20.12. ქუთაისი. სპორტის სასახლე
ქუთაისი-ბათუმი 80:77
29:27, 24:20, 10:10, 17:20
ქუთაისი: ბოისა (15ქ, 7მ), ცეკვავა (8ქ), ცინცაძე (24ქ, 7მ, 7პ), ქადარია (4ქ), ბექაური (11ქ, 7მ), ფაშაევი (5ქ, 7პ), გ. ბარბაქაძე, ლომოური (2ქ), ტუბაკი (11ქ, 10მ)
ბათუმი: ლეჟავა (11ქ), კრივცოვი, რამიშვილი (7ქ), შემოსიუკი (14ქ), ფელჩერი (18ქ, 14მ), ჯინჭარაძე (19ქ), თენეიშვილი (3ქ), ელიაძე, მაისურაძე (5ქ), რევაზაშვილი
გადამწყვეტი. მე-12 ტურის ბოლო შეხვედრაში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისმა" "ბათუმს" უმასპინძლა. მატჩი საინტერესო და ძალზე დაძაბული
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჯერ ქუთაისელები გავიდნენ წინ, შემდეგ სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მცირე ხნით, ანატოლი ბოისას, გიორგი ცინცაძისა და ზაურ ფაშაევის ზუსტი სამქულიანი სროლებით "ქუთაისმა" 9:0 გაქცევა მოაწყო და პირველი პერიოდი 29:27 მოიგო.
ამის შემდეგ მასპინძლები 10 ქულითაც დაწინაურდნენ (42:32), მაგრამ დავით უსტიაშვილის შეგირდებმა სხვაობა რამდენჯერმე შეამცირეს. ბოლო პერიოდი ქუთაისელებმა აღმავლობით დაიწყეს, ცინცაძისა და ტუბაკის კარგი თამაშის წყალობით ისევ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 69:59. თუმცა "ბათუმი" არც ამჯერად დანებდა, მაისურაძემ, ჯინჭარაძემ, ფელჩერმა და ლეჟავამ მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს - 70:71;
ბექაურის დროული ორქულიანი სროლის შემდეგ ლეჟავამ ტექნიკური ჯარიმა მიიღო და გადამწყვეტი სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა. ცინცაძემ სამივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და "ქუთაისი" 6 ქულით დააწინაურა - 76:70.
როგორც ასეთ შეხვედრებში ხდება, ბოლო წუთი შეგნებულად აღებული ჯარიმების გამო გაიწელა, ბათუმელები ბოლომდე იბრძოდნენ, ბოლოს შემოსიუკმა პერიმეტრიდან ზუსტი სროლით 3 ქულამდე დაიყვანა სხვაობა - 80:77, თუმცა მსაჯის სირენაც მალევე გაისმა. "ქუთაისმა" ტრადიციულად გამარჯვება ფანკლუბის ტრიბუნასთან იზეიმა.
სტატისტიკა არ ტყუის. საინტერესოა, რომ "ბათუმმა" მასპინძლებზე მეტი ორქულიანი ჩააგდო, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლით ამ კომპონენტში უპირატესობა "ქუთაისის" მხარესაა. მასპინძლებმა 34 სროლიდან კალათში 21-ჯერ მოათავსეს ბურთი (61.8%), მაშინ, როცა მათმა მეტოქემ 52 მცდელობიდან 23 გამოიყენა.
სამქულიან სროლებში უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ, 8-7-ის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ქუთაისელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ საჯარიმო სროლებში. მათ 22-დან 17 საჯარიმო გამოიყენეს, მაშინ, როცა ბათუმელებმა მხოლოდ 7 საჯარიმო ჩააგდეს (12 სროლიდან).
"ქუთაისმა" მოხსნებშიც აჯობა მეტოქეს (40-36), რაშიც დიდი წვლილი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ სერბ ლეგიონერს, დრაგან ტუბაკს მიუძღვის, რომელმაც 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
საუკეთესო. რამდენიმე შეხვედრაა, გიორგი ცინცაძე საუკეთესო მოთამაშის ტიტულს არავის უთმობს. "ბუ" გუშინაც ნაყოფიერად გაისარჯა და 24 ქულასთან ერთად 7 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა.
ქუთაისელთაგან უნდა გამოვარჩიოთ ანატოლი ბოისას კარგი თამაშიც. დრაგან ტუბაკზე ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცა უნდა დავამატოთ, რომ მან და ცინცაძემ რამდენიმე შესანიშნავი ეპიზოდი შემოგვთავაზეს, როცა გიორგის გადაცემის შემდეგ სერბმა ისე ჩატენა ბურთი, რომ ლამის ფარი მოგლიჯა.
ბათუმელთა შორის ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯინჭარაძემ ჩააგდო. 18 ქულითა და 14 ქულით ორმაგი დუბლი შეასრულა ფელჩერმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"