სუპერლიგა 2016/17. XXII ტური: დიდი შემოტრიალება

AutoSharing Option
17 და 18 მარტს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XXII ტურის შეხვედრები გაიმართა.

17 მარტი, ქუთაისი
ქუთაისი-კაკტუსი 82:78
19:26, 6:19, 30:21, 27:12
ქუთაისი: ცეკვავა (16ქ, 6მ), ქადარია (2ქ), გ. ბარბაქაძე (12ქ), ცინცაძე (17ქ, 8მ, 7პ), ბექაური (5ქ, 7მ), ბოისა (4ქ), ფაშაევი (11ქ), ბაბუნაშვილი (2ქ), ლომოური (13ქ), ტუბაკი.
კაკტუსი: ჩიკვილაძე (19ქ, 9მ), ჩლაიძე (15ქ, 6მ), ბრიჯმენი (12ქ, 9მ), ბააკაშვილი (7ქ), ფლოვიესი (12ქ, 7მ), უაითი (7ქ), ლოლიშვილი, დ. ლომიძე (6ქ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, მ. ვართანოვი

მოულოდნელი 20 წუთი. საინტერესო და ემოციებით დატვირთული შეხვედრა
გაიმართა ქუთაისში, სადაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისმა" შეუძლებელი შეძლო და 22-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "კაკტუსი" მიმდინარე სეზონში მესამედ დაამარცხა. მატჩი ორი, რადიკალურად განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. საწყის ორ პერიოდში "ქუთაისი" უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა, დაცვაც მოშლილი იყო და შეტევაშიც არაფერი გამოსდიოდა. სტუმრები კი პირიქით, დიდი მონდომებით თამაშობდნენ და ანგარიშს არითმეტიკული პროგრესიით ზრდიდნენ.

თანაბარი საწყისი 7 წუთის შემდეგ კაკტუსელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშშიც აისახა. სტუმართა გუნდიდან განსაკუთრებით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩეოდა, რომლის განეიტრალებაც ქუთაისელებმა ვერაფრით მოახერხეს. კაკტუსელებმა პირველი პერიოდი 26:19 მოიგეს, ხოლო მეორე მეოთხედში კიდევ უფრო დიდი შემართებით ითამაშეს და შესვენებაზე 20-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 45:25. თამაშის განახლებისთანავე ტერიკ ბრიჯმენმა 2-ქულიანი ჩააგდო და მატჩის ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა - 25:47.

შემობრუნება. "კაკტუსი" 22 ქულით დაწინაურდა და მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, მაგრამ "ქუთაისი" დროულად გამოფხიზლდა. ამაში თავისი წვლილი გულშემატკივრებმაც შეიტანეს, რომლებიც დიდი სხვაობით ჩამორჩენის მიუხედავად, საკუთარ გუნდს ენერგიულად ქომაგობდნენ. აკაკი ლომოურსა და ზაურ ფაშაევს სამქულიანი სროლები წაუვიდათ, შედეგიანად უტევდნენ გოგა ცეკვავა და გიორგი ცინცაძეც. შედეგად, მასპინძლებმა მესამე პერიოდი 30:21 მოიგეს და თამაშის შემობრუნების შანსიც გაუჩნდათ.

ქუთაისელები გადამწყვეტ პერიოდში შეუჩერებელნი იყვნენ, სტუმართა ზედიზედ ორი ტექნიკურისა და ცინცაძის "ენდვანის" შემდეგ ანგარიში 60:66 გახდა. ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე მასპინძლების მხარეს იყო, ქუთაისელები ისეთი შემართებით თამაშობდნენ, რომ "კაკტუსი" მათ ვერაფერს უპირისპირებდა. მატჩის დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე, აკაკი ლომოურმა "ქუთაისი" წინ გაიყვანა - 73:72. ამას ცეკვავასა და ცინცაძის ზუსტი შეტევები მოჰყვა და კოტე ტუღუშის გუნდი ბოლო წამებზე 5 ქულით გავიდა წინ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის განმავლობაში რამდენჯერმე გაითიშა ტაბლო. ამ ხარვეზმა გუნდები განსაკუთრებით მატჩის უკანასკნელ წუთზე გააწამა. ტაბლოს გაუმართაობაზე შეხვედრის შემდეგ სტუმართა თავკაცმა არჩილ ჟღენტმაც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის ტექნიკური ხარვეზი, რაც თამაშის განმავლობაში მრავალჯერ დაფიქსირდა, გუნდს ტემპს უგდებდა და ცუდად ისახებოდა კალათბურთელების შემართებაზე:

- ჩვენ, ალბათ, შეგვეძლო ტექნიკური შეფერხებისას დაგვეტოვებინა დარბაზი, მაგრამ ასე არ გავაკეთეთ. ვფიქრობ, ფედერაციამ მსგავს ხარვეზებს ყურადღება უნდა მიაქციოს და გამოასწოროს. სტუმრებმა ბოლო წამებზე კიდევ გაიბრძოლეს, მაგრამ "ქუთაისს" უპირატესობა აღარ დაუთმია და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

გამორჩეული. მასპინძელთაგან 17 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით გიორგი ცინცაძე გამოირჩა. ცინცაძე განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში იყო ნაყოფიერი და საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 16 ქულა ჩააგდო გოგა ცეკვავამ, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 13 ქულაა აკაკი ლომოურის ანგარიშზე. "კაკტუსში" 19 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, 15 ქულა დააგროვა ირაკლი ჩლაიძემ.

17 მარტი, ბათუმი
ბათუმი-მგზავრები 81:78
19:24, 16:20, 23:17, 23:17
ბათუმი: ჯინჭარაძე (21ქ, 7მ), ლეჟავა (10ქ, 8პ, 5მ, 3ჩ), ლ. რევაზაშვილი (9ქ, 5მ), თენიეშვილი (6ქ), კრივცოვი (4ქ), რამიშვილი (3ქ), მაისურაძე, შემოსიუკი (26ქ, 3პ), მ. რევაზაშვილი (2ქ).
მგზავრები: ფხაკაძე (13ქ, 4ჩ), ცირეკიძე (6ქ, 9მ), ლომინაშვილი (6ქ), ტურძელაძე (2ქ), ქავთარაძე, ტეილორი, მერფი (7ქ, 12მ), ალენი (15ქ, 5მ, 3პ), რენსომი (29ქ, 8მ, 3ჩ, 3დ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.

გადამწყვეტი. ბოლოსწინა წუთზე ზღვისპირელები 78:73 დაწინაურდნენ, თუმცა "მგზავრები", რომლებსაც აქამდე "ქუთაისიც" დამარცხებული ჰყავთ და "დინამოც", არ ტყდებოდნენ, ბოლომდე იბრძოლეს. უკანასკნელ წამებზე სტუმრები მეტოქეს ერთი ქულით - 78:79 მიუახლოვდნენ, მაგრამ საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე რამიშვილმა ორი საჯარიმო ჩააგდო და საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 81:79.

ამ მოგებით აჭარლებმა ნახევარფინალში გამსვლელ კვარტეტში მოხვედრის კარგი შანსი შეინარჩუნეს.

სტატისტიკა არ ტყუის. "მგზავრებმა" ბათუმელებზე 11-ით მეტი ორქულიანი ჩააგდეს (24), თუმცა მატჩის ბედი პერიმეტრიდან ტყორცნებმა გადაწყვიტა: მასპინძლებმა 15 სამიანი ჩააგდეს, საკუთარ კალათში კი 4 მიიღეს.

გამორჩეული. ბათუმელმა უკრაინელმა ილია სემოსიუკმა პერიმეტრიდან დიდი თავსატეხი გაუჩინა სტუმრებს - 15-დან 8 სამიანი გამოიყენა და 26 ქულამდე ავიდა. კახა ჯინჭარაძეც ეფექტური იყო - 21 ქულა.

ნამატჩევს
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მწვრთნელი):
- მინდა აღვნიშნო მსაჯების შეცდომა თამაშის მიწურულს. ბოლოს ჯარიმა არ დასტვინეს და გავასაჩივრეთ კიდეც... ვიცოდით, რომ "ბათუმი" გარე ტყორცნებზე გააკეთებდა აქცენტს და შედეგიც სახეზეა - 15 სამქულიანი ჩაგვიგდო.

18 მარტი, თბილისი
ოლიმპი-დინამო 82:84 დ.დ.
18:15, 20:34, 14:13, 21:11, 9:11
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (6მ, 6პ), ბურნეთი (14ქ), როგავა (22ქ, 5მ, 4პ), ბები ბაქრაძე (6ქ, 7მ), მიქელაძე (15ქ, 3პ), კახა ტომარაძე (7ქ, 5მ), მასხულია (8ქ, 5მ), პიჩფორდი (10ქ), შლიცერი.
დინამო: ვონი (8ქ, 9პ, 5მ, 3ჩ), გრძელიძე, ღურწკაია, ლონდარიძე (22ქ, 6მ), ფაცაცია (9ქ, 12მ, 5პ), ჭოჭუა (17ქ, 3ჩ), გ. რევაზაშვილი (2ქ), ბერიშვილი (15ქ, 7მ), გოგოძე (11ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე

გადამწყვეტი. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე "დინამო" 3 ქულით იგებდა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ გაიბრწყინა რეზო როგავამ, ჯერ ორი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო სირენამდე 13 წამით ადრე - ორიანი. ცხადია, ბოლო წუთებზე არც "დინამო" იყო გულხელდაკრეფილი და რეზოს ორქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 73:73.

დამატებითი დრო ლონდარიძე-ვონის ზუსტი ტყორცნებით დაიწყო, რაც ფაცაციამ სამქულიანით დააგვირგვინა და ჩემპიონატის ლიდერებს 8-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა - 81:73.

"ოლიმპმა" ფარ-ხმალი არ დაყარა, მიქელაძის სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (29 წამით ადრე), მაგრამ დინამოელებს გამარჯვება მაინც ვერ წაართვა.

სტატისტიკა არ ტყუის. "ოლიმპმა" 20 შეცდომა დაუშვა, "დინამომ" - 22. თუმცა ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა მეტოქის შეცდომებიდან გაცილებით უკეთესად ისარგებლეს - 27 ქულა ჩააგდეს. მაშინ, როცა "ოლიმპმა" მეტოქის დაკარგვების შედეგად 9 ქულა მოიპოვა.

გამორჩეული. გამარჯვებულებს ილია ლონდარიძემ ულიდერა, "ოლიმპს" კი რეზო როგავა გაუძღვა. ორივემ 22-22 ქულა ჩააგდო.

18 მარტი, რუსთავი
რუსთავი-სოხუმი 88:69
17:15, 24:19, 13:21, 34:14
რუსთავი: ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე, ლი (6ქ, 12პ, 6მ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (23ქ), ათუაშვილი (17ქ, 15მ, 4პ, 2დ), კასერბაუერი (18ქ, 3პ), გუგავა, სპანოლო (12ქ, 11მ, 4პ), ბრიგსი (12ქ, 6მ).
სოხუმი: კვეტენაძე (2ქ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (4ქ), ბოქოლიშვილი (11ქ), ზაქრაძე, ჯგერენაია (5ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (9ქ), ლათანი (14ქ, 5მ), ტიშენკო (17ქ), ზაბირჩენკო (5ქ, 4პ), ვუდსონი (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. "რუსთავისთვის" "სოხუმთან" მატჩი ფასეული იყო, მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში მოხვედრას ინაღდებდა. რაც შეეხება "სოხუმს", მეოთხე ადგილისთვის იბრძვის და ერთადერთი გამარჯვებით უსწრებს მეხუთეადგილოსანს.

სოხუმელები რუსთაველებს მესამე პერიოდის შემდეგ 1 ქულით უგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტ ათწუთეულში სამაგალითოდ ითამაშეს და პერიოდის 34:14 მოგებით 88:69 გაიმარჯვეს.

სტატისტიკა არ ტყუის. რუსთაველებმა ფარქვეშაც უკეთესად ითამაშეს და სტუმრებზე მეტი სამიანიც ჩააგდეს. რამაზ გოგობერიშვილის შეგირდებმა მოხსნებში 45:30 იმარჯვეს, ხოლო რეალიზებულ სამქულიანებში - 9:5.

გამორჩეული. ქულებში საუკეთესო რეზო ჩაჩანიძე იყო (23), მოხსნებში - სერგო ათუაშვილი (15), ხოლო პასებში ჩარლი ლი (12).

ნამატჩევს
ვიტალი ჩერნი ("სოხუმის" მწვრთნელი):
- საწყის სამ პერიოდში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლომდე ვერ მოვახერხეთ ტემპის დაჭერა. მეოთხე პერიოდში მეტოქემ არაერთი შორი სროლა ჩაგვიგდო, რაც გახდა კიდეც მატჩის შედეგის განმსაზღვრელი.

ის, რომ ბოლო პერიოდში გავტყდით, ფსიქოლოგიური სახის პრობლემაზეც მიუთითებს, რაზეც მუშაობა გვმართებს. წინ 5 ტურია და ვეცდებით, პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში ადგილი მოვიპოვოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
დავით კოხრეიძე
ვაჟა სიმონიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საკალათბურთო ჩემპიონატის A ლიგას რატომ არ წყალობთ და აშუქებთ პატივცემულებო???
არადა ძალიან დაძაბული და ნორმალური დონის ტურნირია..
გიგი
18:04 20-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული