სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "ოლიმპის" პრეტენზია

AutoSharing Option
სეზონის დასაწყისში "ოლიმპმა" ბევრი მატჩი წააგო ბოლო წამებზე, ქულებიც უხვად დაკარგა, შესაბამისად, პლეი ოფში გასვლას ვინ ჩივის, ლიგიდან გავარდნის კანდიდატადაც იქცა. თუმცა ნელ-ნელა ოლიმპელები შეთამაშდნენ, ათამაშდნენ და გუშინდელი მოგებით საპლეიოფო შანსებზეც აალაპარაკეს სპეციალისტები.

გადახედეთ სატურნირო ცხრილს: "ოლიმპი" "კაკტუსთან" ქულებში თანაბრადაა, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი (მხოლოდ "ოლიმპსა" და "ქუთაისს" დარჩათ სამ-სამი), არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მეექვსე, მეშვიდე და მერვეადგილოსნებს ("სოხუმს", "ბათუმსა" და "მგზავრებსაც") თამამად შეუძლიათ ტოპ-კვარტეტში მოხვედრის პრეტენზია ჰქონდეთ.
საამისოდ კი, ყველა თუ არა, სამ-სამი მატჩის მოგება მაინც სჭირდებათ.

გადამწყვეტი. "ოლიმპისა" და "ქუთაისის" დაპირისპირების დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 3 ქულა იყო, რის შემდეგაც გივი ბაქრაძისა და რევაზ როგავას 4-4 ქულის წყალობით თბილისელებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს და სირენამდე 2 წუთით ადრე 68:57 დაწინაურდნენ.

დარჩენილ დროში კოტე ტუღუშის შეგირდები ეცადნენ, სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ გამარჯვებას მაინც ვერ გამორჩნენ.

სტატისტიკა არ ტყუის. "ქუთაისმა" მეტოქეზე 11-ით მეტი შეცდომა დაუშვა (26:15). შესაბამისად, ჩაჭრებშიც ოლიმპელებს ჰქონდათ უპირატესობა - 16:9.

ყურადღებას იქცევს ჯარიმების რაოდენობაც: ქუთათურები 26-ჯერ დაჯარიმდნენ, მასპინძლები - 16-ჯერ. "ოლიმპმა" 29-დან 16 საჯარიმო გამოიყენა, "ქუთაისმა" - 14-დან 11.

გამორჩეული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გივი ბაქრაძისთვის ეს იყო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი (5/3 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 6/6 საჯარიმო, 18 ქულა), თუმცა მასთან ერთად ტრე ბურნეთისა და რეზო როგავას შედეგიანობასაც უნდა გავუსვათ ხაზი. პირველმა 17 ქულა ჩააგდო (6-დან 4 სამქულიანი), მეორემ - 23.

სუპერლიგა 2016/17. XXV ტური
5 აპრილი, თბილისი
ოლიმპი-ქუთაისი 77:73
10:19, 17:11, 23:18, 27:25
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (18ქ, 3პ), ბურნეთი (17ქ, 7მ, 5ჩ), ბოლქვაძე, როგავა (23ქ, 4პ), გეგი ბაქრაძე (7ქ, 11მ, 4ჩ), კახა ტომარაძე (1ქ, 5მ), მასხულია, პიჩფორდი (2ქ), შლიცერი (9ქ, 5მ).
ქუთაისი: ცეკვავა (7ქ, 3პ), ფაშაევი (18ქ, 5მ), ბაბუნაშვილი, ქადარია (2ქ, 2დ), ცინცაძე (15ქ, 11მ, 9პ), გ. ბარბაქაძე (11ქ, 3ჩ), ლომოური (12ქ), ტუბაკი (3ქ, 6მ), ბექაური (5ქ, 7მ, 3დ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული