სწორედ ამ შეტყობინებას წააწერა რიკიმ: "მართლა ნამდვილი ქართველი ვარ!!!"
ეს იყო 25 ივლისს. სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ნაკრების სლოვენიური შეკრება. თუმცა მაშინ ჰიკმანი ამერიკაში იყო და საქართველოს ნაკრებს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდა.
რატომ დაიგვიანა? ასეთი კითხვა სკოლიდან გემახსოვრებათ. ვაი იმის ბრალი, ვინც მასწავლებელს არასაპატიო მიზეზს დაუსახელებდა (დამეძინაო, ან სხვა)...
ჰიკმანს საპატიო მიზეზი აღმოაჩნდა - დაოჯახდა, მცირე
"ფეისბუქზე" ერთმა მეგობარმა ჰკითხა: ამერიკაში როდის ბრუნდებიო? ჰიკმანმა უპასუხა: სექტემბრის მეორე ან მესამე კვირის შემდეგო... პირველი კვირა 7-ში მთავრდება, მეორე - 14-ში, მესამე - 21-ში.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს 4 სექტემბერს იწყებს, პირველი ეტაპი 9-ში მთავრდება, ხოლო მეორე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები - 16 სექტემბერს, ევრობასკეტის ფინალი კი 22-შია დაგეგმილი.
როგორც ჩანს, ჰიკმანმა "უხეში" გამოთვლით მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში ივარაუდა და არც პლეი ოფში გასვლა გამორიცხა. ვნახოთ, გამართლდება თუ არა მისი ვარაუდი.
რიკი ჰიკმანმა სლოვენიაში ჩაფრენისთანავე "ტვიტერზე" დაწერა: დილა მშვიდობისა, სლოვენია. ცოტა ხანში კი მიამატა - საოცარია, სლოვენიაში ყველა ყველას იცნობს. ეს პატარა ქვეყნების ერთ-ერთი მახასიათებელია.
რიკიმ "ინსტგრამზე" საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაც დააფიქსირა, გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩვენი გუნდის წევრებთან პირველი სადილია აღბეჭდილი.
თუ თეფშებისა და ბოთლების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჰიკმანმა ფოტო სადილის ბოლოსკენ გადაიღო.
ქორწილს უნდა დავუბრუნდეთ. "ფეისბუქზე" წვეულების ამსახველი არაერთი საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა. სხვა სტუმრებს შორის ერთი ნაცნობი სახე აღმოჩნდა - ჯო ჯონსონი. NBA-ს გუნდის, "ბრუკლინ ნეთსის" ვარსკვლავი ჰიკმანის მეგობარია და, ცხადია, ქორწილსაც არ გამოაკლდა.
გემახსოვრებათ, ჯონსონი 2005-დან 2012 წლამდე ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო ("ატლანტაში"), გასულ ზაფხულს "ბრუკლინში" გადავიდა, სადაც კიდევ ერთ ქართველ თორნიკე შენგელიას შეხვდა; ახლა კი შეიტყო, რომ მისი მეგობარი რიკი ჰიკმანიც ქართველია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"