პაატა ლობჟანიძე: რიკი ჰიკმანი მზადაა, ბოსნიასთან ითამაშოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავს.

სლოვენიის ქალაქ ცელიეში, "ტრიგლავ არენაზე", სადაც 4 სექტემბრიდან საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ითამაშებს, 13 აგვისტოს ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

იგორ კოკოშკოვის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება. სლოვენიაში შევეხმიანეთ ეროვნული ნაკრების გენერალურ მენეჯერ პაატა ლობჟანიძეს, რომელმაც მოახლოებული თამაშის შესახებ გვიამბო.

- ცელიეში 17:00 საათზე გავემგზავრებით, თამაში კი 19:00 საათზე (სლოვენიური დროით) დაიწყება. ბოსნიის ნაკრების შესახებ ინფორმაცია, თუ რა შემადგენლობით იქნება, არ გვაქვს, თუმც ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მატჩი
მოსამზადებელი ხასიათისაა, რომელიც მწვრთნელებმა გუნდის შესაკვრელად და შესათამაშებლად უნდა გამოიყენონ.

- ცელიეში თამაშის დანიშვნა წინასწარ გათვლილი იყო?
- მოგეხსენებათ, ბოსნიასთან 2 მატჩს ვმართავთ - დღეს და ხვალ. დღეს ცელიეში ვითამაშებთ, ხვალ კი იესენიცეში, სადაც ევრობასკეტზე იმ ჯგუფის მატჩები გაიმართება, სადაც ბოსნია თამაშობს.

ეს წინასწარ დაგეგმილი იყო, რათა ორივე გუნდს იმ დარბაზში გვეთამაშა, სადაც ოფიციალური მატჩები გველის. დღეს მასპინძლებად ჩვენ ვითვლებით, ხვალ კი იესენიცეში ბოსნიელები იქნებიან მასპინძელთა როლში.

- იტალიაში ჩატარებულ 3 საკონტროლო მატჩში არ უთამაშია ნატურალიზებულ რიკი ჰიკმანს...
- მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, დღეს ჰიკმანი ითამაშებს. რიკიმ საკმაო ხანი დაჰყო ნაკრებთან და კომბინაციებშიც გაერკვა. ასე რომ, ველოდებით მის დებიუტს.

- გუნდში ტრავმების მხრივ როგორი სიტუაციაა?

- ყველა ჯანმრთელადაა. იტალიური ტურნირის შემდეგ ნიკა ცქიტიშვილს ფეხი აწუხებდა, თუმცა საგანგაშო არაფერი იყო და ის უკვე სრულ მზადყოფნაშია.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული