ისრაელი-საქართველო 77:75 - მოვისტუმრეთ ისრაელი, ევროპაზე ვის რა ელის?

AutoSharing Option
ისრაელის ნაკრებს ბოლო 20 დღეში სამჯერ შევხვდით და ორჯერ დავამარცხეთ.

საქართველოს ნაკრები მესამედ გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ 17-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

9 აგვისტოს იტალიაში, ტრენტინოს თასზე გამართული და 28 აგვისტოს შეხვედრები ერთმანეთს ბევრით ჰგავდა.

* * *
იტალიაში საფინალო სირენამდე საქართველო 72:77-ს აგებდა. სწორედ ამ ანგარიშით ვმარცხდებოდით 28 აგვისტოს ჰაიფაში, მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე.

ისევე, როგორც იტალიაში, ვიქტორ სანიკიძემ ისრაელშიც მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო - თუ 9 აგვისტოს ანგარიში გაათანაბრა (77:77), ამჯერად სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 75:77. საფინალო
სირენამდე 35 წამი რჩებოდა.

მასპინძლებმა დარჩენილ დროში ქულა ვერ მოინაგრეს, ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ რიკი ჰიკმანს 26 აგვისტოს მატჩის მსგავსად (64:63 ვიმარჯვეთ) გადამწყვეტი ქულის ჩაგდება შეეძლო, მაგრამ სირენამდე 4 წამით ადრე მისი პასი არაზუსტი აღმოჩნდა და ისრაელმა სწორედ ისეთი სხვაობით მოგვიგო, როგორითაც 9 აგვისტოს იტალიაში დათმო - ორი ქულით. მაშინ საქართველოს ნაკრებმა ოთხქულიანი ჩამორჩენა +2-ად 59 წამში აქცია, 28-ში 75:77 დამარცხდა.

* * *

ბოლო წამებზე მხოლოდ ჰიკმანი და სანიკიძე როდი მიუძღოდნენ გუნდს, გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. იგი გუნდის ბომბარდირი გახდა - 19 ქულა.

216 სმ სიმაღლის ცენტრმა გიორგი შერმადინმა 14 მოხსნას 8 ქულა მიამატა. როგორც ჩანს, ისრაელის ნაკრების კალათბურთელები განსაკუთრებულად მოემზადნენ გიორგისთან სათამაშოდ, ცდილობდნენ მასთან ორთაბრძოლისას არ დაჯარიმებულიყვნენ და ფარქვეშიდან შეტევასაც, უწინდელისგან განსხვავებით, ერიდებოდნენ.

მათ კარგად ახსოვდათ, რომ 26 აგვისტოს გიორგიმ 19 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. მოხსნებში ამჯერადაც ვაჯობეთ: 39:32, თუმცა მასპინძლებმა აქცენტი პერიმეტრზე გადაიტანეს და გაგვახსენეს ჩვენი ნაკრების ბოლო წლების სენი - 11 სამქულიანი ჩააგდეს.

პერიმეტრიდან ტყორცნებზე როცა ვლაპარაკობთ, ისიც უნდა დავძინოთ, რომ ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ცინცაძე საბოლოოდ გაიხსნენ. მათ, ჯამში, 12 სამიანი სტყორცნეს და 6 გამოიყენეს. თუნდაც შარშან ისინი შორი მანძილიდან ტყორცნებს ასეთი სიხშირით არ ასრულებდნენ. ვიქტორმა 28 აგვისტოს 18 ქულა მიითვალა.

აღსანიშნავია ნიკა ცქიტიშვილის 4-დან 3 ორქულიანი 10 წუთში; ბექა ბურჯანაძის ზედიზედ ორჯერ ჩაგდებული ორქულიანი პირველი მეოთხედის ბოლოს და ოთარ ფხაკაძის სამქულიანი მეორე ათწუთეულში.

მატჩის მთავარი მოვლენა მანუჩარ მარკოიშვილის დაბრუნება იყო. მანუმ ბოლოს საფრანგეთთან ითამაშა, რის შემდეგაც მცირე ტრავმა ჰქონდა და ზოგიერთი ვარჯიში სრულფასოვნად ვერ ჩაატარა. ისრაელთან ორი დღის წინანდელი მატჩი სულაც გამოტოვა.

28 აგვისტოს იგი მწვრთნელებმა 16 წუთით დატვირთეს, თუმცა ბოლო წუთებზე მის ნაცვლად ლევან ფაცაცია გამოიყვანეს.

* * *

ქრონოლოგიით დავიწყეთ და ამითივე უნდა დავასრულოთ. თუ მეოთხედების ანგარიშები გადაიკითხეთ, მიხვდებოდით, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი სხვადასხვა ტაიმი ჩაატარა. პირველ ნახევარში მრავალმხრივი თამაშის წყალობით 17-ქულიან უპირატესობასაც მიაღწია (41:23), თუმცა მესამე პერიოდიდან ჩავარდნა დაეწყო.

დაღმასვლის პიკი მესამე პერიოდის ბოლო და მეოთხის დასაწყისი აღმოჩნდა, როცა ისრაელმა ექვსწუთიან მონაკვეთში. არც მეტი, არც ნაკლები, 18:0 მოგვიგო.

* * *

ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ამხანაგური მატჩი დაგვრჩა (პირველ სექტემბერს ლიტვასთან სტუმრად ვითამაშებთ) და მანამდე უნდა გამოვასწოროთ შეცდომები, რომლებიც თუნდაც ისრაელთან თამაშში გამოჩნდა. რაც მთავარია, ამხანაგურმა მატჩებმა დაგვანახვა, საქართველოს შეუძლია...

ნამატჩევს
რიკი ჰიკმანი:
- ისრაელს ძლიერი ნაკრები ჰყავს, აქვს საიმისო რესურსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად წარმოჩი
ნდეს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, აქამდე არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ კარგად, ახლა კი სერიოზული ჩავარდნა გვქონდა.

ასეთი რამ ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა დავუშვათ. ძალიან გვინდოდა, ისრაელი მესამედაც დაგვემარცხებინა, მაგრამ ბოლო წუთებზე ამის საშუალება პნინიმ და ოჰაიონმა არ მოგვცეს.


Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული