მანუჩარ მარკოიშვილი: ერთადერთი, ვინც ხორვატებთან ცუდად ითამაშა, მე ვიყავი

AutoSharing Option
2011 წლის ევრობასკეტისგან განსხვავებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი პირველივე ეტაპზე დასრულდა.

გარდა იმისა, რომ ამჯერად მეტოქეებიც გაცილებით ძლიერი გვყავდა, ხორვატიასა და სლოვენიასთან ბოლო წამებზე წაგებულმა მატჩებმა ჩვენი ნაკრების ლიდერები არამხოლოდ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც "გამოფიტა"...

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან, მანუჩარ მარკოიშვილთან ინტერვიუ ჩავწერეთ ესპანეთთან მატჩის შემდეგ, რომელიც მანუმ ჩეხებთან მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები თბილისში ოთხშაბათ დილით დაბრუნდა და უახლოეს დღეებში მწვრთნელებისა და კალათბურთელების არაერთ შეფასებასაც მოვისმენთ, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ეპიცენტრიდან "ცხელ გულზე" გაკეთებულ შეფასებებსაც თავისებური ხიბლი აქვს...

-
სლოვენიაში ჩვენი გუნდის გამოსვლის შეფასება ისე შეიძლება, რა მხრიდანაც შევხედავთ: ცუდია, რომ ხუთიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და რაც შეეძლოთ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს...

NBA-ს მოთამაშეების გამოკლების მიუხედავად, უძლიერეს ნაკრებებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, დასანანი წაგებები გადავიტანეთ...

ამ ეტაპზე მეტი ვერ შევძელით, დანარჩენი კი ხალხმა შეაფასოს...

- საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ პირველი მატჩი მოიგო, ბოლო ორ შეხვედრაში კი დიდი ანგარიშით დამარცხდა... ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ გამძლეობა ეყო, გუნდი მხოლოდ მანამდე თამაშობდა?
- არ მიყვარს რაღაცებზე გადაბრალება და თავის მართლება... ფაქტია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ.

ყველა ხედავდა, რომ ეპიზოდებში, როცა დროულად უნდა დავბრუნებულიყავით დაცვაში, მოთამაშეებს ფეხები აღარ მიჰყვებოდათ, მაგრამ ეს მაინც არ არის გასასამართლებელი მიზეზი, გადამწყვეტი მატჩი ასე არ უნდა წააგო!

- მატჩებს სათითაოდ მივყვეთ: პოლონელები რის ხარჯზე დაჯაბნეთ?
- პირველ მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდით. შევეცადეთ, საკონტროლო მატჩებისას დაშვებული შეცდომები აღარ გაგვემეორებინა, პოლონელთა თავდამსხმელებს სივრცე შევუზღუდეთ და ამის გამო თავდასხმაშიც უფრო ლაღად ვთამაშობდით...

ხორვატებთან მატჩშიც თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, თუმცა არა მხოლოდ ბოლო წამებზე, შეცდომები იმ ეპიზოდებშიც დავუშვით, როცა მატჩში გარდატეხა უნდა შეგვეტანა. ბუნებრივია, რომ გამოცდილმა ხორვატებმა ეს არ გვაპატიეს...

- ბოლო წამებზე, როცა ტომიჩმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო, მისი ჯარიმის ხარჯზე შეჩერება ხომ არ აჯობებდა?
- მე კი პირიქით ვიკითხავ - ტომიჩს რომ ვერ ჩაეგდო და ჩვენ მოგვეგო, მაშინაც იტყოდა ხალხი, ჯარიმა უნდა აგვეღოო?! რაკი მოხდა, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო და ახლა სხვა ვარიანტების განხილვა წაგებაში ვიღაცის დადანაშაულება გამომივა...

ბიჭებმა საუკეთესო თამაში ჩაატარეს და ხორვატებს ღირსეულად ვებრძოლეთ. ერთადერთი, ვინც ცუდად ითამაშა, მე ვიყავი. ყველაზე მეტად ამან დამწყვიტა გული.

- სლოვენიასთანაც ბოლო წამებზე დამარცხდით...
- სლოვენია ტურნირის მასპინძელია და ვიცოდით, რომ დახმარება ექნებოდა. მხოლოდ მაყურებელი ეხმარებოდა თუ სხვა ფაქტორებიც, მკითხველმა თავად განსაჯოს. მასპინძლებთან მატჩამდე ერთდღიანი დასვენება გვქონდა და ნაწილობრივ ძალები აღვიდგინეთ, მაგრამ უფრო "გრძელი" სათადარიგოთა სკამის ხარჯზე მასპინძლებმა მაინც გაიმარჯვეს...

ძალიან დასანანი მარცხი იყო, რადგან მოგების რეალური შანსი გვქონდა.

- ჩეხეთთან წაგება მხოლოდ ფიზიკური და მორალური რესურსის ამოწურვის ბრალი იყო?
- ჩეხებმა ჩვენამდე არანაკლებ მაღალ დონეზე ითამაშეს სამი მატჩი. ასე რომ, სისულელეა, თითქოს ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვების. ჩეხებმა ძალიან სწრაფი კალათბურთი ითამაშეს, ორქულიანი დისტანციიდან კი 60 ქულა ჩაგვიგდეს, პირველ შეტევებში 25 ქულა აიღეს...

ეს სტატისტიკაც აჩვენებს, რომ არ გვყოფნიდა ენერგია, დაცვაში დაბრუნება რომ მოგვესწრო და მათ სწრაფ შეტევებს გავმკლავებოდით.

გამძლეობა? ამაზე ლაპარაკი ძალიან მიმძიმს, რადგან, როცა ევროპის ჩემპიონატზე მიდიხარ, რესურსი სულ უნდა გქონდეს...

ესპანელებთან მატჩზე კი რა უნდა ვთქვა? დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, ახალგაზრდებმა ყველას აჩვენეს, რომ საქართველოს ნაკრებს ღირსეული მომავალი ეზრდება. იმედია, გულშემატკივარიც დაინახავს იმ დადებით მომენტებს, რაც მე დავინახე პირინეელებთან შეხვედრაში...

- ძირითადმა დატვირთვამ 5-6 მოთამაშეზე კი გადაიარა, მაგრამ... ნაკრები ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული?
- ცდილობთ მათქმევინოთ, რომ ნაკრები გადაღლილი იყო. ასეთ შემთხვევაში ბოდიში და რაღაცებზე გადაბრალება გამომივა. ბიჭები ყველა თამაშში მაქსიმალურად დაიხარჯნენ. ალბათ, ამაზე მეტს ვერ გავაკეთებდით. რომ შეძლებოდათ, ჩეხეთთან მოვიგებდით კიდეც!

თუ არ ხარ მზად, ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა წახვიდე და არც პროფესიონალიზმზე უნდა გქონდეს პრეტენზია! თავის მართლებაზე იოლი რა არის?

რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2013-ზე
საქართველო-ესპანეთი 59:83 - HASTA LUEGO EUROBASKET
საქართველო-ჩეხეთი 79:95 - გადავი-ჩეხეთ [VIDEO]
საქართველო-სლოვენია 68:72 - მსაჯობამ გვაჯობა! [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 76:77 - რა ცოტა დაგვაკლდა... [VIDEO]
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]

ასევე იხილეთ:
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?
მკითხველის კომენტარები / 8 /
მანუჩარ მთავარია შეგვიძლია ეს ყველამ ნახა ყველაფერი კარგად იქნება !!! კარგი კაცი ხარ ყველას გენაცვალეთ ბიჭებო!!!
imediani
15:54 13-09-2013
0
მანუ, კაცური კაცი ხარ! შენ და ყველა ჩვენს ბიჭებს დიდი მადლობა თავგანწირვისა და ევროასპარეზზე საქართველოს სახელის გატანისთვის!
giorgi
12:14 13-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული