სლოვენია-საქართველოს მატჩი, შუაევროპული დროით, 21 საათზე დაიწყო. მანამდე სლოვენიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ბლედის ტბის მონახულება გადავწყვიტე.
ტბის პირას კლდეზე ლამაზი ციხესიმაგრეა აღმართული, რომელშიც სლოვენიელებს საინტერესო მუზეუმი მოუწყვიათ. ერთ-ერთ კოშკზე ასვლისას კოშკივით მაღალი (225 სმ სიმაღლის) კაცი შემხვდა - არვიდას საბონისი.
მისი დამსახურებების ჩამოთვლას არ მოვყვები, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველა დროის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელადაა აღიარებული.
ბატონი არვიდასი ამჟამად ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. სწორედ მისი ქვეყნის ნაკრებთან გამართა საქართველომ ბოლო ამხანაგური მატჩი ევრობასკეტის წინ. გამარჯვების
ბლედის ციხესიმაგრეზე არვიდას საბონისს არაერთმა სთხოვა სურათის გადაღების ნებართვა და როცა ვუთხარი, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ-მეთქი, მხრები აიჩეჩა - დღეს ლიტვის ნაკრებს დასვენება აქვს, ბლედზე იმიტომ წამოვედი, რომ მეც ამომესუნთქაო...
თუმცა, როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავი, გაიღიმა - ერთი კი არა, თუ გინდა ორი და მეტი მკითხეო.
ჯერ ზოგადად ევრობასკეტზე აზრის გამოთქმა ვთხოვე. მოგეხსენებათ, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სწორედ საბონისის ლიტვა იყო და საერთო შეფასებით, შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩატარდა. ასევე კარგად დაიწყო სლოვენიური ევრობასკეტი 2013...
- პირველი ეტაპის მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საინტერესო ჩემპიონატია. გუნდები ოთხ ჯგუფადაა გაყოფილი და ფავორიტის გამორჩევა ერთიდანაც არ შეიძლება. თანაბარი თამაშებია.
თავად განსაჯეთ: თითქოს ესპანეთსა და საფრანგეთს ისეთი შემადგენლობები ჰყავთ, რომ კონკურენტები არ უნდა გამოსჩენოდათ, მაგრამ საკუთარი თვალით ნახავდით, როგორ წააგო ესპანეთმა სლოვენიასთან, საფრანგეთმა გერმანიასთან ვერაფერი გააწყო, შემდეგ სერბეთი დამარცხდა... მოკლედ, თანაბარი ჩემპიონატია.
- ლიტვის ნაკრები მიმდინარე ჩემპიონატზე რა მიზნებს ისახავს?
- როგორც ყოველთვის, გუნდი მაქსიმუმისთვის იბრძვის, თუმცა დღეს ლიტვის ნაკრების შესაძლებლობების შეფასება რთულია. მიმაჩნია, რომ ჩვენი თამაში ჯერ არ გვიპოვია, ლიტვის ნაკრები ნამდვილად არ გამოიყურება ისე, როგორსაც ველით.
თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ სამი მატჩიდან ორი მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლასთან ახლოს ვართ. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- თუ ადევნებთ თვალს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას?
- ვნახე ხორვატებთან თამაში, რომელიც ქართველებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და იმასაც ვიტყვი, რომ თითქმის მოგებული იყო.
ყოველთვის დასანანია ასეთი თამაშის წაგება. თუმცა, რას ვიზამთ, თამაში თამაშია და ყოველთვის ისე არ მთავრდება, როგორც ჩვენ გვსურს.
- ლიტვაში საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და დამატებით დროში დამარცხდა. ელოდით ასეთ წინააღმდეგობას?
- ლიტვაში გამართული თამაშის წინ ზოგი ამბობდა, ქართველები ჩამოვიდნენ და მშვიდად მოვიგებთო, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს ნაკრებმა სწორედ ლიტვაში დაგვარწმუნა, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ძლიერი გუნდის გაწბილება შეუძლია.
წარმატებებს გისურვებთ.
ვაჟა სიმონიშვილი ბლედიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი ევრობასკეტ 2013-ზე
საქართველო-ესპანეთი 59:83 - HASTA LUEGO EUROBASKET
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]