შსს აკადემია-ბათუმი 106:84 - საპლეიოფო მატჩისთვის მეტისმეტი

AutoSharing Option
22-ქულიანი სხვაობით დასრულდა სუპერლიგის ნახევარფინალური სერია "შსს-აკადემიასა" და "ბათუმს" შორის. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა აჭარულ გუნდს ყველა მეოთხედი მოუგეს და, საბოლოოდ, 106:84 იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმელებმა აღიარეს, რომ მათ გუნდს დაცვაში ასე ცუდად ამ სეზონში არ უთამაშია. მართლაც, აკადემიელებმა დავით უსტიაშვილის გუნდს 106 ქულა ჩაუგდეს და ეს საპლეიოფო მატჩისთვის მართლაც ბევრია.

აკადემიელებს უპირატესობა ჰქონდათ როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე. თბილისურმა გუნდმა ბათუმელებზე მეტი ბურთი მოხსნა, 5-ით მეტი სამქულიანი ჩააგდო
და 8-ით მეტი ჩაჭრა მიითვალა. დაკარგვები ბათუმელებს 7-ით მეტი ჰქონდათ და ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, საბოლოოდ, დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია.

"შსს-აკადემიაში" 21 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ცინცაძე, 17 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, 15 ჰქონდა ბექა ჩიკვილაძეს, ხოლო ნიკა მეტრეველმა და აკაკი ლომოურმა 14-14 ქულა მოაგროვეს, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

"ბათუმში" 26 ქულით ბიჯეი იანგი გამოირჩა, ნიკ კელოგის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა, ირაკლი მიქელაძემ პირად ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა.

"შსს-აკადემია" ნახევარფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა, მორიგი შეხვედრა კი ხვალ, 14 მაისს, კვლავ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ნამატჩევს:
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
"მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მოლოდინი გვქონდა, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა, იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

ძალიან დაძაბული და ნერვიული თამაში გადავიტანეთ გუშინწინ "სოხუმის" წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ბიჭებმა მოახერხეს მობილიზება, ძალების აღდგენა და მოედანზე მომზადებულები გავედით.

დავამარცხეთ საკმაოდ ძლიერი მეტოქე, "ბათუმი" სერიოზული გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით ფინალისკენ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ხვალ უფრო მეტად დაძაბულ შეხვედრას ველოდებით და ვეცდებით, მომზადებულები ვიყოთ".

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
"რა თქმა უნდა, ველოდებოდით რთულ თამაშს. "შსს აკადემია" საკმაოდ ძლიერი გუნდია. დღეს, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში წავაგეთ. 106 ქულა, მგონი, არასდროს მიგვიღია. ეს ჩვენი ბრალიცაა და მეტოქის ძალიან კარგი თამაშისაც.

ვეცდებით, ხვალ უფრო საინტერესო და კარგი თამაში ვაჩვენოთ, პირველ რიგში კი, დაცვაში შეცდომები გამოვასწოროთ.

ავთანდილ ელიაშვილი ("ბათუმი"):
"პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას, ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ კი ასე ცუდად დაცვაში აქამდე არ გვითამაშია.

შევეცდებით, შემდეგ თამაშებში ეს შეცდომები და ხარვეზები გამოვასწოროთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული