ვინ ითამაშებს ევროპაზე? მსოფლიოზე? - ექსკლუზიური ინტერვიუ ილიას ზუროსთან

AutoSharing Option
შარშან ამ დროს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალებს ესწრებოდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი. იგი ამჯერად საბერძნეთიდან ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩამოსვლას ვერ ახერხებს. რატომ? - ეს ერთი შეკითხვა.

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ გვითხრა: საქართველოს ნაკრებში მომავალ წელს ახალ სახეებს უნდა ელოდეთო. ვის? - ეს მეორე შეკითხვა.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გუნდი თვე-ნახევარში შეუდგება. მოსამზადებელი გეგმაც მოხაზულია. კმაყოფილია? - ეს მესამე შეკითხვა.

მეოთხე კითხვა ცხელ-ცხელია - 7 მაისს დასრულებულმა წილისყრამ მსოფლიოს თასის შესარჩევზე ქართველებს სერბეთი, გერმანია და საკვალიფიკაციომოვლილი გუნდი
გვარგუნა. რას უნდა ველოდეთ?

მოკლედ, შეკითხვები საკმარისადაა. პასუხს კი მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსზე უკეთ ვერავინ გაგვცემს. მას საბერძნეთში დავუკავშირდით, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

ინტერვიუ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ.

- ახლა უკვე კარგად ვარ. ბარძაყის ძვლის ანთება მქონდა, სერიოზულად მაწუხებდა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, ოპერაცია გამეკეთებინა. სხვა გამოსავალი არ იყო. ამიტომაც მომიწია სეზონის დასრულებამდე მონტენეგროს "ბუდუჩნოსტის" დატოვებამ.

- ოპერაცია სად გაიკეთეთ?
- საბერძნეთში, აქაურ კლინიკაში. კარგი ექიმი მყავს, აღდგენით კურსსაც მისი მითითებით გავდივარ. მკურნალობა გეგმურად მიმდინარეობს.

- როდისთვის ვარაუდობენ სრულად გამოჯანმრთელებას?
- დიდი დრო აღარ დარჩა. საქართველოს ნაკრების ოფიციალური შეკრების დაწყებამდე მწყობრში ვიქნები.

- ევრობასკეტი 2017-ისთვის შემადგენლობას როდის დაასახელებთ?
- თვალს ვადევნებ ქართველი ლეგიონერების თამაშს, გარკვეული მონახაზი მაქვს, თუმცა აჩქარებას არ ვაპირებ. შარშან საქართველოში რამდენიმეჯერ ჩამოვედი და სუპერლიგის მატჩებს დავესწარი. წლეულს, სამწუხაროდ, ამას ვერ მოვახერხებ, რადგან ოპერაციის შემდეგ ექიმები თვითმფრინავში ასვლისა და ფრენის უფლებას არ მაძლევენ. თუმცა სუპერლიგას რეგულარულად ვადევნებ თვალს, ინტერნეტის დახმარებით ვცდილობ ყველა მოვლენის საქმის კურსში ვიყო და არ გამომრჩეს სანაკრებოდ საინტერესო კალათბურთელების თითოეული ნაბიჯი.

შემადგენლობის დასახელებამდე კონსულტაციებს გავივლი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ. ასევე დავეკითხები სხვადასხვა გუნდის მწვრთნელებს.

სწორედ ასე მოვიქეცი შარშანაც. რაც შეეხება შეკითხვას, გაფართოებულ შემადგენლობას სუპერლიგის პლეი ოფის დასრულების შემდეგ გამოვაცხადებთ.

- ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- ფედერაციის წარმომადგენლები ბევრს მუშაობდნენ, რომ სრულყოფილი გეგმა შეგვემუშავებინა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად მოიხაზა. ბევრი რამ იქამდე გაირკვა, ვიდრე ევრობასკეტის წილისყრა ჩატარდებოდა. ამიტომ, გარკვეული კორექტივები ახლაც ხორციელდება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მთავარია, რომ გუნდს ყველა პირობა ექნება ევრობასკეტისთვის სრულფასოვნად მოსამზადებლად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კალათბურთელთა ჯანმრთელობა, ვინ როგორ შეხვდება მოსამზადებელ ეტაპს.

- მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის შესახებაც გექნებათ ინფორმაცია.
- რა თქმა უნდა. ოპერაციის შემდეგ ორივემ განაახლა ვარჯიში და ყველას იმედი გვაქვს, რომ შეკრების დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

- ახლახან დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- მართალია, ჯერ არ ვიცით მეოთხე გუნდის ვინაობა, მაგრამ უნდა ითქვას, ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. სერბეთი და გერმანია სერიოზული გუნდებია. თუმცა, საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ნაკრებებზე მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ახალი სისტემა.

მატჩები ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში გაიმართება. შუა სეზონში გამოუშვებენ კალათბურთელებს NBA-ს გუნდები? ამის გამო ევრობასკეტის შემდეგ ნაკრებები შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. მაგალითისთვის სერბეთი ავიღოთ: ლაპარაკია ტეოდოშიჩისა და ბოგდანოვიჩის NBA-ში გადასვლაზე. თუ ასე მოხდა, ვინ შეცვლის მათ?

- მსგავსი შეკითხვა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მიმართაც დაისვას, რადგან გაჩნდა ინფორმაცია თორნიკე შენგელიას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებასთან დაკავშირებით...
- სერბეთის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ არ მინდოდა, საქართველოს ნაკრებზე მელაპარაკა. სადღეისოდ ამ თემაზე მსჯელობა ნაადრევია. მანამდე ევრობასკეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინ უნდა გამოსცადოს და სერბეთში როა ბიწაძე და რა თქმაუნდა ყველა ის ახალგაზრდა რომელსაც ფედერაცია სახელმწიფო პროგრამით აფინანსებს უცხოეთში აგერ უკვე სამი წელია.უნდა დამთავრდეს ნაკრებში ტურისტების ყოფნა ეგარი რეალობა და ვისაც ესეთი მიდგომა არ მოწონს ეს მისი პირადული პრობლემაა და მეტი არაფელი.თუ კაცი მთელი თამაშის განმავლობაში ორქულასაც ვერ აგროებს ის რა სარგებლობას მოუტანს გუნდს არანაირს გადახედეტ დღევანდელ თანამედროვე კალათბურთს და დაინახავთ რომ ყველა წამყვან ქვეყნებს მეორე ხუთეული ნორმალური ყავს თუ ვარსკვლავური არა უკალათო კალათბურთი მე არ გამიგონია მარტო ბურთის ბაკუნით თამაშს დღეს არავინ იგებს.და თუ ამ პროგრამით ნაკრები შევსებას ვერ იღებს ისუნდა შეწყდეს ან უნდა გადაიხედოს.
qutaiseli
10:51 14-05-2017
0
შოთა გუგეშაშვილო ნეტა შენ კალათბურთის რა გაგეგება. როდისმე თუ გითამაშიაკალათბურთი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული