[ექსკლუზივი] "ამერიკული გამოცდილების მქონე ევროპელი მწვრთნელი ვარ"

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სერბმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:

- ბიჭების მუშაობით კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სამ საკონტროლო მატჩს კიდევ გავმართავთ და ვეცდებით, ხარვეზები მაქსიმალურად გამოვასწოროთ. NBA-ს მოთამაშეების გამოკლება დიდი დანაკლისია ჩვენთვის. ფაჩულიასა და შენგელიას არყოფნაში ახალი გუნდის შექმნა გვიწევს, რასაც დრო სჭირდება.

- საკონტროლო მატჩებში შედეგი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ სერბეთთან მატჩი თქვენთვის რიგითი ვერ იქნებოდა...
- აშშ-ში 14 წლის წინ გადავბარგდი, თუმცა სერბი ვარ და ემოციურად ძალიან რთული თამაში
იყო ჩემთვის... ნაკრების ამ შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშის მწვრთნელიც ვყოფილვარ, დუშან ივკოვიჩი კი სულაც ჩემი მენტორი იყო, მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. პრინციპში, ყველა ვარიანტში მოგებული ვრჩებოდი - სერბების წარმატების შემთხვევაში ჩემი სამშობლო გაიმარჯვებდა, თუ საქართველო მოიგებდა - ჩემი გუნდი (იცინის).

- ოღონდ ნუ იტყვით, რომ თანამემამულეებისთვის თქვენი მაღალი კლასის დამტკიცება არ გსურდათ...
- ისინი ისედაც მიცნობენ და არაფრის დამტკიცება არ მჭირდებოდა (იცინის). ჩემი ქვეყნის ნაკრებთან სათამაშოდ გუნდი არასდროს გამიყვანია, ამიტომაც ძალიან ძნელი იყო... თუმცა პროფესიონალი ვარ და შევეცადე, ამ თამაშისთვისაც ისე შემეხედა, როგორც რიგითი მატჩისთვის. ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხება ბიჭებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ქართველმა კალათბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს - პირველი ნახევრის შემდეგ 15 ქულას ვაგებდით, მაგრამ მერე თამაში გამოვასწორეთ და გავიმარჯვეთ.

- შესვენებისას ასეთი რა უთხარით თქვენს მოთამაშეებს?
- არაფერი მითქვამს და არც სტრატეგია შეგვიცვლია. ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, გუნდი პანიკაში არ ჩავარდნილა და მატჩის წინ დასახულ გეგმას მიჰყვებოდა.

- დუშან ივკოვიჩმა რა გითხრათ თამაშის შემდეგ?
- გამარჯვება მომილოცა. მე და "დუდამ" (ივკოვიჩის სპორტული მეტსახელი. - ავტ.) თამაშამდეც ვილაპარაკეთ. როგორც გითხარით, დუშანთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. იუგოსლავიური კალათბურთის ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.

- საფრანგეთთან მატჩში ჩვენი ნაკრები გადაღლილი ჩანდა...
- ფრანგები შინ თამაშობდნენ, თანაც, დასვენების შესაძლებლობაც ჰქონდათ, ჩვენ კი სერბეთთან მატჩის მეორე დღესვე ვეთამაშეთ. საფრანგეთი, ფიზიკურად ისედაც ძლიერი გუნდი, ევრობასკეტზე მედლების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, თუმცა მათთან ცუდად არ გვითამაშია.

- ერთხელ თქვით, რომ ოკეანის გაღმა დიდხანს დარჩენას არ გეგმავდით და აშშ-ში მხოლოდ წარმატებული მუშაობის საიდუმლოს მოსაპარად ჩახვედით. ჩვენგან რას "მოიპარავთ", საქართველოდან რას წაიღებს იგორ კოკოშკოვი?
- ვიღაცის ასლი ვერ იქნები, ის უნდა იყო, ვინც სინამდვილეში ხარ! მოთამაშის მსგავსად, მწვრთნელიც ყოველდღიურად სწავლობს და მეც ვიყენებ იუგოსლავიური, ამერიკული და ქართული გამოცდილების ნაზავს. თავს ამერიკული გამოცდილების მქონე ევროპელ მწვრთნელად მივიჩნევ, რომელმაც საქართველოს ნაკრებში მუშაობითაც დიდი გამოცდილება მიიღო.

- ესპანეთი აშკარა ფავორიტია. ევრობასკეტზე ჩვენი ქვეჯგუფის დანარჩენ გუნდებზე რას იტყვით?
- პოლონეთის ნაკრები ამჟამად ისე კარგად თამაშობს, ევროპის ჩემპიონატი დღეს რომ იწყებოდეს, ეს გუნდი მედლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. თითქმის ესპანეთის ნაკრების დონეზე თამაშობენ! უძლიერესია ხორვატიის ნაკრებიც, თუმცა ამ გუნდის თამაშს დაღს ნაკრების შიდა კონფლიქტები ასვამს.

- სლოვენია ევრობასკეტის მასპინძელია...
- სლოვენიელები საკუთარ მოედანზე გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ, თუმცა ამის გამო წნეხშიც იქნებიან. პოლონეთის მსგავსად, პროგრესს განიცდის ჩეხეთიც - უკანასკნელი ოცი წელიწადია, ჩეხებს ასეთი ძლიერი ნაკრები არ ჰყოლიათ! სატორანსკი, ველში, ვესელი NBA-ს კალათბურთელები არიან. ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, თუმცა, მთავარია, ტურნირის მსვლელობისას ყველა ქართველი მოთამაშე ჯანმრთელად იყოს. კარგია, რომ ჩვენთან მატჩებში ფავორიტების სტატუსი და შესაბამისად, მეტი წნეხი ჩვენს მეტოქეებს ექნებათ.

- ძირითადი დატვირთვა ნაკრების 5-6 მოთამაშეზე გადადის. როგორ გაუძლებენ გუნდის ლიდერები ჯგუფური ეტაპის გადატვირთულ გრაფიკს?
- 6 დღეში 5 მატჩის თამაში ძნელი იქნება, მაგრამ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ლიდერები დავასვენოთ. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, მოქნილები ვიყოთ და სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთ. საბედნიეროდ, ძალიან კარგი კალათბურთელები მყავს და ყველა წარმატება მათი დამსახურებაა. მათნაირი მოთამაშეები რომ არა, ექვსი წელიწადი აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი.

(იხილე სრული სტატია)

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული