გია კაზანჯიანი: ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლაა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 7 აგვისტოს დილას, 9 საათზე ჩავიდა.

ქართველები სასტუმროში დაბანაკდნენ და 7 აგვისტოს ერთ ვარჯიშს გამართავენ. პირველი მატჩი კი 8 აგვისტოს, ჩეხეთთანაა. სარაევოში დავუკავშირდით ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს...

- კარგად ვიმგზავრეთ. რაც მთავარია, გზაში დიდი ხანი ყოფნამ არ მოგვიწია და თბილისიდან ღამის 4 საათზე წამოსულები, სარაევოში დილის 9 საათზე ვიყავით.

- თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშს არ ესწრებოდა ბილი ალიევი, ხოლო გიორგი ცირეკიძეს ტრავმა აწუხებდა...
- ახლა ორივე მწყობრშია. ალიევს სიცხე
ჰქონდა და გართულებების თავიდან ასაცილებლად თბილისში, გუშინ არ ვავარჯიშეთ. მას სიცხემ გაუარა და დღეს ივარჯიშებს. ცირეკიძეც სრულ მზადყოფნაშია და იმედია, ტრავმის გამო არავინ დაგვაკლდება.

- დღეს ერთი ვარჯიში გაქვთ დაგეგმილი?
- დიახ, ერთხელ ვივარჯიშებთ, ხვალ კი პირველი თამაშია. ჩეხეთს ვხვდებით.

- მეტოქეებზე რამე ინფორმაცია ხომ არ მოიპოვეთ?
- არა, უბრალოდ მეტოქეთა მოთამაშეები ვნახეთ. ყველა გუნდი ერთ სასტუმროში ვართ. სათამაშო დარბაზიც ახლოსაა. რაც შეეხება სავარჯიშო მოედანს, ის 20 წუთის სავალზეა.

- რამდენად ხართ მზად, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოთ?
- ნაკრებმა კარგი მომზადების ციკლი გაიარა. მოგეხსენებათ, 9 საკონტროლო მატჩი გავმართეთ, რაც ნებისმიერი გუნდისთვის სასურველი იქნებოდა.

ამ შეხვედრებში ბიჭებმა ბევრი რამ ნახეს და გამოსცადეს. იმედი მაქვს, ისინი ევროპის ჩემპიონატის მატჩებშიც იტყვიან თავის სიტყვას. წინასწარ შედეგებზე საუბარი არ მინდა. ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლაა და თუ ეს შევძელით, შედეგიც იქნება..

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ბელარუსი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია იქნებიან.

გათამაშების სისტემა ასეთია: თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა და I-VIII ადგილებისთვის იბრძოლებს. ჯგუფში 2-3 ადგილზე გასულები კი ერთმანეთს 9-16 ადგილებს შეეცილებიან.

ჯგუფების აუტსაიდერები კი ტურნირის ბოლო, 17-22 ადგილებს გაინაწილებენ. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, ტურნირის საუკეთესო 3 გუნდი მომავალ წელს ელიტარულ - A დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს კალენდარი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე (თბილისის დრო)

საქართველო - ჩეხეთი 8 აგვისტო, 17:30

უნგრეთი - საქართველო 9 აგვისტო, 18:15

საქართველო - ლუქსემბურგი 10 აგვისტო, 22:00

ბელარუსი - საქართველო 11 აგვისტო, 19:30

ავსტრია - საქართველო 12 აგვისტო, 19:30

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული