ნიკა ცქიტიშვილი: გორტატი? ვერავინ შეგვაშინებს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 28 აგვისტოს ქალაქ ჰაიფაში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეს იქნება მიმდინარე თვეში გამართული მესამე მატჩი ამ გუნდებს შორის. ორივე შემთხვევაში გამარჯვება ბოლო წუთებზე ქართველებს დარჩათ და წარმატების იმედი ამჯერადაც გვაქვს. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ისრაელთან მანუჩარ მარკოიშვილი გვაკლდა, ხოლო მეტოქეს ყველა ვარსკვლავი ჰყავს. ამის ფონზე, საინტერესოა, როგორ ვახერხებთ დამაჯერებელ თამაშს და გამარჯვებას.

საქართველოს ნაკრების წარმატების საიდუმლოს ნიკა ცქიტიშვილი გვიმხელს. აი, რა გვითხრა ნიკამ ჰაიფადან ეილათური თამაშის შესახებ.

- ისრაელთან შეხვედრაში მანუჩარი ვერ დაგვეხმარა, მცირე ტრავმა აქვს. არ
დაგვავიწყდეს, რომ გვაკლია ორი NBA-ელი - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია.

ეს ნებისმიერ გუნდზე უარყოფითად იმოქმედებდა, ჩვენ კი გაორმაგებული, გასამმაგებული ენერგიით ვთამაშობთ, რათა დანაკლისი ნაკლებად შესამჩნევი იყოს. თითოეული ჩვენგანი საკუთარ საკეთებელს ბოლომდე კარგად ასრულებს და სწორედ ეს განაპირობებს გუნდურ თამაშს, რასაც საბოლოოდ შედეგი მოაქვს.

- ისრაელთან წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფარქვეშ დამაჯერებელი თამაში იყო...
- მეტოქეს ამ მხრივ პრობლემები ნამდვილად აქვს. ისრაელის თამაში, ძირითადად, ფორვარდებზეა აგებული, დიდი იმედი აქვთ ლიორ ელიაჰუსი და ომრი კასპის. ეს სათანადოდ გამოვიყენეთ, გიორგი შერმადინმა მეტოქეებს ფარქვეშ აშკარად აჯობა და შედეგიც სახეზეა.

- რადგან წინახაზელებზე ვლაპარაკობთ, ისიც ვთქვათ, რომ მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი ცენტრად გათამაშებს. ამ პოზიციაზე აქამდეც გარჯილხარ, თუმცა უფრო ფორვარდობა გიწევდა.
- ირანშიც მეხუთე ნომრად მიწევდა ასპარეზობა. ეს პოზიცია ჩემთვის უცხო არ არის. სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებში ორ პოზიციაზე ვთამაშობ, მეხუთე და მეოთხე ნომრად. სასტარტო ცენტრი გიორგი შერმადინია. როცა მასთან ერთად მიწევს მოედანზე გასვლა, მძიმე ფორვარდის ფუნქციები მეკისრება, ხოლო, როცა წინა ხაზში მე და ვიქტორ სანიკიძე ვართ, ცენტრად ვთამაშობ. არის შემთხვევები, ბექა ბურჯანაძესთან ერთად ვარ მოედანზე. ამ დროს ტაქტიკა იცვლება და გამოკვეთილი ცენტრით არ ვთამაშობთ.

- საფრანგეთთან მატჩისას მხოლოდ მეოთხე პერიოდი ითამაშე. ძირითადად, პერიმეტრზე ამოდიოდი და სამწამიანი ზონისკენ დრიბლინგით მიიწევდი...
- პერიმეტრზე ასვლა ტაქტიკის ნაწილია. ვცდილობ, თავისუფალი ზონები გავუთავისუფლო სხვა ფორვარდებს. რაც უფრო მრავალფეროვანია ტაქტიკა, მით მეტად სახიფათოა გუნდი.

- გუნდის მომზადებაზე რისი თქმა შეგიძლია?
- ნელ-ნელა ვუახლოვდებით ოპტიმალურ ფორმას. ჯერ პიკში არა ვართ და ვიმედოვნებ, ეს ევრობასკეტზე მოხდება.

ბევრი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რაც დიდ სარგებელს მოგვიტანს. დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ევროპის ჩემპიონატისთვის გამოვასწოროთ, იქ ხომ მცირე შეცდომაც ძვირად ფასობს. პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ხომ უშუალო კონკურენტს, პოლონეთს ვხვდებით.

- ამხანაგურებში საკუთარი გარჯით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- როგორც გუნდი, მეც თანდათან ვაუმჯობესებ თამაშს. თვითრწმენა ნამდვილად მაქვს, კარგად ვაანალიზებთ, ვის რა შეუძლია. თუ ყველამ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა, ევრობასკეტზე წარმატებაზე ფიქრი შეიძლება.

- ვახსენეთ პოლონეთის ნაკრები, რომლის მთავარი კოზირი ფარქვეშ თამაშია...
- სამწამიან ზონაში ჩვენც კარგად გამოვიყურებით. ასე იყო აქამდე და ასეა ახლაც. ვეცდებით, ზაზა ფაჩულიას არყოფნა გუნდს არ დაეტყოს.

პოლონელებს NBA-ს ცენტრი მარცინ გორტატი და ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდი მაცეი ლამპე ჰყავთ, რომლებსაც ბევრი კარგი გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლიათ, მაგრამ მათი ნამდვილად არ გვეშინია. პირიქით, გორტატთან სათამაშოდ დიდი ხანია ვემზადები და არა მგონია, გვაჯობოს.

- პოლონელებს, ალბათ, პერიმეტრიდან შევუტევთ...
- როცა მეტოქეს ფარქვეშ კარგი კალათბურთელები ჰყავს, თამაში უნდა გაშალო. ამხანაგური შეხვედრებიდანაც გამოჩნდა, რომ ჩვენ ფარქვეშ კარგი გარჯაც შეგვიძლია და თამაშის გაშლაც. დანარჩენს ევრობასკეტი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ისრაელი 74:73 - ელიათში ჩვენმა ათიანმა ათიანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალეთ, სირცხვილი ქართულ არხებს ტრანსილაციას რომ არ ახდენენ
0
წარმატებები !!!!!!!!!!!! გფარავდეთ უფალი და ღვთისმშობელი!!!!!!!!!
ნინო
18:54 28-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული