დავით უსტიაშვილის გუნდი ტურნირზე პირველი მოგების მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამებზე არ გაუმართლა და გამარჯვება შვედეთს დარჩა - 66:62.
შვედეთმა ჩვენამდე საკვალიფიკაციო ჯგუფში მასპინძელი ესტონეთი დაამარცხა, ხოლო ბულგარეთთან დაძაბულ ბრძოლაში - 57:61 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც აღნიშნულ გუნდებთან უიმედოდ წააგო, შვედეთს შეუპოვარი ბრძოლა გაუმართა. მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ლიდერი განუწყვეტლივ იცვლებოდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან - მეორე.
პირველი მეოთხედის შემდეგ უსტიაშვილის გუნდი 3 ქულით იგებდა, დიდი შესვენებისთვის
ფრე დაფიქსირდა მესამე პერიოდის ბოლოსაც და ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდებოდა. ასეც მოხდა: ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 3,50 წუთით ადრე ანგარიში კვლავ თანაბარი იყო - 62:62. გადამწყვეტ მომენტში შვედებმა უფრო მეტი სიზუსტე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს.
62:64-ით ჩამორჩენილმა ქართველებმა არაერთი გამთანაბრებელი სროლა ააცილეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ბოლო წუთზე ბურთი შვედებმა მოიპოვეს და მათზე ქართველები დაჯარიმდნენ.
საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე შვედების ფორვარდმა ჯონათან პერსონსმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, სკანდინავიელები 66:62 დააწინაურა და ქართველებს იმედები გადაუწურა. თამაშის უკანასკნელ 7 წამში რევაზ როგავამ ორჯერ ესროლა 3-ქულიანი, მაგრამ...
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო - H ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ახლა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, A დივიზიონში რომ დარჩეს.
საქართველო ესტონეთთან, ჩეხეთსა და უკრაინასთან ერთად მე-17-მე-20 ადგილებს გაინაწილებს. პირველ მატჩში უსტიაშვილის გუნდი უკრაინას შეხვდება, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. მეორე წყვილს კი ჩეხეთი და ესტონეთი შეადგენენ.
ამ წყვილებში გამარჯვებული გუნდები მე-17 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან და გამარჯვებული ელიტარულ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. დანარჩენი 3 გუნდი კი მომავალ სეზონში B დივიზიონში იასპარეზებს.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 16 ივნისი
საქართველო 62:66 შვედეთი
19:16, 16:19, 17:17, 10:14
gbf.ge