გიორგიოს კეცელიდისი: საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა

AutoSharing Option
საქართველოში არაერთ მწვრთნელს უმუშავია, სამშობლოში დაბრუნებულა და, როგორც წესი, ჩვენგან საინტერესო მოგონებები წაუღია.

ბერძენმა გიორგიოს კეცელიდისმა 2012-13 წლების სეზონში "შსს აკადემიასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად საბერძნეთშია.

გთავაზობთ ინტერვიუს გიორგიოს კეცელიდისთან, რომელშიც გავიგებთ, როგორი შთაბეჭდილებები გაჰყვა მას თბილისიდან.

- საქართველოში გატარებული წლები არასოდეს დამავიწყდება; არც ის ხალხი, ვისაც "შსს აკადემიაში" მუშაობისას შევხვდი, არა მხოლოდ კალათბურთში, არამედ მის მიღმაც. თქვენს ქვეყანაში გატარებულ ორ წელიწადში დავინახე კალათბურთის დიდი სიყვარული, ბევრი შრომა და უამრავი საინტერესო იდეა. საქართველოს ჩემს მეორე
სამშობლოდ მივიჩნევ.

- "შსს აკადემია" ხომ არ გენატრებათ?
- იგი ჩემი შვილივით იყო. დავიწყეთ მინიმუმიდან და მივაღწიეთ საქართველოს ჩემპიონობას. თუმცა მხოლოდ პირველობის მოგება არ იყო ჩვენი მიზანი, ჩამოვაყალიბეთ სტრუქტურა, რომელიც პროფესიონალურ გუნდს უნდა ჰქონდეს. იოლად წარმოიდგენთ, რომ ჩემი ფიქრები კვლავ ჩემს ბავშვთანაა.

- რა შეიძინეთ საქართველოში მუშაობით?
- ბედნიერება, სიამაყე, გამოცდილება, კარგი მეგობრები, დიდებული მოგონებები და ტიტულები.

- საბერძნეთში რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს გაჩემპიონებას?
- პირველობისა და თასის მოგება დამეხმარა, გარკვეული რეკლამა გამეწია საქართველოსთვის. არაერთი ინტერვიუ ჩამომართვეს. ჟურნალისტები, კალათბურთის პარალელურად, მეკითხებიან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. ყველას ვეუბნები: მშვენიერი ქვეყანაა, თბილი ხალხით; რომ საქართველო ყოველწლიურად პროგრესირებს, ბევრია სანახავი და ღირს ჩასვლა. რაც შეეხება კალათბურთს, ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რამდენად მებრძოლი გუნდია საქართველო.

- ჩვენი ნაკრების რამდენი მატჩი ნახეთ?
- ყველა. დისკზე ჩავიწერე განსახილველად და სკაუტინგისთვის. საქმე მოსალოცად გაქვთ. მცირე ხარვეზებიც იყო, მაგრამ მთლიანობაში გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ხორვატიასთან იღბალი თქვენ მხარეს რომ ყოფილიყო, ევრობასკეტის მეორე ეტაპზე ითამაშებდით. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ეროვნული გუნდით ყველა ამაყობს.

- ხარვეზები ახსენეთ. საინტერესოა, ნეიტრალური თვალით ჩვენი გუნდის თამაშში რა დადებითი და უარყოფითი მხარე დაინახეთ?
- იოლია, საკუთარ სავარძელში მოკალათებულმა გააანალიზო გუნდის თამაში. რეალურად, ასეთი დონის ტურნირზე ნაკრების გაძღოლა და მოედანზე გასვლა მეტად რთულია. პოზიტივი: მიუხედავად ორი წამყვანი კალათბურთელის არყოფნისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდური კალათბურთით ბევრ ძლიერ მეტოქეს გაუჩინა თავსატეხი. ნეგატივი: არ იყო სათადარიგოთა სკამი, რომელიც სასტარტოების დაწყებულ საქმეს ისევე განაგრძობდა.

- იგორ კოკოშკოვზე რას ფიქრობთ?
- NBA-ს გამოცდილების მქონე ძლიერი მწვრთნელია. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრებში დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. ამავე დროს, იღბლიანია - მუშაობა მოუწია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თაობასთან, კალათბურთელებთან, რომლებმაც კარიერა NBA-სა და ევროლიგის გუნდებში აიწყვეს.

- საქართველოში თითქმის ორი წელი იმუშავეთ. თუ ხედავთ რესურსს საქართველოს ნაკრებისთვის?
- წინა შეკითხვის თემას განვაგრძობ: დღეს ნაკრებში გამორჩეული თაობაა. რა მოხდება მას მერე, მარკოიშვილი, შერმადინი, ცინცაძე, სანიკიძე და სხვები კარიერას რომ დაასრულებენ? მჯერა, რომ საქართველოში არის არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მომავალში ნაკრებში მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულოს. მაგალითად, ბოქოლიშვილს, როგავას, ლონდარიძეს და კიდევ სხვებს შეუძლიათ არა მხოლოდ მომავლის ნაკრებს, დღევანდელ გუნდსაც დაეხმარონ.

- როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრებში მომავალი სეზონისთვის მწვრთნელი შეიცვლება. რა ტიპის სპეციალისტს გვირჩევდით?
- ფედერაციის წარმომადგენელი არა ვარ, ჩემი საქმე არ არის, ვინ იქნება გუნდში. თუმცა ევროპაში უამრავი მწვრთნელის მუშაობის სტილს ვიცნობ. საქართველოს ევროპული კალათბურთის დიდი მცოდნე სჭირდება, რომელსაც ექნება სურვილი, მომავალ თაობასთან იმუშაოს და შეუდგინოს ერთგვარი გრაფიკი, რომელსაც თითოეული ახალგაზრდა შეასრულებს.

- ადრე თქვით, სიამოვნებით დავთანხმდებოდი საქართველოს ნაკრებში თუნდაც ასისტენტობასო. ახალგაზრდული გუნდიც ახსენეთ...
- კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა. საქართველოც მიყვარს და სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ვეცდები, გამოვადგე. ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ შეკითხვას დავსვამ: შარშან "შსს აკადემიამ" საქართველოს თასი მოიგო და ჩემპიონი გახდა. ამ გუნდიდან რატომ ვერავინ მოხვდა ეროვნულ ნაკრებში? არც მწვრთნელი, არც კალათბურთელი, არც ექიმი...

- თქვენს სამომავლო გეგმებზე რას იტყვით, გაქვთ შეთავაზებები?
- შორეულ მომავალზე გათვლილი მიზნები არ მაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ და მომავალ სამუშაოში ენერგიისა და ცოდნის 100 პროცენტს ჩავდებ. ვისურვებდი, იმაზე ნაკლებისთვის არ მიმეღწიოს, რასაც ლიტვასა და საქართველოში მივაღწიე. ევროპულის გარდა, აზიური შეთავაზებებიც მაქვს, თუმცა ჯერ განხილვის პროცესში ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული