20-წლამდელთა ჩემპიონატი: "ჰიუნდაის" იოლი გამარჯვება

AutoSharing Option
"ჰიუნდაისა" და "რუსთავს" შორის ბრძოლა არ შედგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა ქვემოქართლელებს პირველ მეოთხედში 14:3 მოუგო, რითაც ცხადყო, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გაიმარჯვებდა.

"ჰიუნდაის" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია, თუმცა ვინც ჰყავს, ისინიც საკმარისნი იყვნენ ახალგაზრდა კალათბურთელებით მოთამაშე "რუსთავის" დასამარცხებლად.

ქვემოქართლური გუნდი, ძირითადად, 16-17 წლის კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და მათი მიზანი, როგორც გუნდის ხელმძღვანელები აცხადებენ, ახალგაზრდების განვითარებაა.

მეორე მეოთხედი ჰიუნდაელებმა 25:16 მოიგეს და მატჩის ბედი უკვე დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. საბოლოოდ ჩერქეზიშვილის გუნდმა 69:45 მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება
მოიპოვა.

"ჰიუნდაიში" 25 ქულით საუკეთესო გუგა ძიძიგური გახდა, ხოლო რუსთაველთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ მიაღწია.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ჯაფარიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
"ბიჭები ვერ შეხვდნენ ამ თამაშს მომზადებულები, პირველი 8 წუთი ქულაც არ გვქონდა გაკეთებული. შემდეგ თითქოს გამოვასწორეთ, თუმცა ამხელა სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოვახერხეთ.

"ჰიუნდაიმ" ძალიან კარგად ითამაშა და ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ძლიერი გუნდია, ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი. ჩვენ კი უფრო ახალგაზრდებზე ვმუშაობთ".


ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ("ჰიუნდაის" მთავარი მწვრთნელი):
"ამ ეტაპზე შესუსტებული გუნდი ვართ, რადგან 4 მოთამაშე გვაკლია. გავიმარჯვეთ, თუმცა ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი, შეიძლება ითქვას, ყველა შეხვედრაზე ვვარჯიშობთ და არ ვთამაშობთ. გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ".

წყარო: u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული