სპეციალისტის აზრი: კარგად დაწყებული საქმე კარგადვე უნდა დავაგვირგვინოთ

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველო-ხორვატიის მატჩის შემდეგ კომენტარისთვის კვლავ ვეტერან კალათბურთელს - პაატა გურასპაულს შევეხმიანეთ.

- რაც თავი მახსოვს - როგორც მოთამაშეს და მწვრთნელსაც, ბევრი მატჩიც მომიგია და ხშირადაც დავმარცხებულვარ, მაგრამ გუშინდელივით გული არასდროს დამწყვეტია, შოკური მდგომარეობიდან ჯერაც ვერ გამოვსულვარ - არ ვიყავით ხორვატებთან წაგების ღირსი, მაგრამ გუშინ ფორტუნა აშკარად არ იყო საქართველოს ნაკრების მხარეს.

ხორვატიის ეროვნულ გუნდთან კოკოშკოვის შეგირდებმა მატჩი ორნაირი ზონური დაცვით დაიწყეს: ჯერ იყო 2-3-ზე, მერე ოთხი კალათბურთელი იდგა დაცვაში, ერთი კი ბოგდანოვიჩს, ტომიჩს ან სხვა რომელიმე მეტოქეს ეღობებოდა.

სერბი სპეციალისტი მალევე მიხვდა, რომ ამგვარი სისტემა ხეირს არ მოგვიტანდა. საერთოდაც, იუგოსლავიურ გუნდებთან ზონური თამაშით წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

როგორც ვნახეთ, ხორვატები თავისუფლად ათამაშებდნენ კომბინაციებს და გარედან ყველა ჩასაგდები ბურთი ჩააგდეს.

ამიტომაც გადააწყო კოკოშკოვმა თავისი რაზმი პერსონალურ დაცვაზე და მეტოქესაც თავგზა აებნა - ჯერ ანგარიში გავათანაბრეთ, მერე ხუთი ქულითაც დავწინაურდით, თუმცა, პოლონელებთან მატჩისგან განსხვავებით, რამდენიმე არსებითი ხასიათის შეცდომა მაინც დავუშვით: კვლავაც ცოტაა სწრაფი შეტევით აღებული ქულები, ანუ ვაგვიანებთ ბურთის მეტოქის მოედანზე გადატანას.

დაზღვევა ბიჭებს ამჯერადაც კარგად გამოუვიდათ. ამის შედეგი იყო, რომ ტომიჩი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, საქართველოს ნაკრებთან მხოლოდ შვიდ ქულას გამორჩა, თუმცა მისმა ბოლო ორქულიანმა ხორვატებს გამარჯვება მოუტანა.

როცა დაზღვევაზე ვლაპარაკობთ, ერთი მომენტიცაა გასათვალისწინებელი. კერძოდ, ეს მესამე ფაზას ეხება: შემტევსა და მის ახლოს მყოფ კალათბურთელს რომ აზღვევ, უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეს მესამე, რომელიც თავისუფლად შედის ფარქვეშ.

ამ დროს პერიმეტრიდანაა ჩამოსაწევი მოთამაშე მის დასაზღვევად. ჩვენმა გუნდმა რამდენჯერმე სწორედ აქ დაუშვა შეცდომა და ხორვატებმაც გვარიანად იხეირეს.

წინა კომენტარისას აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ - კოკოშკოვმა გუნდში მკაცრ სათამაშო დისციპლინას მიაღწია, მაგრამ მეტოქისთვის ასე შეუზღუდავი სივრცეების დატოვება არ შეიძლებოდა, როგორც ეს გუშინ მოხდა - ჩვენები ყოველთვის ნახევარი ნაბიჯით აგვიანებდნენ, რომ შორიდან მტყორცნელი სიმონისთვის ან მეორე ტაიმში გამოცოცხლებული დრეიპერისთვის ხელი შეეშალათ.

რაც შეეხება მარკოტას, ამ გოლიათმა ერთი სამქულიანი იმ სიშორიდან ჩაგვიგდო, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო.

ჩვენს კალათბურთელებზე მინდა ვთქვა: ამჯერადაც კარგად იბრძოლა გიორგი შერმადინმა: თანაგუნდელების დახმარებით შეძლებისდაგვარად მოახერხა ტანმაღალი ხორვატების განეიტრალება საკუთარ ფართან და თავდასხმაშიც არ უთამაშია ურიგოდ.

აშკარად მეტს ველოდი ლევან ფაცაციასგან - თავდასხმაში აქტიურობით უნდა გამოიჩინოს თავი.

პირველი მატჩის მსგავსად, დაცვაში ახლაც კარგად გაისარჯა ბესო ლეჟავა, მაგრამ თავდასხმაში პროდუქტიულობა აკლდა.

გუშინდელი დღე აშკარად არ იყო ვიქტორ სანიკიძისა, იმის მიუხედავად, რომ 15 ქულა შესძინა გუნდს, რამდენჯერმე ეფექტური თამაშითაც გამოირჩა და, რაც მთავარია, მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე ისეთი სამქულიანი ჩააგდო, გამარჯვების ნაპერწკალი რომ ჩაგვისახა, თუმცა მისგან ჩირაღდნის ანთება ვერ მოვახერხეთ, არადა, შეგვეძლო.

მარკოიშვილიც არ ჰგავდა საკუთარ თავს: დაცვაში კარგი იყო, მაგრამ თავდასხმაში მოიკოჭლებდა.

შესაძლოა, ეს იმანაც განაპირობა, რომ ცინცაძესა და ჰიკმანს არ შეუშალა ხელი. ეს ორი კალათბურთელი კი გუშინ მართლაც შეუდარებელი გახლდათ.

პოლონელებთან მატჩის შემდეგაც ვთქვი, რომ ჰიკმანი შესანიშნავი მოთამაშეა და მომავალ მატჩებში აუცილებლად გაგვახარებს-მეთქი.

ასეც მოხდა. რაც შეეხება "ბუს", მას ბავშვობიდან ვიცნობ და მისგან ისეთი თამაში, როგორიც პოლონელებთან და, განსაკუთრებით, ხორვატებთან ვნახე, რატომღაც არ მახსენდება: გუშინ დროული ბურთებიც ჩაყარა, ხუთჯერ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, დაცვაშიც სწორი ჯარიმები აიღო, სამქულიანიც ჩააგდო და ერთადერთხელ არ გაუმართლა - ბოლო წამზე მისი ტყორცნა უზუსტო გამოდგა, არადა, სწორედ იმ ორქულიანს შეეძლო ჩვენთვის გამარჯვების მოტანა.

გულდასაწყვეტი მარცხის მიუხედავად, დაკარგული ჯერ არაფერია. ჩვენმა ნაკრებმა დაანახვა ევროპას, რომ მათთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, დავჯაბნოთ კიდეც.

დღეს ბიჭები დაისვენებენ. ხვალ სლოვენია გვყავს მეტოქედ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სწორი, გაზრებული თამაშით მასპინძლების დამარცხებაც შეიძლება, რაშიც სლოვენია-ჩეხეთის მატჩმაც დაგვარწმუნა.

მეორე ეტაპზე გასასვლელად შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. კარგად დაწყებული საქმე კარგადვე უნდა დავაგვირგვინოთ. ქართველ კალაბურთელებს ეს ხელეწიფებათ და მჯერა, რომ არ გაგვაწბილებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული