სუპერლიგა. XI ტური: "ბათუმმა" დრამატულ ბრძოლაში "შსს-აკადემია" დაამარცხა

AutoSharing Option
ბათუმი - შსს-აკადემია 84:83
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-11 ტურის პირველი შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა, სადაც სათამაშოდ სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი, ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფი "შსს-აკადემია" ჩავიდა და დრამატულ ორთაბრძოლაში - 83:84 დამარცხდა.

არადა, აკადემიელები მესამე მეოთხედის მესამე წუთზე 18 (!) ქულას იგებდნენ. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ბათუმელების შტურმი. მესამე მეოთხედში დარჩენილი ექვსნახევარი წუთი მასპინძლებმა 25:11 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.

ბათუმელთა წინამძღოლი ბიჯეი იანგი გახლდათ, რომელმა მასპინძლებს ჯერ დიდი ჩამორჩენა გააბათილებინა, შემდეგ კი კინაღამ წააგებინა. მატჩის დასრულებამდე 40
წამით ადრე, როცა მასპინძლები 2 ქულით აგებდნენ, ფარქვეშ შეჭრილ ბიჯეი იანგზე მიხეილ ბერიშვილი დაჯარიმდა. მასპიძელთა ამერიკელი ფორვარდი ჯარიმის შემდეგ უხერხულად დაეცა და მის წამოსაყენებლად მისულ ბერიშვილს იანგმა ხელი ჰკრა.

მსაჯების რეაქცია ადეკვატური იყო. იანგს დისკვალიფიკაცია მისცეს და ბათუმელები გადამწყვეტ მომენტში მთავარი ლიდერის გარეშე დარჩნენ. ამერიკელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ნიკა რამიშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 82:82, თუმცა იანგის დისკვალიფიკაციის გამო აკადემიელებს 1 საჯარიმო სროლა ერგოთ და ბექა ჩიკვილაძემ თბილისელები ქულით დააწინაურა.

ბურთი "შსს-აკადემიას" დარჩა, თუმცა უმნიშვნელოვანესი შეტევა გიორგი ცინცაძემ გააცუდა და ქულით ჩამორჩენილი ბათუმელები უკანასკნელ შეტევაზე გადავიდნენ. საფინალო სირენამდე 18 წამი რჩებოდა, ბურთი ირაკლი მიქელაძეს ჰქონდა და როგორც სიტუაციას ეტყობოდა, ბოლომდე გათამაშებას აპირებდა. აკადემიელებიც თავს იცავდნენ და ელოდნენ მასპინძლების გადამწყვეტ შეტევას.

მიქელაძემ დრიბლინგით მეტოქის პერიმეტრს უტრიალა და როცა დრო იწურებოდა და თითქოს მასპინძელთა გამთამაშებელსაც გასაქანი აღარ ჰქონდა, მიქელაძემ შესანიშნავი პასი მიაწოდა ფარქვეშ შესულ კრისტოფერ ფელჩერს, ამ უკანასკნელმა კი საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო - 84:83.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირ იანგს 38 ქულა დაუგროვდა. 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა კრის ფელჩერმა, ხოლო ირაკლი მიქელაძემ ბათუმელებს 13 ქულა მიაშველა.

"შსს-აკადემიაში" 24 ქულით საუკეთესო შედეგი ბექა ჩიკვილაძემ დააფიქსირა, 14 ქულა და ამდენივე მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზეა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა აკადემიელებს 14 ქულა და 6 მოხსნა მიაშველა.

ქუთაისი - სოხუმი 94:82
ტურის მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" 94:82 დამარცხა "სოხუმი". ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. როგორც წესი, სოხუმელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ბოლო მეოთხედში გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყოთ.

გიორგი ჯგერენაიას, ირაკლი ჩლაიძის და მათ თანაგუნდელთა ძალისხმევით დიდი შესვენების შემდეგ 4 ქულით ჩამორჩენილმა სოხუმელებმა მესამე პერიოდი 26:21 მოიგეს და გადამწყვეტ 10-წუთეულს ერთქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. ბოლო პერიოდში მირზა სარალიას და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით ქუთაისელებმა მეტოქე საიმედოდ ჩამოიტოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

"სოხუმმა" ბოლო პერიოდი 13 ქულით წააგო და მიმდინარე სეზონის მე-10 მარცხი განიცადა.

ქუთაისელთაგან საუკეთესო ზაურ ფაშაევმა 23 ქულა და 12 პასი მიითვალა. სლოვენიელმა მირზა სარალიამ 20 ქულა მოაგროვა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. სენეგალელ აბდულაი ნდოეს ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა - 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

მე-11 ტურის დარჩენილი ორი მატჩი 28 თებერვალს, 18:00 სთ-ზე, თბილისსა და რუსთავში დაიწყება. "მგზავრები-არმია" "ოლიმპს" დაუპირისპირდება, "რუსთავი" კი "დინამოს" უმასპინძლებს.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული