სწორად.
იყო არაერთი მომენტი, როცა დაბადების დღეზე, ქორწილში, ღამის კლუბში წასვლაზე უარის თქმა მომიწია, ვიცავდი რეჟიმს და ჩემს საქმეს სიყვარულით ვაკეთებდი, მწვრთნელის მითითებები კი ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია.
მკითხველი:
- როგორ ვაკონტროლო ძალა და ტექნიკა ერთდროულად? ეს ორი ისეთი რამაა, რომელს ვენდო? ძალა ტექნიკის გარეშე ან, პირიქით, ვერც წარმომიდგენია, ძიუდო ხომ ისეთი რამეა, არ იცი, როდის დაგიცდება ფეხი და შეიძლება შენს ილეთზეც მოყვე. ამ შემთხვევაში რას გვირჩევდით?
- ეს ყველაფერი თავისით არ მოვა. ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად ყველაფერი უნდა გამოიმუშაო, უნდა მიეჩვიო ორივეს კონტროლს - ცალ-ცალკე აღებული რომ გქონდეს რომელიმე, დადებითი შედეგის მიღწევა გაგიჭირდება, ძიუდოისტისთვის ორივეა საჭირო.
ჭიდაობის დროს არასდროს უნდა იფიქრო ცუდზე, რადგან რაც მეტს ფიქრობ, მეტად ხარ დაძაბული... ამიტომ სჯობს, მის შეცდომაზე იფიქრო, ელოდო, როდის დაუცდება ფეხი და შემდეგ შენ გამოიყენო ეს ყველაფერი. უნდა იყო მზად მისი შეცდომის გამოსაყენებლად, მაგრამ, ამავე დროს, აქტიურობაც აუცილებელია.
ძიუდოში როგორც ძალა, ისევე ტექნიკა ერთმანეთთან შეთავსებით საჭიროა. თუ ორივეს კარგად ფლობ, არ იქნება რთული წარმატების მიღწევა. ძიუდოში ფსიქოლოგის როლიც დიდია.
მკითხველი:
- გამარჯობა, ვარლამ! პირველ რიგში, გილოცავ ევროპის ჩემპიონობას. ძალიან აქტუალური იყო სკანდალი და ზურაბ ზვიადაურის პროტესტი დავით ქევხიშვილის და ძიუდოს ფედერაციის მისამართით, რომ ძიუდოისტებს არ აქვთ შესაბამისი მოსამზადებელი პირობები. შემდეგ ეს მიიჩქმალა. მაინტერესებს, ეს პრობლემა მოგვარდა? და რამდენად ოპტიმალურ ფორმაში ხვდებით ევროპის ჩემპიონატს?
- ალბათ, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. თუ რამდენად მოგვარდა ეს პრობლემა და რამდენად დალაგდა ყველაფერი, ვერ გეტყვით, ზაფხულია ახლა და არ ცივა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...
არ მინდა ამ თემაზე ღიად საუბარი. მაშინაც ვერიდებოდი და კონკრეტულად იმ პრობლემებზე, რაც იყო, ღიად არ მისაუბრია, უბრალოდ, იქ იყო დაფიქსირებული აზრი და გულისტკივილი იმ სპორტსმენების, ვინც უშუალოდ ნაკრებშია ახლა. ზვიადაურს მოგონილი და სიზმარში ნანახი არაფერი უთქვამს.
არ არის საჭირო ახლა ამ ყველაფრის გახსენება და ისევ თავიდან დაწყება...
მკითხველი:
- მოგესალმები, ვარლამ! წარმატებები პირად და სპორტულ კარიერაში. ტატამზე გასვლის წინ რაიმე რიტუალს ხომ არ ასრულებ?
- არაფერს განსაკუთრებულს. ერთადერთი, რაც არის, ისაა, რომ უფალს ყოველთვის ვთხოვ, მომიტანოს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხის გახარებისთვის - ყოველი შეჯიბრების წინ ვაკეთებ ამას. რიტუალი, როგორც ასეთი, არ მაქვს.
მკითხველი:
- ლიპო, შენი პატარა ვაჟკაცის ვიდეომ მთელი ქვეყანა მოიარა. ვუსურვებ მამის ნაკვალევზე სიარულს და შედეგების გაუმჯობესებას. როგორი გრძნობაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების კაპიტნობა? რას გრძნობ, როდესაც უბრალო გულშემატკივარი გხვდება და ავტოგრაფს ან ფოტოს გადაღებას გთხოვს?
- ამაზე საუბარი გამიჭირდება. რთულია გადმოსცე ის ყველაფერი, რასაც გრძნობ და მით უმეტეს, რასაც შეჯიბრების დროს ვიაზრებ, ვფიქრობ. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი ძლიერი გუნდის, ასეთი ბიჭების გვერდში დგომით... პირველ რიგში, ამ ნაკრების წევრობაა ბედნიერება და შემდეგ უკვე - კაპიტნობა!
როგორც კაპიტანი, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ - არც მევალება. ყველა ეს ბიჭი ისეთი სპორტსმენია, კაპიტნის როლი დიდი და გამოსაჩენი არ არის - ყველა მობილიზებული, საქმის პროფესიონალია და ყველა იხარჯება ნაკრების წარმატებისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადულ შეხვედრაში შეიძლება ისე არ დაიხარჯონ, იმხელა ენერგია არ დახარჯონ, როგორიც გუნდურში. შედეგებსაც თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით ამაში.
როგორც გუნდის კაპიტანმა, მსურს ყველა სპორტსმენს უდიდესი მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს გუნდშია ან ვინც თუნდაც ერთხელ მაინც იჭიდავა საქართველოსთვის!
მკითხველი:
- პირველ როგში, გილოცავ ევროპის მესამედ დაპყრობას. მალე ოლიმპიურ ოქროს მოგილოცავ, მჯერა!!! ჩემპიონობა, ოქროს მედლები, დიდება - ეს ძალიან კარგია და ძალიან ლამაზად ჩანს გარედან, მაგრამ ვინ, თუ არა შენ, ყველაზე კარგად იცი, რა ზეადამიანური შრომა, ტრავმები და ოჯახთან თვეობით განშორება უძღვის ამას წინ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაინტერესებს, მიიყვან თუ არა შენს ბიჭებს ძიუდოზე? ამ შემთხვევაში შენი, როგორც მამის აზრი მაინტერესებს :)
- წარმატების მისაღწევად უდიდესი შრომაა საჭირო ყველა სფეროში. თუ რაიმეს მიღწევა გსურს ცხოვრებაში და ვინმეზე მაღლა გინდა იდგე, რაღაც უნდა დათმო. ოჯახთან განშორება, ტრავმები... ძალიან ბევრი რამაა საჭირო, მაგრამ მონდომებული თუ ხარ, შეუძლებელი არაფერია.
შვილს რაც შეეხება, არ მიფიქრია ამაზე, ჯერ პატარები არიან ჩემი ბიჭები. თუ სურვილი ექნებათ, ხელს არასდროს შევუშლი, პირიქით, დავეხმარები, მაგრამ ჩემი ინიციატივით დავაძალო ძიუდოისტობა, გამორიცხულია - ეს შედეგს არასდროს მოიტანს. სურვილის და მონაცემების შემთხვევაში გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას...
მკითხველი:
- გამარჯობა, ვალერი! მაინტერესებს, ვინ/რა არის შენი მოტივატორი ნებისმიერი შეხვედრის წინ, ვის უძღვნი თითოეულ წარმატებას და წარუმატებლობის შემთხვევაში ვინ გიდგას გვერდში? წარმატებებს გისურვებ შენც და მთელ გუნდსაც, გაგვახარეთ ოლიმპიადაზე!
- ჩემი ოჯახი, ჩემი გულშემატკივრები და მთლიანად მთელი ქვეყანა... როცა ჩემი ქვეყნის სახელით გავდივარ, მისი დროშის ქვეშ ვასპარეზობ, იქ არა ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის ინტერესია! ჩვენ, ქართველები, ჩვენი ოჯახის, სამშობლოს სახე ვართ. სწორედ ოჯახს და მთელ ქვეყანას ვუძღვნი გამარჯვებებს.
როცა ვმარცხდები, სულ იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენი ადამიანი დგას ზურგს უკან, რამდენ ადამიანს დავწყვიტე გული მარცხით - ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რასაც შეიძლება სპორტსმენი განიცდიდეს. ბევრი ადამიანი დგას ჩვენ უკან, ბევრი უყურებს ჩვენს შეხვედრებს და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ კეთდება - ქვეყნისთვის კეთდება. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს.
თუ პირადულად და სიღრმისეულად ჩავუღრმავდებით, მაშინ ჩემი ოჯახი, ჩემი პატარები და ყველა ის ადამიანი, ვინც გვერდში მიდგას. მადლობა მათ.
მკითხველი:
- გამარჯობა. მაინტერესებს, თქვენი აზრით, რით განსხვავდება ძიუდო სპორტის სხვა სახეობებისგან?
- ჩემი აზრით, ბევრი რამით განსხვავდება. პირველ რიგში, ურთიერთობებით - ხალხის, სპორტსმენების ერთმანეთთან დამოკიდებულება... როგორც ძიუდოისტი და ძიუდოში ჩახედული ადამიანი ვსაუბრობ, სხვაგან რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ძიუდოში ძალიან თბილი და მეგობრული ოჯახია, ერთმანეთის მეგობრები ვართ - ზოგადად, მსოფლიოშია ასე ეს და არა მხოლოდ საქართველოში.
ძიუდოში ბევრ რამეს სწავლობ. ეს ისეთი სპორტია, სადაც უნდა იყო თავმდაბალი და წესიერი ადამიანი - ასე მასწავლიდნენ ჩემი მწვრთნელები. პატივი უნდა სცე მოწინააღმდეგეს, ადგილს, სადაც ვარჯიშობ... ცხოვრებისეულად ძალიან გამზარდა ძიუდომ.
მკითხველი:
- ვარლამ, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გილოცავ ევროპის ჩემპიონობას (ინდივიდუალურსაც და გუნდურსაც) და, ამავე დროს, მადლობა ჩემი და ქართული ძიუდოს სხვა ბევრი ქომაგის გახარებისთვის. შენს ჭიდაობაში ყოველთვის ჩანს მებრძოლი სული და შეუდრეკელობა. განსაკუთრებით, თუკი ორთაბრძოლის დროს, ასე ვთქვათ, "ანგარიშში აგებ". ამავე დროს, მაინც აუცილებელია ცივსისხლიანობის და გარკვეული დოზით სიფრთხილის შენარჩუნებაც. რამდენად ძნელია და როგორ ახერხებ ამ თვისებების ერთმანეთთან ასე კარგად შეთავსებას ორთაბრძოლისას (ერთი მხრივ, მებრძოლი სულის და შეუპოვრობის და მეორე მხრივ, ემოციის მოთოკვას და სიფრთხილეს)?
- ყველაფერი ერთდროულად უნდა გაგაჩნდეს. ადამიანი შინაგანად უნდა იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, მით უმეტეს მაშინ, როცა მარცხდები, არ უნდა შეეგუო წაგებას - ბოლო წამამდე ბრძოლაა საჭირო და თუ რამდენად გამომდის ეს, ამას გულშემატკივარი შეაფასებს.
ამ ყველაფერს კი ვარჯიში სჭირდება. თუ არ ივარჯიშე, არ იყავი ამისთვის მზად, იქ, იმ კონკრეტულ და საჭირო მომენტში ვერ მოახდენ ძალების რეალიზებას და ვერ გააკეთებ იმას, რაზეც არ გივარჯიშია.
მკითხველი:
- ვარლამ, მაინტერესებს, შენი მზადება ოლიმპიადისთვის როგორ მიმდინარეობს? ემზადები თუ არა თითოეული მოწინააღმდეგისთვის გარკვეული ტაქტიკით? შენი აზრით, რა არის საჭირო, რომ დაამარცხო მთავარი კონკურენტები - კორეელი გვაკი და იაპონელი ბეიკერი?
- გეგმის მიხედვით ვემზადებით. გავდივართ ფიზიკურ, ტაქტიკურ მომზადებას. ამ ეტაპზე უფრო დიდი ყურადღება ფიზიკურ დატვირთვას ეთმობა, მაგრამ პარალელურად, ტექნიკაზეც ვმუშაობთ, ვხვეწთ ილეთებს...
კონკურენტებს რაც შეეხება, ვმუშაობთ მწვრთნელებთან ერთად, ყველა შესწავლილი გვყავს.
მკითხველი:
- გილოცავთ მოპოვებულ გამარჯვებებს. მაინტერესებს, რას ფიქრობთ ქართული ძიუდოს განვითარების პროცესზე, ანუ სწორი გზით თუ მივდივართ? ასევე, რა უნდა გაკეთდეს, რომ იმავე დონეზე გავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატებზე, რა შედეგებსაც ევროპაზე აჩვენებთ?
- კონკრეტულად რაიმე გეგმაზე არ მიფიქრია. სპორტსმენი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი, ვინც ნაკრებში ვართ, ძიუდოს განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ვიტყოდი, რომ ძიუდოს უფრო მეტი პოპულარიზაციაა საჭირო ჩვენს ქვეყანაში, რათა მეტი ადამიანი დაკავდეს ამ სპორტით, მეტს გაუჩნდეს ძიუდოზე სიარულის სურვილი. ეს იქნებოდა ერთ-ერთი სწორი წინ გადადგმული ნაბიჯი - ეს კონკურენციას გაზრდის, მეტ ჩემპიონს გაუზრდის ქვეყანას...
მკითხველი:
- გამარჯობა, ვარლამ! ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ და, ზოგადად, ძიუდოს ფორუმების კომენტარებს თუ ეცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გულშემატკივარი გახლავართ ძიუდოსი. რაც შეეხება კითხვას: მეჩვენება, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ 90 კგ-ში იყო ყველა ტურნირის გამარჯვებული, ვინაიდან ლიდერი ხარ როგორც დგომაში, ასევე პარტერში. ხუმრობით ბიჭებმა პარტერის პროფესორიც შეგარქვით. ფიქრობ თუ არა, რომ განსაკუთრებით ფინალურ ბლოკში შენი მარცხის უპირველესი მიზეზი ფსიქოლოგიური მოუმზადებლობაა და თუ ცდილობ ამ პრობლემის მოგვარებას?
- საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადება და ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე ექიმების დახმარებით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მსურს ზურა კახაბრიშვილს გადავუხადო - ამ კუთხით ის ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურად გვერდში გვიდგას.
არა მარტო მე, არამედ ყველა სპორტსმენმა უნდა იმუშაოს ფსიქოლოგიურ მომენტსა და ფსიქოლოგიურ წნეხზე. დღეს ძიუდო ისეთ დონეზეა, როდესაც მხოლოდ ფიზიკური და ტაქტიკური მომზადებაა არაა საკმარისი. თუ ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად, რთულია წარმატების მიღწევა.
მკითხველი:
- გამარჯობა, ვალერი! მინდა გკითხო, რაშია ქართული ძიუდოს საიდუმლო და გვაქვს თუ არა გენში მუდმივი გამარჯვების წყურვილი?
- ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მებრძოლი სული გენებში გვაქვს. დიდ როლს თამაშობს ქართული ჭიდაობა, რომელიც ტრადიციად მოგვდევს. პატარაობისას არ ვტოვებდი შეჯიბრებებს, ბევრ სოფელში ჩავდიოდი, ვჭიდაობდი, რამაც დიდი როლი ითამაშა შემდგომ კარიერაში. ყველა ქართველ ძიუდოისტს აქვს ქართული ჭიდაობა ნაჭიდავები, ეს კი ეხმარება ყველას.
მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ ევროპის მესამედ მოგებას და მედლის ზედიზედ მერვედ აღებას, ფენომენალური შედეგია. დარწმუნებული ვარ, რომ რიოს ოლიმპიადაზეც ასე გაგვახარებ. თითქმის ყველა შეხვედრა მაქვს შენი მონაწილეობით ნანახი და ვხედავ, რომ ყოველთვის სიახლეზე ხარ ორიენტირებული. ყაზანში ნამდვილად სიახლე იყო სეონაგე. მაინტერესებს, ვის თვლი მთავარ კონკურენტად: გვაკს, ტოშს, ჯარჯის,დენისოვს, თუ გონსალესს? წარმატებებს გისურვებ!
- ოლიმპიადაზე ყველა კონკურენტია. თქვენ ვინც ჩამოთვალეთ, ყველა ანგარიშგასაწევი მეტოქეა, ყველაზე ვმუშაობ, რადგან თუ არ იმუშავე მეტოქეზე, რამე არ დაუპირისპირე, გაგიჭირდება.
მკითხველი:
- ვარლამ, შეგიძლია დამპირდე, ბრაზილიაში ოლიმპიადის ფინალის მოგების შემდეგ ოსურს იცეკვებ პირდაპირ ეთერში? რა თქმა უნდა, ცეკვა სვანურის გადაბმით :)
- ღვთის წყალობით, ჯერ წარმატება იყოს, მაგრამ არა მგონია იქ შევძლო, რადგან ტატამზე მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციის მიერ იკრძალება განსაკუთრებით შენი ემოციების გამოხატვა. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე სპორტსმენს ემოციებისთვის საყვედურიც მისცეს. ტატამს გარეთ შეიძლება, მაგრამ შიგნით ვერ შევძლებ ამას...
მკითხველი:
- გამარჯობა, ლიპო! მიუხედავად იმისა, რომ ძიუდო სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობაა საქართველოში, შენს სიტყვებს მოვიშველიებ: "არ პიარდება". არადა, მსოფლიო დონის სპორტსმენები გვყავს და უძლიერესი ნაკრები. როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო ამისთვის?
- ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. ძიუდო სპორტის წარმატებული სახეობაა ჩვენს ქვეყანაში და არაერთი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. 21-ე საუკუნეში ავთანდილ ჭრიკიშვილის ნაირი სპორტსმენი რომ გეყოლება და მას არ გააპიარებ, მისაბაძ მაგალითად არ გეყოლება, როგორც სპორტსმენი და ადამიანი, დიდი მინუსია იმ სტრუქტურების, ვისაც ევალება ეს. ამიტომ ვიძახი ყოველთვის, რომ მეტია საჭირო ამის გასაკეთებლად, რათა მომავალში უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი გაიზარდოს.
საჭიროა მეტი პიარი, მეტად დაფასებულები იყვნენ სპორტსმენები. ნაკრებში ლაშა შავდათუაშვილის სახით ერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს... ამაზე, როგორც სპორტსმენი, არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ როგორც გუნდის კაპიტანი, თავს ვაძლევ უფლებას, ვთქვა, რომ ბიჭებს მეტი დაფასება, მეტი ყურადღება სჭირდებათ. მათ არ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს უყურადღებოდ ტოვებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ისევე, როგორც მე, მათაც სტკივათ გული ამაზე.
მკითხველი:
- როგორ ემზადებით იმ სპორტსმენთან საჭიდაოდ, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გაქვთ? და თუ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ მეორედ მასთან მარცხის შემთხვევაში სპორტს თავს დაანებებდით?
- ბევრს ვმუშაობ ხოლმე. ვაანალიზებ დაშვებულ შეცდომებს კონკრეტულ შეხვედრებში, მაგრამ თავის დანებებისთვის არასდროს მიფიქრია. ყოველი მარცხი უფრო დიდი სტიმულია ჩემს თავზე სამუშაოდ, სულ ერთი სული მაქვს, კიდევ ერთხელ შევხვდე იმ სპორტსმენს და დავანახო, როგორ გამოვსწორდი, რა ვისწავლე და ა.შ.
მკითხველი:
- მაინტერესებს, როგორ და რის ხარჯზე შეძელი მსგავსი შედეგის მიღწევა? რთული იყო თუ არა წლების მანძილზე კონკურენცია?
- შრომის, ვარჯის, მშობლების და ოჯახის ხელშეწყობით - მარტოს ამხელა შედეგის მიღწევა რთულია. ბავშვობიდან გვერდში მედგნენ მშობლები, სახლში მისულს სულ ნატურალურ წვენს მახვედრებდა დედა; ცდილობდნენ უფრო მეტი კალორიული და სასარგებლო მეჭამა, რომ ამხელა ენერგიის დახარჯულს აღმედგინა ის.
ეს პატარაობისას... როცა წამოვიზარდე და საკუთარი ოჯახი შევქმენი, იმავეს აგრძელებს ჩემი მეუღლეც. ყოველთვის ცდილობს, ჩემი ცხოვრებით იცხოვროს, არასდროს მაგრძნობინებს მოწყენილობას, როცა მის გვერდით არ ვარ - ცდილობს ხელი შემიწყოს, მიბიძგოს ვარჯიშისკენ, რათა პირველ რიგში, ქართველი ხალხი გავახარო!
მკითხველი:
- გამარჯობა, ვალერი! შენი კარიერის განმავლობაში თუ ყოფილა შემთხვევა რომელიმე უცხო ქვეყნის ნაკრების მხრიდან, ასე ვთქვათ, გადაბირების მცდელობა და მოქალაქეობის შემოთავაზება? და თუ ყოფილა, გთხოვ, დაგვისახელე ეს ქვეყნები. ყველა ძალიან ვამაყობთ შენით და ველით შენგან მორიგ დიდ გამარჯვებებს!!!
- ყოფილა, როცა 18-21 წლის ვიყავი, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოთავაზება, მაგრამ მეც და მშობლებიც ყოველთვის წინააღმდეგნი ვიყავით, სადმე წავსულიყავი - საქართველოს სახელით მსურდა გამოსვლა. ამიტომ ყოველ წინადადებას უარით ვისტუმრებდი. მშობლები ჩემში ყოველთვის ჩემი ქვეყნის სიყვარულს ნერგავდნენ და სურვილი არასდროს მქონია, დამეტოვებინა საქართველო სხვა ქვეყნის გამო.
იყო სერიოზული შემოთავაზებებიც, უბრალოდ, დაკონკრეტება არაა საჭირო.
მკითხველი:
- მსაჯებთან ბრძოლის რა ხერხები არსებობს?
- ამისთვის არსებობს იპონი. ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით და სერიოზულადაც - თუ გააკეთებ ისეთ გდებას, რომელზეც მსაჯიც და კომისიის წევრებიც ხმას ვერ ამოიღებენ, ყველა კარგი და გამართლებული ბრძოლის ხერხია მსაჯებთან. არსებობს სხვა მეთოდებიც, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობები, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს, ჩემს კომპეტენციაში არ შედის.
მკითხველი:
- 2005 წელს, თქვენი კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამოსვლიდან, 2016 წელს, სამგზის ევროპის ჩემპიონობამდე, ძალიან ბევრი რამ მოხდა, როგორც ტატამზე, ასევე ტატამს გარეთ. ახლა თქვენ უამრავი ახალგაზრდა ძიუდოისტისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ. რა უნდა გააკეთოს 16 წლის ძიუდოისტმა, რომ გახდეს ვარლამ ლიპარტელიანზე უკეთესი?
- სხვა პასუხებშიც აღვნიშნე, რომ საქმისადმი სიყვარული უნდა გაგაჩნდეს, ვარჯიშზე მისვლისას უნდა გიხაროდეს, რასაც აკეთებ... შემდგომ, სწორი მუშაობა საკუთარ თავზე, სწორად აკეთო, რასაც მწვრთნელი გეტყვის და ყოველდღიური დაუღალავი შრომა - 1-2 საათი ყოველთვის უნდა დაუთმო ამას.
მკითხველი:
- პირველ რიგში, უღრმესი მადლობა თქვენი თავდადებისთვის და იმისათვის, რომ უფლებას გვაძლევთ, ასეთი ამაყები ვიყოთ. ჩემი კითხვა კი ასეთია: ბევრ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების წარმატების უმთავრეს მიზეზად ერთ მუშტად შეკრულობას ასახელებთ. როგორია ლიპოს წარმატების ფორმულა ინდივიდუალურ ასპარეზობასა და პირად ცხოვრებაში? "Lipo+Giu" - რამდენად დიდია ოჯახის როლი დიდ მიღწევებში?
- უდიდესი როლია იმისი, რომ გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული - ერთი ყველასთვის და ყველა - ერთისთვის ვდგავართ არა მარტო გუნდურში, არამედ პირადულშიც. ვარჯიშებზე ერთმანეთს ვამხნევებთ. ყოველთვის იყო კონკურენცია რამდენიმე წონაში, დღესაცაა, მაგრამ არასდროს იგრძნობა ეს - ერთი წამითაც არ ხდება, რომ ვინმემ ვინმეს ხელი შეუშალოს. ამიტომაც ვართ ამ დონეზე, რისთვისაც მწვრთნელთა საბჭოს დიდ მადლობას ვუხდი.
ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და მიხარია ყველა სპორტსმენთან, მწვრთნელთან ურთიერთობა, ასეთი სითბოთი საქმის კეთება კი დიდი ბედნიერებაა. მე კი ოჯახიც მეხმარება ძალიან. ყოველთვის, როცა კიმონოს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ გვერდით არიან და ძალიან მეხმარებიან.