ბუდუ ზივზივაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ზივზივაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. 22 წლის ფორვარდმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "ბუდუ ზივზივაძე წარმოადგენს ფეხბურთში იმ თაობას, რომელზეც ყველა დიდ იმედებს ამყარებდა და კიდევ ამყარებს. თითქოს ნაკრებში თაობათა ცვლაც არის, მაგრამ არ ჩანს ის შედეგი და ის გუნდური მუხტი, რომელიც თქვენს თაობას ჰქონდა... რატომ ხდება ასე ქართულ ფეხბურთში? ნიჭიერი თაობა იზრდება, მაგრამ ეროვნულ ნაკრებს მაინც აკლია მაღალი დონის მოთამაშეები (ვსაუბრობ
ნაკრებზე და არა თქვენი თაობის ფეხბურთელების ცალკეულ გამონათებებზე)"...

მკითხველი:
- ბუდუ, გილოცავ წარმატებულ სეზონს. იცი, რომ დიდველაში შენით ამაყობენ. თუ ახერხებ საახალწლოდ სოფელში ჩასვლას და რას უსურვებ შენს ბაღდათელებს?
- მადლობა მოლოცვისთვის და გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ, საახალწლოდ სოფელში ჩასვლას ვერ მოვახერხებ. ყველა დიდველს მივულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ, 2017 წელი უკეთესი ყოფილიყოს.

მკითხველი:
- როგორც ვიცი, წლების წინ "გურიაში" გადასვლაზე უარი თქვი და მიზეზი რა იყო?
- იყო შანსი, რომ დღევანდელი ბირთვი, რომელიც "სამტრედიაში" ვართ, "გურიაში" მივსულიყავით, თუმცა ისე მოხდა, რომ "სამტრედიაში" მოვხვდით და "გურიაში" აღარ გადავედი. პირადად ჩემი მხრიდან უარი არ ყოფილა.

მკითხველი:
- თავის დროზე, ნაწყენი ხომ არ წამოსულხარ "დინამოდან" და დაუბრუნდები თუ არა ამ კლუბს? გისურვებ წარმატებებს.
- კი, ნაწყენი წამოვედი. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ შანსი, რომელსაც ვიმსახურებდი, არ მომცეს. 4 წლის განმავლობაში, აკადემიიდან დაწყებული, დუბლებითა და პირველი ლიგით დამთავრებული, ყველგან ვთამაშობდი და ბომბარდირიც ვხდებოდი. ამიტომ მგონია, ვიმსახურებდი შანსს. სწორედ ამიტომ დამწყდა გული, რომ პირველ გუნდში ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ მომეცა.

მკითხველი:
- ბუდუ ზივზივაძე წარმოადგენს ფეხბურთში იმ თაობას, რომელზეც ყველა დიდ იმედებს ამყარებდა და კიდევ ამყარებს. თითქოს ნაკრებში თაობათა ცვლაც არის, მაგრამ არ ჩანს ის შედეგი და ის გუნდური მუხტი, რომელიც თქვენს თაობას ჰქონდა... რატომ ხდება ასე ქართულ ფეხბურთში? ნიჭიერი თაობა იზრდება, მაგრამ ეროვნულ ნაკრებს მაინც აკლია მაღალი დონის მოთამაშეები (ვსაუბრობ ნაკრებზე და არა თქვენი თაობის ფეხბურთელების ცალკეულ გამონათებებზე)...
- ეროვნული ნაკრები ასაკობრივებისგან ძალიან განსხვავდება და ამიტომაა, რომ უკვე წლებია შედეგი არ გვაქვს. დღეს ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბუდუ. დღეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს თუ არა ფეხბურთელი, ვინც თქვენთვის მაგალითის მომცემია და ვისი სათამაშო მანერაც მოგწონთ? გმადლობთ.
- დღეს ნამდვილად ვერ გამოვყოფ ასეთ ფეხბურთელს, მაგრამ ადრე, როცა ჩვენთან ჩისკო თამაშობდა, მაგალითის მომცემი სწორედ ის იყო.

ისე კი, ჩვენს ჩემპიონატში ბაჩანა არაბულის სათამაშო მანერა მომწონს. ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბუდუ. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები საქართველოდან არ უნდა მიდიოდნენ და 21-22 წლის ასაკამდე ეროვნულ ჩემპიონატში უნდა თამაშობდნენ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და არის თუ არა საქართველოს ჩემპიონატში პირობები ახალგაზრდა ფეხბურთელების, თუნდაც საშუალო ევროპულ დონეზე განვითარებისთვის?
- პირობები არის, თუმცა არა ისეთი და იმ დონეზე, როგორიც ევროპაშია. თუმცა, თუ ფეხბურთელს გულით სურს და სწამს, ვფიქრობ, განვითარება აქაც შეუძლია.

მკითხველი:
- მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ, იმ ქალაქიდან, სადაც ფეხბურთს აფასებენ და ძალიან უყვართ. შენნაირი ფეხბურთელი ასეთი პოტენციალით არ მახსენდება. საინტერესოა, სად იყო ბუდუ ზივზივაძე აქამდე? რატო არ ვიცოდით მის შესახებ?
- ბუდუ ზივზივაძე იმ 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომელიც 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა შემდეგ, ისევე, როგორც მისი გუნდელები, ბევრს დაავიწყდა და ჩათვალეს, რომ ფეხბურთის თამაში არ შეეძლო.

ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ალბათ თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელები გაგცემენ, რომლებმაც ბუდუ ზივზივაძეს თავის გამოსაჩენად მცირე დრო მისცეს.

მკითხველი:
- არცთუ ისე შორს არის ის დრო, როცა ქართველ ლეგიონერთა რიგებს შეემატები. როგორ ფიქრობ, პირველ რიგში რა უნდა შეცვალო საკუთარ თავში მენტალურად და ფიზიკურად, რომ თავისუფლად შეძლო მომავალ კლუბში ადაპტაცია, სტაბილურად ფორმაში ყოფნა და გოლების გატანა? წარმატებები კარიერაში.
- ცხადია, თავიდან გამიჭირდება ახალ კლუბთან შეგუება და ადაპტაციის გავლა, მაგრამ სადაც არ უნდა ვითამაშო, ვიშრომებ. თითქმის ყველა კომპონენტში მოსამატებელი მაქვს და საკუთარ თავზე აუცილებლად ბევრს ვიმუშავებ.

მკითხველი:
- მოგესალმები. უკვე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა შენ უკრაინაში ან პოლონეთში წახვიდე. დაიწერა ასევე "დინამოს" ინტერესის შესახებ. ხომ არ ფიქრობ, რომ სჯობს 1-2 წელი კიდევ დარჩე საქართველოში და აქ დაამტკიცო შენი შასაძლებლობები, ვიდრე გარისკო და წახვიდე? სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატიდან გაცილებით უკეთესი შედეგით წასულან ფეხბურთელები, მაგრამ რამდენიმეწლიანი უიღბლობის შემდეგ ფორმიდან ამოვარდნილები კვლავ უკან დაბრუნებულან. ნებისმიერ შემთხვევაში ვისურვებდი შენს კარიერულ წინსვლას, რათა შემდგომში ნაკრებსაც გამოადგე...
- დიახ, საუბრები ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ არის, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია. თუ წასვლა გადავწყვიტე, მხოლოდ ისეთ გუნდში წავალ, სადაც სათამაშო დრო მექნება და ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მომეცემა.

არ ვფიქრობ, რომ ვრისკავ. პირიქით, ჩემი კარიერული წინსვლისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მკითხველი:
- იყო დრო, როდესაც "დინამოს" დუბლებში თამაშობდი და საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა მთავარ გუნდში თამაშის საშუალება არ მოგეცა. შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი, რატომ ვერ წარმოაჩინე თავი ისე, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გეთამაშა?
- "დინამოს" მეორე გუნდში ვთამაშობდი, რომელიც პირველ ლიგაში იყო. 21 მატჩში 23 გოლი გავიტანე, ბომბარდირი გავხდი, მაგრამ პირველ გუნდში თამაშის შანსი მაინც არ მომცეს.

მიზეზი? არ ვიცი... ალბათ, ჩემს თავს მეც დავაკელი რამე, მაგრამ რეალური მიზეზი მართლა არ ვიცი, არც უთქვამთ ჩემთვის რამე.

მკითხველი:
- გასულ ზაფხულს გქონდა შანსი, გადასულიყავი "გაბალაში", გუნდში, რომელმაც ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ჩემპიონატის წარმომადგენელი დაამარცხა და გუნდში, რომელიც საბოლოოდ ევროპის ლიგის ჯგუფში თამაშობს. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, როგორც ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას, შენც არ გაგიმართლა და ეს ტრანსფერი ჩაიშალა. როგორ ფიქრობ, "გაბალაში" გადასვლის შემთხვევაში, მოახერხებდი თუ არა ძირითადში ადგილის დამკვიდრებას?
- "გაბალა" რომ ძლიერი გუნდია და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ეს ევროპალიგაზე ზედიზედ ორჯერ გასვლითაც დამტკიცდა.

ადგილის დასამკვიდრებლად ყველაფერს გავაკეთებდი. კი, რთული იქნებოდა, მაგრამ თუ საკუთარი თავის გწამს, მიუღწეველი აღარაფერია.

მკითხველი:
- ხშირად ყოფილა შემთხვევა, ჩვენს ჩემპიონატში წარმატებულად მოთამაშე ფეხბურთელი აუყვანიათ მენეჯერებს ვითომ პირდაპირ კონტრაქტის გასაფორმებლად და საბოლოოდ გამოდიოდა, რომ ისინი ამა თუ იმ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდნენ. ეს ქართველი გულშემატკივრისათვის მეტად მტკივნეული თემაა. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე? კლუბების დასახელებას რა თქმა უნდა არ მოგთხოვ, მაგრამ რა პირობით შეიძლება წახვიდე უცხოეთში და როგორი დონის გუნდში?
- კი, ნამდვილად ბევრი მსგავსი შემთხვევა ყოფილა და რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის ეს მძიმე რამაა - იშვიათად მინახავს სინჯებით აყვანილი ფეხბურთელი.

მე სინჯების წინააღმდეგი ვარ და ყველა, ვინც დამიკავშირდა და სინჯებზე მიმიწვია, უარით გავისტუმრე. მხოლოდ ისეთ გუნდში წავალ, სადაც დრო მექნება და ჩემი დადებითი თვისებების ჩვენებას შევძლებ. ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშით ვერ განვითარდება, მას თამაში სჭირდება.

მკითხველი:
- რა არის შენი უახლოესი მიზანი? რომელ კლუბში ხედავ შენს თავს უახლოეს 2-3 წელიწადში? ან თუნდაც რომელ ჩემპიონატში?
- უახლოესი მიზანი ჩემი კარიერისთვის სწორი ნაბიჯის გადადგმაა. როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მსურს ვითამაშო ძლიერ ჩემპიონატსა და ძლიერ კლუბში, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი გუნდისა და ჩემპიონატისგან ჯერ შორს ვარ.

მკითხველი:
- საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშის შემთხვევაში (რაც ჩემი აზრით გარდაუვალია), ვის ისურვებდით პარტნიორებად (2-3 გვარი) იმისათვის, რომ მეტოქის კარის დალაშქვრა გაგიადვილდეთ?
- თორნიკე ოქრიაშვილსა და ჯანო ანანიძეს.

მკითხველი:
- ბუდუ, თავს რამდენად მზად გრძნობ საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ და შენი აზრით, რატომ არ გიძახებს ნაკრების მწვრთნელი?
- ამ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემ, რადგან ფეხბურთელის გამოძახება-არგამოძახება მწვრთნელის გადასაწყვეტია.

მკითხველი:
- გამარჯობა. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის განათლება და რა უნდა გააკეთო ამისთვის, როდესაც ასეთი რთული გრაფიკი გაქვთ ფეხბურთელებს?
- განათლება აუცილებელია, თუმცა, ჩვენი განრიგიდან გამომდინარე, ეს მართლაც რთულია. თავისუფალ დროს წიგნი უნდა წაიკითხო და ეს გარკვეულ განათლებას შეგძენს.

არ გეცოდინებათ, მაგრამ უმაღლესი განათლება მაქვს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შემიწყო ამაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული