სუპერლიგა. ფინალი: "ქუთაისი" სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
ფინალური სერიის პირველი მატჩის საყურებლად ქუთაისის სპორტის სასახლეში იმაზე ორჯერ მეტი გულშემატკივარი მივიდა, ვიდრე ქორქიასა და საკანდელიძის სახელობის დარბაზის ტრიბუნები იტევს. ვინც დრო გამონახა და მატჩის დაწყებამდე 1-2 საათით ადრე შეძლო სპორტის სასახლეში მისვლა, გაუმართლა; აი, ოდნავ მოგვიანებით მისული გულშემატკივრებიდან კი, სამწუხაროდ, ზოგიერთმა საერთოდ ვერ მოახერხა დარბაზში შეღწევა.

"ქუთაისის" ფანებმა ტრიბუნებზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და მატჩის ბოლომდე ენერგიულად გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. მართალია, "ქუთაისმა" საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრას
დაძაბულობა ბოლო წუთამდე არ მოჰკლებია.

ამ სეზონში "ქუთაისი" "დინამოს" უკვე მეხუთედ შეხვდა და ხუთივეჯერ დაამარცხა, მაგრამ მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინაა. ახლა კი თავად მატჩის შესახებ.

დებიუტში გიორგი შარაბიძის შედეგიანი შეტევების შედეგად "დინამო" დაწინაურდა, თუმცა ქუთაისელებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს. განსაკუთრებით, გიგი ბარბაქაძის ნაყოფიერი თამაშია აღსანიშნავი, რომელმაც ორი სამქულიანითა და ერთი ორქულიანით ზედიზედ 8 ქულა მოაგროვა და პირველი პერიოდის მიწურულს "ქუთაისი" 6 ქულით დააწინაურა - 16:10.

მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც მართებდათ, მაგრამ პირიქით კი მოხდა. შესანიშნავად ათამაშდა თბილისელთა ლეგიონერი მაქსიმ კოვაჩევიჩი, რომელმაც ზუსტი სამქულიანი და ორქულიანი სროლებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 16:15.

კოვაჩევიჩმა კიდევ უფრო უკეთ ჩაატარა მეორე მეოთხედი. როგორც კი მასპინძლები დაწინაურდებოდნენ, იგი საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და კვლავ სტუმრები გაჰყავდა წინ. კოვაჩევიჩმა აღნიშნულ ათწუთეულში 3 სამქულიანი ჩააგდო. დიდწილად, სწორედ მისი და შარაბიძის კარგი თამაშის წყალობით დიდ შესვენებაზე "დინამო" 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 35:39. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მომდევნო ორ მეოთხედში ქუთაისელებმა კოვაჩევიჩის განეიტრალება შეძლეს. მას სროლებიც აღარ წაუვიდა და ეს "დინამოს" თამაშსაც დაეტყო.

კოტე ტუღუშის გუნდმა მეორე ტაიმი აღმავლობით დაიწყო. ბექა ბექაურმა და ზაურ ფაშაევმა პერიმეტრიდან ზუსტად ისროლეს. ამას ბექას 2+1 და გიგი ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანიც მოჰყვა. ქუთაისელთა გარჯამ შედეგი გამოიღო - ახლა ისინი დაწინაურდნენ - 47:45.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე. ბოლოს მაინც მასპინძლებმა იძალეს. ბექაურის, მათიაშვილისა და ბოისას ქულებით გადამწყვეტ მეოთხედამდე ისინი 4 ქულით დაწინაურდნენ - 58:54

მეოთხე რაუნდში თბილისელებმა შარაბიძის ორქულიანით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - 62:62, მაგრამ ბექაურმა მეხუთე პერსონალურის მიღებამდე მნიშვნელოვანი ორქულიანის ჩაგდება მოასწრო, რასაც ფაშაევის მეტად საჭირო სამქულიანიც დაემატა - 67:62. ამ ეპიზოდიდან ბოლო წუთებამდე კოტე ტუღუშის შეგირდებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ბექა ბექაური იყო, რომელმაც 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ამასთან, მან 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. 12-12 ქულა დააგროვეს რიჩარდ მათიაშვილმა, გიორგი ბარბაქაძემ და ჯონ ბრიტონმა. ამერიკელმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მისი კარგი გარჯა გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა.

დინამოელთაგან საუკეთესო 17 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი შარაბიძე იყო, 18 ქულა დააგროვა კოვაჩევიჩმა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს კალათბურთელი პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო.

ფინალურ სერიაში დაწინაურებულ "ქუთაისს" "დინამოსთან" დღეს, 18 მაისს, კიდევ ერთი გამოცდა ელის. მატჩი ქუთაისში 16:00 საათზე დაიწყება.

სუპერლიგა. ფინალი
17 მაისი, ქუთაისი
ქუთაისი-დინამო 73:65
16:15, 19:24, 23:15, 15:11
სერია - 1:0
ქუთაისი:
ბოისა (2ქ), ფაშაევი (6ქ, 6მ), ცეკვავა (6ქ), მათიაშვილი (12ქ), ბექაური (17ქ, 10მ, 6პ), ქადარია (4ქ, 6მ), ბრიტონი (12ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (12ქ), მიკულიჩი (2ქ).
დინამო: შარაბიძე (17ქ, 9მ), მაჩალაძე, გოგოძე (11ქ, 6მ), მაკალპი (4ქ), კოვაჩევიჩი (18ქ), მაილსი (4ქ), ბაქრაძე, სანაძე, შვანგირაძე (2ქ), ბერიშვილი (5ქ), ტატუნაშვილი (4ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტბილისის ტელევიზია იგნორს უკეტებს კალატბურტს, და არ ტრანსლირებს ამ პლეოფის კარგ ხილვას.
ანატოლი
09:52 19-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული