მოთამაშეებს, ძირითადად, სირბილის ნორმატივების ჩაბარება მოუხდათ. ფიზიკურად დატვირთული ვარჯიში ყოველი შეკრების წინ ტარდება, რის შემდეგაც იწყება მუშაობა ტაქტიკასა და სათამაშო კომბინაციებზე. საქართველოს ნაკრები ხვალიდან სწორედ ტაქტიკურ ვარჯიშებზე გადავა.
სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი უდგას. ხოლო თორნიკე შენგელია სრული დატვირთვით ვარჯიშს 2 დღეში შეუდგება.
ნაკრებს 24 ივლისს 20-წლამდელთა ნაკრები წევრი გოგა ბითაძე შეუერთდება, ხოლო გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეკრებაში აგვისტოს დასაწყისში, ნაკრების თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩაერთვება.
ვარჯიშის დროს, კომენტარი გააკეთეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და კალათბურთელმა, მანუჩარ მარკოიშვილმა.
ილიას ზუროსი
"დღეს ჩვენი საწვრთნელი შეკრების მეორე დღეა. რა თქმა უნდა, არ ვთვლი ჩამოსვლის დღეს, როცა ხანგრძლივი ფრენის შემდეგ აღდგენითი ვარჯიში ჩავატარეთ. ბიჭების მონდომებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი მონდომებით მუშაობენ და კონცენტრირებულები არიან. ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და ფიზმომზადების მწვრთნელთან, გიორგის ვავეცისთან ერთად ბევრს ვმუშაობთ. ამ საღამოდან და ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მეტ ვარჯიშს მოედანზე. ასე ვთქვათ, ხვალიდან ვიწყებთ ტაქტიკაზე მუშაობას."მანუჩარ მარკოიშვილი
"დღევანდელ დღეს პირველად გადავედით უკვე ფიზმომზადების ვარჯიშებზე. სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ დღევანდელ დღეს. ფიზმომზადების მწვრთნელმა უკვე გუნდის საერთო ფიზიკური მომზადება შეამოწმა და ასევე მოგვამზადა უკვე კონტაქტური ვარჯიშებისთვის. საღამოს უკვე დავიწყებთ ხუთი ხუთზე კონტაქტში ვარჯიშს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ დიდი მიზნისკენ, რომელიც წინ გვაქვს დასახული."მომზადებულია gfb.ge-ს მიხედვით