ბოლო წამზე ფორტუნამ ჩვენი მხარე დაიჭირა და ძლიერ საქართველოს ნაკრებთან ერთი ქულის სხვაობით მოვიგეთ", - აღნიშნა ხორვატების დამრიგებელმა ჟასმინ რეპეშამ.
ეს კომენტარი კარგი პასუხია მატჩის შემდეგ გაჩენილი არაერთი კითხვისა: ხომ შეიძლებოდა, ბოლო წამებზე თამაში რიკი ჰიკმანს დაესრულებინა? რატომ მივიღეთ 11 სამქულიანი? და ა.შ...
იმის მიუხედავად, რომ ბევრი სამიანი მივიღეთ; რომ ჰიკმანმა მეოთხე პერიოდში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო; მარკოიშვილმა მატჩი 4 ქულით დაასრულა, საფინალო
ასეთი შედეგი ისლანდიასთანაა მიუღებელი, თორემ ხორვატიის ნაკრებთან, რომელიც თანაბრადაა დაბალანსებული და თითქმის ყველა კალათბურთელი ევროლიგაში იღებს გამოცდილებას (საქართველოს ნაკრებში ასეთი მხოლოდ ოთხია), მხოლოდ სხვა პლანეტაზე მცხოვრებ ესპანეთს შეუძლია საქმის სამ პერიოდში მოთავება.
ბოიკოტი
სხვათა შორის, სწორედ ესპანეთთან განადგურებამ (68:40) ხორვატი კალათბურთელები თითქმის უგულშემატკივროდ დატოვა.
ესპანეთთან ხორვატმა ქომაგებმა დარბაზი გაავსეს (კარის მეზობელ სლოვენიაში გადასვლა გაუჭირდებოდათ თუ რა?!), საქართველოსთან კი ძალიან ცოტა მოვიდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვათ - გულშემატკივრობით ხორვატებს ვაჯობეთ!
როგორც შევიტყვეთ, ესპანეთთან შერცხვენის შემდეგ ქომაგმა ხორვატიის ნაკრებს ბოიკოტი გამოუცხადა.
თერთმეტი
ასეთი სიტუაცია ქართველი კალათბურთელების წისქვილზე ასხამდა წყალს. მატჩის დასაწყისიდან ჩვენი გუნდი ლაღად თამაშობდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო, კარგი გარჯა და მონდომება 17 ქულის სხვაობით რომ მოგაგებინებს.
აკი ვთქვით, ხორვატები თავიდან ბოლომდე სტაბილურად თამაშობდნენ და დაწინაურდნენ კიდეც - 15:10. ქართველებმა დაინახეს, რომ თავს ზემოთ ახტომა იყო საჭირო. კალათის ზემოთაც ახტნენ: თუ პირველი მეოთხედის შემდეგ მოხსნებში 7:12-ს ვაგებდით, მეორე პერიოდში ამ კომპონენტში 13:5 ვიმარჯვეთ.
სწორედ ამ დროს გაცხადდა, რომ ხორვატებს ფარქვეშ არაფერი ესაქმებოდათ და შორიდან ცდილობდნენ ხეირის ნახვას. საბოლოოდ სამწამიანი ზონიდან 30 ქულა ჩააგდეს, ქართველებმა - 38.
როგორც გითხარით, ჩვენმა მეტოქემ 22-დან 11 სამიანი გამოიყენა. ამ მხრივ ძალიან გაუჭირდა მესამე პერიოდში (მხოლოდ ორი სამიანი). საპირისპიროდ, საქართველოს ნაკრებმა თამაში იპოვა და მიუხედავად ანგარიშის ხშირი ცვალებადობისა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ შეხვედრას ჩვენი გუნდი აკონტროლებდა.
მეოთხე პერიოდში ხორვატებმა კვლავ სამიანებით სცადეს თამაშის კალაპოტის სათავისოდ შეცვლა. ამ მხრივ ნატურალიზებული დონტა დრეპერი გამოირჩეოდა. თუმცა საქართველოს ნაკრებიც ბოლომდე გაიხსნა. თუ მანამდე ყველა მეოთხედი ათიანებში ტრიალებდა, მეოთხეში ორივე გუნდი 20 ქულას ასცდა.
"ბუ"
ბოლო წამებზე რაც მოხდა, ქრონოლოგიაში აუცილებლად იხილავდით. ასეთი დრამა ხომ იშვიათად თამაშდება.
აქ ყურადღებას ერთ ნიუანსზე გავამახვილებთ: მიუხედავად იმისა, რომ პირველ პერიოდში თამაშში კარგად ჩაერთო რიკი ჰიკმანი, ბოლო მეოთხედში შეტევა მასზე იშვიათად ეწყობოდა. შეიძლება, ზოგის აზრით, უმჯობესი იყო ბოლო წამებზე ჰიკმანს აეღო თამაში საკუთარ თავზე, თუმცა მწვრთნელმა სრული კარტ-ბლანში გიორგი ცინცაძეს მისცა, რომელიც მეოთხე პერიოდში აფეთქდა.
თავად განსაჯეთ: თუ საწყის 30 წუთში "ბუს" ანგარიშზე 12 ქულა იყო, მეოთხე მეოთხედში ერთბაშად 13 ჩააგდო. იგი ტონი პარკერივით თავისუფლად შედიოდა მეტოქის ფარქვეშ და შეტევებს შედეგიანად ასრულებდა. ხოლო სირენამდე 5:36 წუთით ადრე (6 ქულით ვაგებდით) შორი მანძილიდან, მეტოქის კარგი დაცვის მიუხედავად, იმდენად ეფექტური სამქულიანი ჩააგდო, ხორვატთა მწვრთნელ ჟასმინ რეპეშას ათქმევინა - ეს ჩვენთვის შოკი იყოო.
საქართველოს ნაკრების ოთხი ევროლიგელი რომ ვახსენეთ, გიორგი ცინცაძე არ გვიგულისხმია, რადგან ევროლიგის გუნდში აქამდე არ უთამაშია. მან საკუთარი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სხვათა შორის, ევროჩელენჯის მეოთხედფინალიდან 2008 წელს "ურალ გრეიტი" ჰყავს გამოთიშული: მეოთხე პერიოდში 15 ქულა ჩააგდო.
ჰოდა, როცა კალათბურთელს თამაში მისდის, მატჩის გადამწყვეტი ტყორცნაც მას უნდა მიანდო. მას მერე, რაც 5 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში, სირენამდე 9 წამით ადრე ანტე ტომიჩმა ("რეალი") მარცხენა ხელით ორქულიანი ჩააგდო (77:76) ცინცაძემ ბურთი სწრაფად გადაიტანა (მწვრთნელს წუთშესვენებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა) მეტოქის ნახევარზე, ფარქვეშ შევიდა, მაგრამ მატჩის გმირობამდე ცოტა დააკლდა - ბურთი კალათში არ ჩაეშვა.
გეორგია, გრუზია, საქართველო
...თუმცა სიტყვა "გმირს" სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ქვეყნის სახელი მსოფლიოში რომ გაგაქვს, ეგ არ არის გმირობა? ქართველ კაცს შუა ევროპაში, ევროპის ჩემპიონატისას ქვეყნის დროშიანი მაისურა რომ აცვია და გამვლელ-გამომვლელი ცერით ანიშნებს, კარგები ხართო, ეს არაფერს ნიშნავს?
მედიაცენტრში ესპანელი, ხორვატი, სლოვენიელი თუ პოლონელი ჟურნალისტები გვეკითხებიან: "ჯორჯია" თქვენს ენაზე როგორ გამოითქმისო. სიტყვა "საქართველოს" თავიანთ წიგნაკში გარკვევით იწერენ.
რომ არა ჩვენი ნაკრების გულიანი თამაში, ვის დააინტერესებდა, "ჯორჯია" და "გრუზია" სინამდვილეში საქართველო რომ არის?
მატჩის შემდეგ
მანუჩარ მარკოიშვილი:
"საქართველოს ნაკრებს ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ასეთ სიტუაციაში ჩემი სუსტი თამაში ძალიან ცუდი იყო. საკუთარ თავზე ვბრაზდები.
ვეცდები, მომდევნო მატჩისთვის გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე.
ამ წაგებით არაფერი გადაწყვეტილა, სამი შეხვედრა გველის და ყველას დავანახვებთ, რომ მაღალი დონის გუნდებთან თამაშიც შეგვიძლია და გამარჯვებაც".
გიორგი ცინცაძე:
"ლამაზი შეხვედრა გამოდგა. კალათბურთში ასეა, ხან მოიგებ, ხან წააგებ. დასანანია, რომ ასეთი თამაში ჩვენს სასარგებლოდ არ დასრულდა. ასევე უნდა გავაგრძელოთ.
7 სექტემბერს მასპინძელ სლოვენიას ვეთამაშებით და მანამდე ერთდღიანი დასვენება ნამდვილად სასარგებლო იქნება".
იგორ კოკოშკოვი:
"დავეთანხმები გიორგის, ასეთი კალათბურთის ხილვით ბევრი ისიამოვნებდა. ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, რომლებმაც ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძოლეს.
ხორვატიის ნაკრები თანაბრად დაბალანსებული გუნდია, კარგი ტანმაღლებიც ჰყავს და უკანახაზელებიც. ხშირ შემთხვევაში დაცვისას ზონას მივმართავდით და მეტოქისთვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მიგვიცია.
რაც შეეხება ბოლო წამებს, ვიცოდით, რომ ტომიჩი მარცხენა ხელით კარგად ისვრის, მაგრამ ერთ კონკრეტულ მომენტს წაგების მიზეზად ვერ დავასახელებ.
ბოლო მეოთხედში გიორგი ცინცაძემ ეფექტურად ითამაშა. მას კარგად ვიცნობ და შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება. ამიტომაც თავისუფლება მივეცი და დაინახეთ, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა".
ანტე ტომიჩი:
"ამ მატჩის წაგება არ შეიძლებოდა, ფასეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ურთულესი ბრძოლა გადავიტანეთ. მოგებათა სერია უნდა გავაგრძელოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვრობასკეტი 2013. II ტური: თურქეთი სუსტი ყოფილა
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]