4 სექტემბერს საქართველო-პოლონეთის მატჩის შემდეგ კომენტარისთვის მას აჭარის დედაქალაქში ტელეფონით შევეხმიანეთ. უპირველესად, ზღვისპირეთში მოსალოდნელ ქარიშხალსა თუ ციკლონზე ვკითხეთ.
- ბათუმში მთელი დღე სიმშვიდე იყო, მზე ანათებდა და ხალხი ზღვაში ბანაობდა. საღამოს რა იქნება, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ციკლონს, ტელეეკრანზე ვნახე, ცელიეში თუ როგორ გადაუარა პოლონელებს.
მთელ საქართველოს ვულოცავ ჩვენი ბიჭების ამ გამარჯვებას. შესანიშნავად ითამაშეს.
უპირველესად, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფაქტორი მინდა გამოვყო: იგორ კოკოშკოვმა მის ხელთ არსებული რეზერვი რაციონალურად გაანაწილა.
მატჩში მონაწილეობის საშუალება, გუნდის
საქართველოს ნაკრების ტელერეპორტაჟებისას არაერთხელ აღმინიშნავს დაცვაში ჩვენი გუნდის სუსტი თამაში.
დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა - ქართველი კალათბურთელების ასეთი მობილიზებული დაცვა არასდროს მინახავს და ეს კოკოშკოვის დამსახურებაა.
ეტყობა, გუნდის მზადებისას ამ კომპონენტზე მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
გორტატი ყოველთვის გორტატია, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა გონივრული ურთიერთდაზღვევით პოლონელს თავისუფალი მოქმედების არე შეუზღუდეს და განძრევის საშუალება არ მისცეს; ფაქტობრივად, 12 ქულას დააჯერეს.
პოლონელები თავიდან თითქოს შორეული ტყორცნებით აპირებდნენ ფონს გასვლას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მაჩეი ლამპემ მეორე პერსონალური ჯარიმა მიიღო (ამაში ვიქტორ სანიკიძეს მიუძღვის დიდი წვლილი) და მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე დასვა, მაგრამ არც აქ გამოუვიდათ არაფერი - მთელი მატჩის განმავლობაში 16 ტყორცნიდან მხოლოდ სამჯერ მიაღწიეს მიზანს.
ჩვენდა საბედნიეროდ, პოლონელთა მწვრთნელმა ლამპეს გაყვანით მიუტევებელი შეცდომა დაუშვა - მოედანზე დაბრუნების შემდეგ ის გუნდის მექანიზმს ბოლომდე ვერ შეერწყა და უცხო სხეულივით ჩანდა.
საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა პრობლემად ორი აქილევსის ქუსლი - სუსტი დაცვა და ბურთის დაკარგვა.
დღეს ამ კომპონენტებში ჩვენმა გუნდმა აშკარად გამაკვირვა. დაცვაზე უკვე გითხარით. წინა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ დაკარგული ბურთების რაოდენობა საშუალოდ 20-ს აღემატებოდა.
პოლონელებთან კი ჩვენებმა მხოლოდ 5-ჯერ (სტუმრებმა თორმეტჯერ) დაკარგეს ბურთი, თანაც ბოლო ორი ისეთ მომენტში, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
ჩვენებს პერიმეტრიც კარგად ჰქონდათ გადაკეტილი. ერთი სიტყვით, აკადემიური თამაშით ვძლიეთ მეტოქეს. ყოველივე ეს მომდევნო მატჩებშიც უნდა გავითვალისწინოთ და ერთ კომპონენტზეცაა ყურადღება გასათვალისწინებელი - სისწრაფეზე.
კალათბურთელებზეც მინდა ვთქვა: კვლავ შეუდარებელი იყო ვიქტორ სანიკიძე. სწორედ მისმა ზუსტმა სამქულიანმა ტყორცნებმა გატეხა მეტოქე.
შესანიშნავად ითამაშა გიორგი შერმადინმა, როგორც მეტოქის, ისე საკუთარ ფარზე და გორტატმა რომ ბევრი ვერაფერი მოახერხა, თანაგუნდელებთან ერთად, სწორედ გიორგის დამსახურებაა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანუჩარ მარკოიშვილი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, რაშიც პოლონელებთან მატჩმაც დაგვარწმუნა.
დირიჟორული თვისებები წარმოაჩინა გიორგი ცინცაძემ - თამაშის რიტმს აკონტროლებდა. თავად ხომ 11 ქულას მოუყარა თავი, პარტნიორებს შვიდჯერ ზუსტად მიაწოდა ბურთი.
მიმაჩნია, რომ მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას ბესო ლეჟავამ. ბევრი შავი სამუშაო შეასრულა და გადამწყვეტ მომენტში ბურთიც ჩააგდო.
კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ახალგაზრდებმა - ფაცაციამ, ბურჯანაძემ, მეტრეველმა, ფხაკაძემ და სანაძემ. მეტს მოველოდი ნიკა ცქიტიშვილისა და რიკი ჰიკმანისგან, რადგან მათი შესაძლებლობები ვიცი.
იმედია, მომავალ მატჩებში საკუთარი თავის წარმოჩენას შეძლებენ. ისინი ეროვნული გუნდის საიმედო რეზერვად მიმაჩნია.
პოლონელებთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის მე-2 ეტაპზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, ჩვენი ბიჭები იმედებს არც მომავალში გაგვიცრუებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]
საქართველო VS ხორვატია - უკვე ფავორიტის სტატუსით