ევრობასკეტი 2017: საქართველოს ნაკრებს თელ-ავივში იდეალური პირობები ექნება

AutoSharing Option
ფოტოზე: თელ-ავივ არენა 8 800 მაყურებელს იტევს
ახლახან ისრაელიდან დაბრუნდა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე, რომელიც ჯგუფის სხვა გუნდების წარმომადგენლებთან ერთად ევრობასკეტის ორგანიზატორების მიწვევით თელ-ავივში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ისრაელში ჩაატარებს. მისი მეტოქეები იქნებიან მასპინძლები, ლიტველები, იტალიელები, გერმანელები და უკრაინელები. ჯგუფური ეტაპი 31 აგვისტოს დაიწყება და 6 სექტემბერს დასრულდება. პლეი ოფში გასული ოთხი გუნდი სტამბოლში განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

Sportall.Ge
ფოტოზე: "ჰაპოელის" დარბაზი, აქ ივარჯიშებს ჩვენი გუნდი

ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს, სად, რა
პირობებში მოუწევს ჩვენს ეროვნულ გუნდს მოღვაწეობა. ამიტომ თელავივურ ამბებზე პაატა ლობჟანიძეს გავესაუბრეთ.

- ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, ადგილზე გავცნობოდით დარბაზებსა და სასტუმროს, სადაც ნაკრებს მოუწევს ვარჯიში, თამაში და ცხოვრება. ორგანიზატორებმა ჯგუფის ყველა მონაწილე მიიწვიეს და ყველას ერთად გაგვაცნეს პირობები.

- ნაკრები ისრაელში როდის ჩავა და რომელ სასტუმროში დაბინავდება?
- საბერძნეთში 23-25 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირი, "აკროპოლისის თასი" გველის, რის შემდეგაც გუნდი ვარჯიშს ათენშივე განაგრძობს, ხოლო თელ-ავივში 29 აგვისტოს გადაფრინდება.

ნაკრები დაბინავდება სასტუმრო "ჰილტონში". სერიოზული სასტუმროა, დაგვათვალიერებინეს შეხვედრების ოთახები, გაგვაცნეს კვება. წუნს ვერაფერში დაუდებ. ექვსივე ნაკრები ამ სასტუმროში დაბინავდება.

Sportall.Ge
ფოტოზე: უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ევგენი მურზინი, პაატა ლობჟანიძე და ლიტვის ნაკრების მენეჯერი ჟიდრუნას ველიჩნიტასი

- სასტუმროდან სათამაშო არენა რა მანძილზეა?

- გვითხრეს, ყველა ნაკრები ესკორტის თანხლებით ივლისო. გზები საგანგებოდ გაიწმინდება. ასეთ სიტუაციაში კი სასტუმროდან დარბაზამდე 15-20 წუთი დაგჭირდებათო. გადატვირთული მოძრაობის პირობებში კი - 40 წუთი.

- ვარჯიშები რომელ დარბაზში ჩატარდება?
- "ჰაპოელის" თანამედროვე არენაზე, რომელიც ორი წლის აშენებულია. ძალიან მომეწონა, მშვენიერი დარბაზია.

ევრობასკეტის მატჩები "მაკაბის" არენაზე გაიმართება, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ცხადია, ისიც დეტალურად დაგვათვალიერებინეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: მთავარი დარბაზის გასახდელი

- ასე რომ, ისრაელიდან კმაყოფილი დაბრუნდით...
- მინდა კიდევ ერთ ნიუანსზე გავამახვილო ყურადღება: საორგანიზაციო კომიტეტი 100 პროცენტით მზადაა, გუნდებს შეუსრულოს ყველა მოთხოვნა, რაც ექნებათ. ამასთან, ისრაელის ნაკრებსაც არ აყენებენ პრიორიტეტულ მდგომარეობაში.

ამის მაგალითად თუნდაც ის გამოდგება, რომ მასპინძელი ნაკრების მატჩების დაწყების დრო საგანგებოდ არ შეურჩევიათ, როგორც ეს წინა ევრობასკეტის შემთხვევაში ხდებოდა. მაგალითად, 2015 წელს მასპინძელი ხორვატიის მატჩები ყოველთვის დღის ბოლოს იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზე პროფესიონალები :D
bumbo
10:10 30-03-2017
0
მეტი ინფორმაციები კალათბურთზე, მეტი სტატიები და ყურადღება.
tazo
17:17 28-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული