საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
მაკედონიურ შტრუმიცეში 18 ივლისს დაიწყო 18 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონში. ელიტაში დასაწინაურებლად 22 ნაკრები ცდის ძალებს. ისინი ოთხ ჯგუფში არიან განთესილნი:

A ჯგუფი. პოლონეთი, უნგრეთი, დანია, ფინეთი, მაკედონია.
B ჯგუფი. ჰოლანდია, ესტონეთი, გერმანია, ნორვეგია, საქართველო, ავსტრია.
C ჯგუფი. ისრაელი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შოტლანდია, შვედეთი, შვეიცარია.
D ჯგუფი. ჩერნოგორია, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ბელორუსი.

როგორც ვხედავთ, საქართველო საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა. 18 ივლისს, პირველ ტურში, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები ესტონელებს დაუპირისპირდნენ.

ბალტიისპირელებმა პირველი წუთებიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და ის საფინალო სასტვენამდე არ
დაუთმიათ.

ქართველმა კალათბურთელებმა ვერაფრით შეძლეს ესტონელთა 210-სანტიმეტრიანი ცენტრის - კარლ კასკის ნეიტრალიზება.

ამ უკანასკნელმა საკუთარ გუნდს 25 წუთში 22 ქულა შესძინა. ყოველივეს მიუხედავად, არავინ იცის, 18 ივლისის მატჩი როგორი ანგარიშით დამთავრდებოდა, ჩვენს ბიჭებს საჯარიმოების ტყორცნისას მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ: საქართველოს ნაკრებმა 19-დან მხოლოდ 5 ცდა გამოიყენა. ცხადია, ასეთი მაჩვენებლით წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია.

თუმცა, ნუ ვიქნებით ზედმეტად კატეგორიულები, რადგან ჩემპიონატზე ეს პირველი შეხვედრა იყო და ეტყობა, ქართველმა კალათბურთელებმა ემოციები ვერ მოთოკეს, რამაც ცუდი სამსახური გაგვიწია - ესტონელებმა პაექრობა 73:57 (18:10, 22:21. 16:11, 17:15) მოიგეს და გათამაშების ცხრილში პირველი ორი ქულა ჩაიწერეს.

საქართველო: ბოლქვაძე (4 ქულა), ლორთქიფანიძე (13), ქიტოშვილი (2), დვალი (2), ტომარაძე (5), რევაზაშვილი, ზაქრაძე (4), პულუზაშვილი (8), ნარჩომაშვილი (4), სანაძე (3), გამრეკლიძე (7), ღურწკაია (5).

B ჯგუფში გერმანიამ ნორვეგია დაამარცხა - 68:57 (12:14, 15:13, 19:17, 22:13), ხოლო ჰოლანდიამ ავსტრიას სძლია - 65:45 (22:3, 11:9, 14:18, 18:15).

19 ივლისს, თბილისის დროით 14.00 საათზე, საქართველოს ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

დანარჩენი შეხვედრების გრაფიკი ასეთია: 20 ივლისი. საქართველო-ავსტრია (18.30),
21 ივლისი. გერმანია-საქართველო (16.15), 22 ივლისი. ნორვეგია-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული