"საქართველოში ქუჩაში დგომის ნაცვლად, სჯობს, კალათბურთის თამაშით დაკავდნენ"

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის MVP-ად დასახელების კანდიდატია. ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის - ესპანური "ბასკონიას" ერთ-ერთი ლიდერია.

სეზონის დასრულების შემდეგ შენგელიას სანაკრებო ბატალიები ეწყება. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში ელოდებიან და მისგან, როგორც ერთ-ერთი ლიდერისგან, საკმაოდ ბევრსაც ელიან.

საკმაოდ დიდია საერთაშორისო მედიის ყურადღება ქართველი ფორვარდის მიმართ. შენგელიათი დაინტერესდა ფიბას ოფიციალური ვებგვერდიც, რომელმაც საქართველოს ნაკრების წამყვან მოთამაშეს საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

გთავაზობთ აღნიშნული სტატიის თარგმანს:

"თორნიკე შენგელიას აზრით, საქართველოს ნაკრებმა ევროპულ კალათბურთში თავის დამკვიდრება უკვე მოახერხა, ახლა კი, ევრობასკეტ 2017-ზე მორიგი ნაბიჯის
გადადგმის დროა, რაც ქართველ ბავშვებში მორიგ საკალათბურთო ბუმს გამოიწვევს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა, თანაც, გასულ ზაფხულს ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

"ევრობასკეტზე შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულის რანგში გასვლა იოლი ნამდვილად არაა", - ამბობს შენგელია, რომელიც ხსენებულ ციკლში ქულებსა (საშუალოდ 17.2) და მოხსნებში (8.0) გუნდის ლიდერი გახლდათ, საქართველომ კი 6-დან მხოლოდ 1 მატჩი წააგო ჩერნოგორიასთან.

"ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენია, ფინალურ ეტაპზე მიჯრით მეოთხედ თამაში უბრალო საქმე არა გახლავთ. ეს ქართველი ბავშვებისთვისაც კარგი მაგალითის მიმცემია. ჩვენ მათ გზას ვაჩვენებთ. ქუჩაში დგომისა და უსაქმურობის ნაცვლად, სჯობს, კალათბურთის თამაშით დაკავდნენ".

შენგელია ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მესამედ ითამაშებს, მის ნაკრებს კი ასპარეზობა თელ-ავივში მოუწევს, სადაც B ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ისრაელი, გერმანია, იტალია, ლიტვა და უკრაინა ეყოლება.

"ნამდვილად რთული ჯგუფია, თუმცა, მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. თუკი სასურველი შემადგენლობა შევკრიბეთ, მეტოქეობის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია", - აცხადებს ქართველი მძიმე ფორვარდი.

2011 წელს, გუნდისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა კალათბურთელებმა ბელგიას და უკრაინას სძლიეს და მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გააღწიეს. 2 წლის თავზე, სლოვენიაში, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პოლონეთს მოუგო, დანარჩენი 4 მატჩი კი დათმო და ასპარეზობა საწყის ეტაპზევე დაასრულა.

ევრობასკეტ-2015-ზე, ზაგრებში, ქართველებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში მაკედონიასა და მასპინძელ ხორვატიას მოუგეს და პლეი-ოფშიც გავიდნენ, სადაც ლიტვასთან დრამატული ბრძოლა გადახდათ. მაშინ ქართველებმა ვერაფრით შეაჩერეს იონას მაჩიულისი, რომელმაც ლამის ყველაფერი ჩააგდო და ბალტიისპირელებმა 85:81 იმარჯვეს.

მოსალოდნელია, რომ ისრაელში შენგელიას დაპირისპირება არაერთ მეგობართან მოუწევს, განსაკუთრებით კი, ეს გერმანიასთან და იტალიასთან მატჩებზე უნდა ითქვას. გერმანელი ცენტრი იოჰანეს ვოიგტმანი და იტალიელი ფორვარდი ანდრეა ბარნიანი ესპანურ "ბასკონიაში" სწორედ თორნიკესთან ერთად ირჯებიან.

"ნამდვილად სახალისო იქნება ისრაელში იოს ნახვა. ის ძალიან კარგი ბიჭია და ჩვენი შერკინებაც უდავოდ პოზიტიურად წარიმართება. ანდრეასაც იტალიის ნაკრებში დიდი როლი აკისრია. ჩემს თანაგუნდელებთან მომავალ დაპირისპირებას მოუთმენლად ველი".

შეგახსენებთ, რომ შენგელიას ევროპირველობის კენჭისყრამდეც ვესაუბრეთ და მაშინ მას ერთი სურვილი ჰქონდა: მთავარი იყო, საქართველოს ნაკრები თელ-ავივის ჯგუფში მოხვედრილიყო, მეტოქეებს კი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

"ისრაელში თამაშის შესაძლებლობით ნამდვილად გახარებული ვარ, რადგანაც იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. იმის მოლოდინი გვაქვს, რომ დარბაზში მისულები თავს შინაური არენის მსგავსად ვიგრძნობთ. კარგ ატმოსფეროს კალათბურთელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს".

25 წლის ფორვარდი იმითაც კმაყოფილია, რომ ზედიზედ მე-2 ზაფხულის გატარება მოუწევს ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის მეთვალყურეობის ქვეშ.

"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთან ერთადაა. ზუროსმა პირველივე წელს უდიდესი სამუშაო გასწია. რეალურად, სანაკრებო ბატალიებისთვის 2-3 თვე თუ ემზადები, მან კი ამ დროში მოთამაშეთა შეცნობა კარგად მოახერხა და ზედმიწევნით იცის, ვის რისი პოტენციალი აქვს. ილიასი კალათბურთში ჩინებულად ერკვევა და ტაქტიკურ თამაშშიც ძლიერია".

ეროვნულ ნაკრებში კონკრეტულად მის როლთან დაკავშირებით, შენგელია შემდეგს ამბობს:

"ვცდილობ, ყოველთვის ლიდერთა შორის ვფიგურირებდე და როგორც შეტევაში, ასევე - დაცვაში, თანაგუნდელთა აყოლიება მოვახერხო. აგრესიული გარჯა სწორედ ამის წინაპირობაა. მინდა, მოედანზე მამოძრავებელი ძალა ვიყო და ნებისმიერ მონაკვეთზე ბოლომდე დავიხარჯო".

თორნიკეს არ სურს, ბევრი ისაუბროს კონკრეტული მიზნების შესახებ, რომელთაც ქართველები მომავალ ევრობასკეტზე ისახავენ.

"გასულ ტურნირზე მერვედფინალში წავაგეთ და ნამდვილად არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს, თუმცა, პირდაპირ მეოთხედფინალზეც ვერ ვიფიქრებთ. ყველაფერს მეთოდურად, თამაშიდან თამაშამდე უნდა მივყვეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მაქსიმალურად წინ წავალთ".

უდავოა, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპულ კალათბურთში თავისი სიტყვა უკვე ეთქმის, თუმცა, შენგელია და კომპანია მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა მომავალი ევროპირველობის დროს ქართველ ქომაგებს საზეიმო მიზეზი არაერთხელ მიეცეთ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარკოიშვილზე არაფერი ისმის... ინფორმაცია მოგვაწოდეთ...
თევდორე
12:19 29-04-2017
0
მეტი კალათბურთის სტადიონი საქართველოში არა მხოლოდ დიდ ქალაქებში არამდედ რაიონებშიც
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული