სლოვენია VS საქართველო - საქართველო საშიშია!

AutoSharing Option
ფოტოზე: სლოვენიას ევრობასკეტზე 2011 წელსაც შევხვდით

7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მესამე მატჩში დაუპირისპირდება სლოვენიას, რომელიც პირველობის მასპინძელია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის დროით 22:50 სთ-იდან განახორციელებს.

თანაც, 5 სექტემბერს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს მოუგო და ერთი შეხედვით მასთან გამარჯვების შანსი მცირეა. თუმცა აგვისტოშიც დავწერე და ახლაც განვმეორდები: სასტარტო ხუთეული სლოვენიას ჩვენზე უკეთესი ნამდვილად არ ჰყავს და ამ გუნდთან გამარჯვების შანსი გვაქვს.

შეხვედრის შედეგი უამრავ კომპონენტზე იქნება დამოკიდებული და რომელი მხარე როგორ შეასრულებს მწვრთნელის მითითებებს, ეს თამაშისას გამოჩნდება.

რაც შეეხება
სლოვენიელების ესპანეთთან გამარჯვებას, ერთი ადგილობრივი გულშემატკივარი ესპანელ ჟურნალისტს გამოუტყდა - რადგან თქვენ გაცილებით ძლიერი შემადგენლობა გყავთ, თამაშის წინ ვთვლიდით, 10 ქულაზე ნაკლებით წავაგებდით, თუ - მეტით. საოცარია, მაგრამ მოვიგეთო.

ამ ჟურნალისტს (ტიკო ჰქვია) წაგების მიზეზი რომ ვკითხე, მხრები აიჩეჩა - ალბათ სლოვენიელების ექსტრა-მონდომებამ იქონია გავლენაო.

სლოვენიელთა დამრიგებელმა ბოჟიდარ მალიკოვიჩმა ესპანეთთან თამაშისას საქართველოს ნაკრებზე კონკრეტულად არ ილაპარაკა:

"აქამდე ესპანეთზე ვფიქრობდით და ქართველებისთვის არ გვეცალა. ამ გუნდთან სათამაშოდ მზადებას 6 სექტემბრიდან ვიწყებთ.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი გუნდია. ვნახე ლიტვასთან ქართველების თამაში და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას - საშიში მეტოქეა".


შედარებით ვრცლად ილაპარაკა ჩვენი გუნდის შესახებ სლოვენიელთა ვარსკვლავმა გორან დრაგიჩმა:

"სერიოზულ მეტოქესთან რომ გვაქვს საქმე, საქართველოს ნაკრების შედეგებიც მოწმობს. მას თავისუფლად შეიძლებოდა ჰქონოდა ორი მოგება, მაგრამ ხორვატიასთან ბოლო წუთებზე წააგო.

ჩვენს 7 სექტემბრის მეტოქეს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. იგორ კოკოშკოვს კარგად ვიცნობ. მასთან ერთად "ფინიქსში" ვმუშაობდი, წლეულს კი "კლივლენდში" გადავიდა.

2011 წელს, როცა საქართველო ევრობასკეტზე დებიუტანტი იყო, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და რთულ ბრძოლაში დავამარცხეთ. ახლა ქართველებმა მეტი გამოცდილება მიიღეს და კიდევ უფრო რთული იქნება მათი გატეხა".


* * *
სლოვენიის ნაკრების ესპანეთთან გამარჯვება უმთავრესად გულშემატკივარმა განაპირობა. ერთ რამედ ღირდა გამწვანებული მოგუგუნე არენის ხილვა. ასეთ ატმოსფეროში მოედანზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებისთვისაც სასიამოვნო უნდა იყოს და როგორც იგორ კოკოშკოვი ამბობს, თავისუფლად თამაში ჩვენს კოზირად უნდა იქცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრების მატჩები ევრობასკეტზე:
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

ასევე იხილეთ:
[ექსკლუზივი] იგორ კოკოშკოვი: სლოვენიასთან უპირატესობა გვექნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული