ქუთაისი-სოხუმი 72:93 - შთამბეჭდავი რევანში

AutoSharing Option
მეორე ტურში საკუთარ კედლებში განცდილი მარცხისთვის "სოხუმმა" "ქუთაისთან" სრულფასოვანი რევანში აიღო. ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი სწრაფი და კომბინაციური თამაშის წყალობით დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ სოხუმელებმა მთელი მატჩი მაღალ ტემპში ჩაატარეს და მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს.

სტუმრებს თავიდანვე ყველაფერი გამოსდიოდათ, საშუალო დისტანციიდან კარგად უტევდნენ მეთიუ გლოვერი და ფილიპ მილერი, პროდუქტიულები იყვნენ შეტევაში ლევან ფაცაცია და სერგო ათუაშვილიც. გუნდური თამაშის წყალობით სოხუმელები 13 ქულით დაწინაურდნენ - 23:10.

ამის შემდეგ თამაშში კარგად ჩაერთვნენ ქუთაისელთა სათადარიგოები. თემურ
ბაბუნაშვილის, ვახტანგ ქადარიასა და გიგი ბარბაქაძის აქტიურობის შედეგად, რომლებიც პერიმეტრიდან კარგად ისროდნენ, მასპინძლებმა პირველი პერიოდის ბოლოს სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს - 23:30, მეორე მეოთხედის შუაში კი მეტოქეს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ - 35:38.

კომბინაციური თამაშისა და სწრაფი შეტევების შედეგად "სოხუმმა" უპირატესობა ისევ მოიპოვა. ამ პერიოდში სტუმართა რიგებში საუკეთესოები გიორგი ჯგერენაია, გივი ბაქრაძე და ფილიპ მილერი იყვნენ, რომელთა შეჩერებასაც ქუთაისელები ვერ ახერხებდნენ. შედეგად, დიდ შესვენებაზე "სოხუმი" 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 50:40.

მესამე მეოთხედის დასაწყისში სტუმრებმა სხვაობა კიდევ გაზარდეს, "ქუთაისმა" მდგომარეობა გიგი ბარბაქაძის ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანით გამოასწორა.

თუმცა "სოხუმი" ისევ ტემპის დაუგდებლად უტევდა, მასპინძლებმა ვერა და ვერ მოახერხეს ჯგერენაიასა და მილერის შეჩერება, მაგრამ ბოლოს, ანატოლი ბოისას დროული სამქულიანით გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს - 57:66.

ბოლო მეოთხედი ძალიან დაძაბული გამოდგა, მდგომარეობა მცირედით ბრიტონისა და ფაცაციას შეკამათებამაც გაამწვავა, თუმცა "დინამოსთან" მატჩში მომხდარი ფაქტისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი მალევე და მშვიდობიანად დასრულდა.

მოედანზე კი ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა, გოგა ცეკვავას ზუსტი სამქულიანით სხვაობა 5 ქულამდე დავიდა, მაგრამ გულხელდაკრეფილნი სტუმრებიც არ ყოფილან, ისინი უპირატესობის ხელიდან გაშვებას არ აპირებდნენ. ბაქრაძემ და გლოვერმა დროული ქულები მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო წუთებზე "სოხუმმა" უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცა და საბოლოოდ ძლიერი მეტოქე 21 ქულის სხვაობით დაამარცხა - 93:72.

16 ქულითა და 12 მოხსნით სოხუმელთა რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ჯგერენაიამ. ყველაზე შედეგიანი კი ფილიპ მილერი იყო, რომელმაც ქულათა უმეტესობა მეორე ტაიმში მოაგროვა და საკუთარ გუნდს 24 ქულით შეეწია.

ქუთაისელთაგან 13-13 ქულა ჩააგდეს რიჩარდ მათიაშვილმა და გიგი ბარბაქაძემ.

სუპერლიგა 2015-16. IX ტური
8 დეკემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-სოხუმი 72:93
23:30, 17:20, 17:16, 15:27
ქუთაისი: ფაშაევი (6ქ, 5მ), ცეკვავა (8ქ, 6მ, 9პ), ბოისა (6ქ, 5მ, 9პ), ბექაური, მათიაშვილი (13ქ), ბაბუნაშვილი (8ქ), ქადარია (8ქ, 5მ), დ. ბარბაქაძე, გ. ბარბაქაძე (13ქ), ბრიტონი (7ქ).
სოხუმი: მილერი (24ქ, 5პ), გლოვერი (12ქ, 9მ, 6პ), ფაცაცია (17ქ, 7მ), ათუაშვილი (7ქ, 5მ, 6პ), ბაქრაძე (15ქ), ალხანაიძე, კვეტენაძე, ჯგერენაია (16ქ, 12მ), დვალიშვილი (2ქ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული