ჩვენდა გასახარად, იმ რვა გუნდში საქართველოს ნაკრებიცაა. არადა, გია კაზანჯიანის გუნდი რთული ამოცანის წინაშე იდგა: სტარტზე ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლა სათუო გახდა.
საბედნიეროდ, მომდევნო ორი მატჩი ჩვენებმა მოიგეს, ჯგუფში სხვა ორთაბრძოლებიც ჩვენთვის სასურველი შედეგებით დასრულდა და ბოლო ტურის წინ ისეთი სატურნირო სიტუაცია შეიქმნა, რომ უმაღლესი დივიზიონის საგზურებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსის შენარჩუნება თვით
ნაკლები ანგარიშით მოგება მეტოქის წისქვილზე მიუშვებდა წყალს.
საქართველო-ავსტრია 81:65
15:21, 18:19, 25:11, 23:14
საქართველო: ალიევი, კერესელიძე (1), ქვარაია, გოგალაძე (19), ცქიფურიშვილი (19), აფხაზავა, ლომიძე (8), თვალაბეიშვილი, ცირეკიძე (10), გოგობერიშვილი (20, ისიანი (13), გიორგაძე (9).
ავსტრია: ლინორტნერი (180, კრამერი (17), პოლიაკი (8).
მატჩის პირველი წუთებიდანვე ინიციატივა ავსტრიელებმა იგდეს ხელთ, იმის მიუხედავად, რომ ანგარიში გოგალაძის საჯარიმო ტყორცნით გაიხსნა.
პაექრობის მე-5 წუთისთვის მეტოქე 4 ქულით დაწინაურდა და პირველი ათწუთიანი მონაკვეთი 6 ქულის სხვაობით მოიგო. მე-2 პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველთა მეტოქემ შესვენებამდე მაინც მოახერხა მონაგრის ქულით გაზრდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები სრულიად გარდაქმნილი გამოვიდა სათამაშოდ - მოედანზე ბრძოლისთვის შემართული, მოტივირებული გუნდი იდგა, ბიჭები იერიშს იერიშზე ახორციელებდნენ.
ჩვენებურთა შეტევებს ავსტრიელები უხეში თამაშით პასუხობდნენ. მართალია, ქართველი კალათბურთელები საჯარიმოების რეალიზებისას ისევ ბევრს სცოდავდნენ (ამ შეხვედრაში მათ 37-დან მხოლოდ 20 საჯარიმო გამოიყენეს), მაგრამ მე-3 პერიოდის მე-4 წუთის მიწურულისთვის ცქიფურიშვილისა და ლომიძის ორი ზუსტი ტყორცნის შემდეგ ჩვენებმა წონასწორობა აღადგინეს - 46:46.
მე-5 წუთის დასაწყისში გოგალაძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული, კაზანჯიანის შეგირდები მოედნის სრული ბატონ-პატრონები გახდნენ და მე-3 ათწუთიანი მონაკვეთი 14 ქულით მოიგეს, მატჩში კი 7 ქულით დაწინაურდნენ.
მეოთხე პერიოდიც ქართველი კალათბურთელების კარნახით წარიმართა. ბოლო ორი წუთის განმავლობაში ავსტრიელები შეგნებულად ჯარიმდებოდნენ და ამგვარად აპირებდნენ ბრძოლის ბედის შემობრუნებას, მაგრამ ამ მომენტში გოგალაძემ იყოჩაღა - ორი ორქულიანი ჩააგდო და ოთხი საჯარიმოც უშეცდომოდ ტყორცნა.
საქართველოს ნაკრებმა 81:65 გაიმარჯვა და ჯგუფიდან გავიდა. იგი ჩეხეთთან ერთად (ერთმანეთს მე-2 ეტაპზე აღარ შეხვდებიან) F ჯგუფში მოხვდა, სადაც ბოსნიას და დანიას დაუპირისპირდება.
12 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გია კაზანჯიანის ინტერვიუ, საიდანაც ამონარიდებს შემოგთავაზებთ:
"ავსტრია ჩვენზე გაცილებით ტანმაღალი გუნდია. ეს უპირატესობა თავიდანვე გამოჩნდა და ამიტომაც ჩამოვრჩით.
ჩვეულებრივი თამაშით წარმატებას ვერ მივაღწევდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, მთელ მოედანზე პრესინგი გვეთამაშა.
საკმაოდ ბევრი ბურთი ჩავჭერით როგორც ჩვენს, ისე მეტოქის მოედანზე. ცქიფურიშვილმა 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო...
ვიტალი დღეს იუბილარია და როგორც საკუთარ თავს, ისე მთლიანად გუნდს ძვირფასი საჩუქარი უძღვნა.
ტურნირი საკმაოდ უიღბლოდ დავიწყეთ. ჩეხეთთან მოსაგები მატჩი წავაგეთ. მომდევნო შეხვედრაში უნგრეთთან ამას მსაჯების მიკერძოება თუ შეცდომა დაერთო.
მატჩის ბოლოსწინა წუთზე გიორგი ცირეკიძემ წესების სრული დაცვით ჩააგდო ორქულიანი, თანაც მეტოქე მასზე დაჯარიმდა. ნორვეგიელმა მსაჯმა აშკარა ბურთი არ ჩათვალა... ასე მოგვიგეს უნგრელებმა 4 ქულით - 63:59.
მატჩის შემდეგ მოედანი არ დამიტოვებია, იმ ეპიზოდს ვაპროტესტებდი. მეორე დღეს კომისარმა თქვა, რომ იმ ეპიზოდში მსაჯი შეცდა, თუმცა ეს აღიარება უკვე შეხვედრის შედეგს ვერაფრით შეცვლიდა. ძალიან მიხარია, რომ ბიჭებმა მაინც მოახერხეს ძალების მობილიზება და ჯგუფიდან გასვლა".
13 აგვისტოს კალათბურთელები ისვენებენ.
14 აგვისტო
E ჯგუფი. ფინეთი-ინგლისი, მაკედონია-სლოვენია; F ჯგუფი. ბოსნია-საქართველო, ჩეხეთი-დანია;
15 აგვისტო
E ჯგუფი. ფინეთი-სლოვენია, მაკედონია-ინგლისი; F ჯგუფი. ჩეხეთი-ბოსნია, დანია-საქართველო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"