პატარებთან ერთად დედა ამჟამად ნატახტარში, გიორგის მშობლებთან ერთად ისვენებს, გიორგი კი ნაკრებთან ერთადაა ერთთვიან შეკრებაზე.
მანამდე წყვილმა ერთკვირიანი დასვენება მოიწყო და ისე მოხდა, რომ მეორე თაფლობის თვეც გამოუვიდათ. რომანტიკული ვახშამი, როგორც ანიმ გვითხრა, იაპონურ რესტორანში ჰქონდათ. ასევე, მოიწყვეს მხიარული ფოტოსესიაც ზღვასთან. შესაბამისი ფოტოები ანიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოფინა.
- ამჟამად ნატახტარში ვარ ბავშვებთან ერთად.
მე საერთოდ სხვა ქვეყანაში მინდოდა წასვლა, კონკრეტულად კი, საფრანგეთში, პარიზი-ნიცაში და დაჯავშნულიც კი მქონდა ბილეთები, მაგრამ როგორც კი გიორგიმ გაიგო, რომ ბევრი გადაჯდომა უნდა გვქონოდა, კატეგორიული უარი მითხრა. ძალიან გადაღლილი ვარ და ფრენისა და გადაჯდომის თავი არ მაქვს, მირჩევნია, პირდაპირ ჩავფრინდე და კარგად დავისვენოო.
ახლობელმა ტურისტულმა სააგენტომ შემოგვთავაზა ბელეკში გაფრენა და სიამოვნებით დავთანხმდით.
- კომფორტული პირობები გქონდათ?
- ძალიან დიდი კომფორტი იყო. პარიზსა და ნიცაში, რასაკვირველია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა მნიშვნელოვანი და სულ სხვა რამ არის იქ გამგზავრება, მაგრამ არ ვიცი, ასე კარგად სხვაგან როგორ უნდა დაგვესვენა, როგორც ეს ბელეკში შევძელით. მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა. მე და გიორგიმ იქ ერთი კვირა გავატარეთ.
- გიორგიმ თურქეთში ძალების აღდგენა მოახერხა?
- ორი ბავშვი რომ გყავს, მათთან ერთად ვერ დაისვენებ, მაგრამ თურქეთში ნამდვილად კარგად დაისვენა.
- როგორი იყო თქვენი ერთი დღე თურქეთში?
- საათს არ ვუყურებდით, როცა გაგვეღვიძებოდა, მაშინ ვდგებოდით, რაც დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის (იღიმის). გვქონდა დილის საუზმე. შემდეგ გავდიოდით ზღვაზე ან აუზზე. გიორგი შუადღეს აუცილებლად იძინებდა, რადგან ასეთი წესი აქვს და მეც იძულებით მიწევდა დაძინება. შემდეგ იყო სადილი, ვახშამი. იმდენად კარგად იყო დაკომპლექტებული სასტუმრო, რომ შეგეძლო, სხვადასხვა ადგილას გესაუზმა, გესადილა და გევახშმა.
სასტუმროს ტერიტორია იყო გამწვანებული, ძალიან მოვლილი. საღამოს, ვახშმის შემდეგ, აუცილებლად იყო რაიმე გასართობი ღონისძიება. ყოველ დღეს სხვადასხვა ადგილას, არენაზე, ამფითეატრში, ზღვის სანაპიროზე საღამოები ტარდებოდა. ჩვენ წინასწარ გვაფრთხილებდნენ და სიამოვნებით ვესწრებოდით.
დიდი მსმელი არც ერთი არ ვართ, ამიტომ ცოტა ალკოჰოლს ვწრუპავდით ხოლმე. გიორგი, თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, არასდროს დამთვრალა, ჩემი მაქსიმუმიც ერთი-ორი ჭიქაა.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“