ლიტვა-საქართველო 88:83 - ოვერტაიმი ლიტვაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადება 1-ელ სექტემბერს ლიტვაში, ადგილობრივ ნაკრებთან თამაშით დაასრულა.

მატჩის ძირითადმა 40-მა წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ლამაზი ანგარიშით - 77:77 დასრულდა.

დამატებითი დროის ბოლოსაც გვქონდა თამაშის გადარჩენისა და მეორე ოვერტაიმის "მოპოვების" შანსი, მაგრამ საბოლოოდ 83:88 დავმარცხდით. თუ წაგებას ღირსეული შეიძლება ეწოდოს, ეს სწორედ ლიტვაში მოხდა.

* * *

გავიხსენოთ 2011 წელი, როცა ევრობასკეტისთვის მზადებისას ბოლო შეხვედრა ლიტვაში ჩავატარეთ და თითქმის ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორითაც 1-ელ სექტემბერს.

მაშინ 12-ქულიანი სხვაობით ჩამორჩენა აღმოვფხვერით და მეტოქეს 72:70 გავასწარით, თუმცა ბოლო წამებზე
გამარჯვება ევრობასკეტის მაშინდელ მასპინძელ ლიტვას დარჩა - 88:80.

დააკვირდით, საფინალო ანგარიშში ამჯერადაც სამი რვიანი ფიგურირებს - 88:83. გადავინაცვლოთ მესამე პერიოდში, რომლის დასაწყისში ლიტველებმა სამქულიანებით უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს - 51:35.

სწორედ ამის შემდეგ დაეწყოთ დაღმასვლა, რასაც ქართველთა გამოცოცხლება დაერთო და მასპინძლები ჩვენი კალათბურთელების ლაღ თამაშს სტატისტებივით შეჰყურებდნენ. მეოთხე პერიოდის დასაწყისისთვის სხვაობა მინიმუმამდე შევამცირეთ - 60:59.

რადგან ქართველთა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა "დამრტყმელი ხუთეული" (ცინცაძე, ჰიკმანი, მარკოიშვილი, სანიკიძე, შერმადინი) მესამე პერიოდში თითქმის არ დაასვენა, ველოდით, რომ მეოთხეში სათადარიგოებიდან რამდენიმე გამოჩნდებოდა, მაგრამ მხოლოდ ცქიტიშვილი და სანაძე ვიხილეთ, ისიც ძალიან მცირე დროით.

მეტსაც გეტყვით - ზემოთ ნახსენები ხუთეული მწვრთნელს არც ოვერტაიმში შეუცვლია. ამხანაგურ მატჩში, თან, როცა მომდევნო დღეებში დასვენების საშუალებაა, ხუთი კაცით შეხვედრის ბოლო 25 წუთის ჩატარება შეიძლება გაუმართლებლად არ მოჩანდეს, მაგრამ ევრობასკეტზე ექვს დღეში ხუთი თამაშის გამართვა გვიწევს და თუ სათადარიგოებიც სათანადოდ არ მიეხმარნენ, ძალიან გაგვიჭირდება.

ბოლო წუთებს დავუბრუნდეთ. პირველ მეოთხედში ქართველებმა ოთხი სამქულიანი ჩააგდეს. მას მერე დიდხანს მოუწიათ მოცდა, თუმცა მნიშვნელოვანი როლი მაინც სამქულიანმა ითამაშა: ძირითადი დროის დასრულებამდე 1:12 წამით ადრე მარკოიშვილმა შორეული ტყორცნით თამაშის გადარჩენის შანსი გაგვიჩინა, ხოლო სირენამდე 4 წამით ადრე ნატურალიზებულმა ამერიკელმა ჰიკმანმა ორი ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 77:77. დარჩენილ 4 წამში ლიტვამ უშედეგოდ შეგვიტია.

დამატებითი დროის სამწუთიან მონაკვეთში ქულების მოგროვება ჭირდა, თუმცა შერმადინმა მაინც დაგვაწინაურა - 79:77. ამის მერე, ერთწუთიან მონაკვეთში ლიტველები 85:79 გაიქცნენ, თუმცა არც ამჯერად დავყარეთ ფარ-ხმალი, ჯერ სხვაობა სამამდე შევამცირეთ, ხოლო ოვერტაიმის დასრულებამდე 4 წამით ადრე (ანგარიშზე 83:86) ჰიკმანს კიდევ ერთი დამატებითი დროის "გამოჭრა" შეეძლო, მაგრამ მარკოიშვილის პასის შემდეგ მარტო დარჩენილმა მიზანში ვერ მოარტყა.

* * *

ზემოთ ქართველთა ლაღი თამაში ვახსენეთ. შეიძლება გაგიჩნდათ კითხვა - რას გულისხმობს ეს სიტყვა? მეცნიერულ ახსნას არ მოვყვებით - ვიქტორ სანიკიძის მოედანზე მოქმედება ხომ ხშირად გინახავთ? ჰოდა, სწორედ მასავით მსუბუქად და ლაღად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა.

ვიქტორმა ალეი უპებითაც დაგვამახსოვრა თავი, ფარქვეშ ეფექტური შესვლებითაც და სამქულიანებითაც. საბოლოოდ 28 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

გიორგი შერმადინი წინა წლებთან შედარებით თავისუფლად თამაშობს და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მრავალმხრივი კალათბურთელია - მეტოქის ფარქვეშ თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში (21 ქულა), ფარიდან ასხლეტილ ბურთებს არავის უთმობდა (14 მოხსნა), ხოლო შეხვედრა ისეთი პასით გახსნა, გიორგი ცინცაძესაც მოეწონებოდა. "ბუმ" (ცინცაძის მეტსახელი), მართალია, 10 ქულას ვერ უწია, მაგრამ ყველაზე მეტი, 41 წუთი ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო. ვინც შეხვედრა იხილა, ამაში თავადაც დარწმუნდებოდა.

მანუჩარ მარკოიშვილმა, როგორც ჩანს, ტრავმა მოიშუშა და ამ მოსამზადებელ ეტაპზე ყველაზე მეტი წუთი სწორედ 1-ელ სექტემბერს ერგო - 39. მანუმ თავისი ნორმა, 18 ქულა შეასრულა.

რიკი ჰიკმანი 6 ქულას დასჯერდა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

თუ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მომატების პოტენციალი აქვს, ეს ჰიკმანის ფუნქციების გაზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.

ასევე მეტს ველით ნიკა ცქიტიშვილისგან, თუმცა მას შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის სათამაშო დრო სჭირდება.

როგორც ვთქვით, სლოვენიაში სხვა სათადარიგოების წუთობრივი მაჩვენებელიც გაიზრდება. აქ კი ევრობასკეტის პირველ ოფიციალურ მატჩამდე დაგემშვიდობებით - 4 სექტემბერს სლოვენიაში საქართველო-პოლონეთია!

1 სექტემბერი. კაუნასი, ლიტვა
ლიტვა-საქართველო 88:83 დ.დ.
19:19, 24:12, 17:28, 17:18, 11:6
ლიტვა: პოციუსი (6ქ), კალნეიტისი (2ქ, 8პ), დ. ლავრინოვიჩი (5ქ), მაციულისი (6ქ), დელინინკაიტისი (5პ), სეიბუტისი (15ქ), კლეიზა (18ქ), კ. ლავრინოვიჩი (5ქ), იავტოკასი (2ქ), ვალანჩიუნასი (10ქ, 10მ), კუზმინსკასი (11ქ), მოტიეუნასი (8ქ).
საქართველო: ცინცაძე (41 წთ, 7ქ, 5მ, 3პ, 4ჩ), შერმადინი (36 წთ, 21ქ, 14მ, 3პ), ჰიკმანი (35 წთ, 6ქ, 4მ, 3პ), მარკოიშვილი (39 წთ, 18ქ, 6მ, 4პ, 4ჩ), ფაცაცია (10 წთ), სანიკიძე (39 წთ, 28ქ, 9მ, 2პ), სანაძე (2 წთ), ცქიტიშვილი (9 წთ, 3ქ), ბურჯანაძე (6 წთ), ლეჟავა (5 წთ), ფხაკაძე (4 წთ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გავიგეთ,რომ "ბუ" ცინცაძის მეტსახელია და
შენ მაგათთან ძმაკაცურ ურთიერთობებში
ხარ.
alex
09:16 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული