მესამე მეტოქე ინგლისი იყო, რომელსაც მანამდე ორივე მატჩი - უკრაინასთან და სლოვაკეთთან წაგებული ჰქონდა, თუმცა საქართველოსთან ბრიტანელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და გამარჯვებამდეც ცოტა დააკლდათ.
საქართველოს ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა. იოლი გამარჯვებებით გულდამშვიდებული ჩვენი ნაკრები 2 მარცხის მქონე ინგლისთან სათამაშოდ თავდაჯერებული გავიდა და ცივი შხაპი მიიღო.
კუნძულელებმა პირველი პერიოდი 29:15 მოგვიგეს, რაც გუნდური
ინგლისელები ჩვენს ფარქვეშ კომფორტულად გრძნობდნენ თავს და საშუალო მანძილებიდანაც ზუსტად უტევდნენ. პირველ პერიოდში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა მცირე დანაკლისით კუნძულელებმა დიდ შესვენებამდე მიიტანეს და შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
გასახდელში ქართველებმა მწვრთნელებისგან მკაცრი გაკვეთილი მიიღეს და მოედანზე დაბრუნებულებმა ჩამორჩენის გაბათილებას წარმატებით მიჰყვეს ხელი. ის კი არა, ქართველებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა ხომ მოახერხეს და დაწინაურდნენ კიდეც. ამ საკვანძო ეპიზოდში აღსანიშნავია საბა აკობიას და ლუკა ბულაშვილის შედეგიანობა.
მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე ქართველები 6 ქულით იგებდნენ, თუმცა მეტოქის გარღვევა გაეპარათ და 2 საჯარიმო ტყორცნა მიიღეს - 56:52 გადამწყვეტი პერიოდის წინ.
თამაშის განახლებისთანავე ინგლისელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ქართველებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ. დროული გამოდგა ნიკა ლოლიშვილის 2 სამქულიანი, თუმცა ინგლისელები მაინც არ ტყდებოდნენ და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს - 61:63. აქ ისევ აკობიამ ისახელა თავი, რომელმაც ჯერ ორქულიანი, შემდეგ ჩაჭრა და მას მოყოლილი სამქულიანი მიითვალა.
5 ქულით დაწინაურებულ ქართველებს სამქულიანი ბითაძემაც შეაშველა და მატჩის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე ანგარიში 71:63 გახადა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა. ქართველებმა საბოლოოდ 76:70 მოიგეს და 3 ტურის თავზე დაუმარცხებლები და D ჯგუფის ლიდერები არიან.
ძალიან იშვიათი და ქართველი კალათბურთელისთვის გვარიანად სარეკლამო შემთხვევა დაფიქსირდა ამ შეხვედრაში. ბითაძემ, რომელიც 17 წლისა და 210 სანტიმეტრი სიმაღლისაა, 5 ცდიდან ხუთივე სამქულიანი ჩააგდო, რასაც 15 მოხსნა და 5 დაფარება მოაყოლა და ეფექტურობის შესაშური კოეფიციენტი - 33 ერთეული დააფიქსირა.
16 ქულა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა ამ მატჩის გამარჯვებაში უდიდესი წილის დამდებმა საბა აკობიამ. 10 ქულა და 4 ჩაჭრა მოაგროვა ლუკა ბულაშვილმა.
საქართველოს ნაკრებს 2 მთავარ კონკურენტთან დარჩა სათამაშო. 1-ელ აგვისტოს კაზანჯიანის გუნდი ზედგამოჭრილი დასვენებით ისარგებლებს, ხოლო 2-ში, თბილისის დროით 23:00 საათზე უკრაინას დაუპირისპირდება. ჯგუფის ბოლო მატჩს ქართველები 3 აგვისტოს სლოვაკეთთან გამართავენ. დღეს უკრაინა 13 ქულით აგებდა სლოვაკეთთან, თუმცა საბოლოოდ 78:61 იმარჯვა და ქართველებივით დაუმარცხებელი - მეორე ადგილზეა.
ევროპის U18 ჩემპიონატი. B დივიზიონი. სკოპიე. მაკედონია. 31 ივლისი
საქართველო 76:70 ინგლისი
15:29, 17:15, 24:8, 20:18
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით