იგორ კოკოშკოვი: სერბეთის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებთან ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.

შესაბამისად, გაჩნდა კითხვა - გააგრძელებს იგი თანამშრომლობას ფედერაციასთან?

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგებს სწორედ იგორ კოკოშკოვის ხელში მიაღწია, ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რაშიც მწვრთნელსაც დიდი წვლილი მიუძღვის.

თავის მხრივ, ჩვენი ნაკრები დაეხმარა კოკოშკოვს ევროპაში სახელის მოხვეჭაში. ჯერ კიდევ 2011 წელს, როცა "პანათინაიკოსის" მთავარ მწვრთნელად ბატონი იგორის კანდიდატურა განიხილებოდა, ბერძნები წერდნენ: ამერიკაში ასისტენტია, მაგრამ მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც აქვს - საქართველოს ნაკრები
ევროპის ჩემპიონატზე მეორე რაუნდში ათამაშაო.

გავიდა კიდევ ორი წელი და ევრო-2013-ის შემდეგ თანამდებობიდან სერბეთის დამრიგებელი დუშან ივკოვიჩი რომ გადადგა, მის შემცვლელად, ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად სწორედ საქართველოს ნაკრების თავკაცს ასახელებენ.

ამ საქმეში ჩვენმა მწვრთნელმა დიდი პლუსი აგვისტოში დაიწერა, როცა ქართველებმა სერბეთი ამხანაგურად დაამარცხეს.

იგორ კოკოშკოვს სერბული გამოცემა "ჟურნალის" კორესპონდენტი ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ესაუბრა. აი, რა უთხრა ამერიკაში მომუშავე სპეციალისტმა:

- ჩემთვის დიდი პატივია ნაციონალურ გუნდში მუშაობა, მაშინაც კი, როცა სხვა ქვეყანას წარმოვადგენ.

ხოლო, როცა საქმე საკუთარ სამშობლოს ეხება, ყველა კითხვა მოხსნილია. სერბეთის ნაკრების გაწვრთნა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება.

ამ პასუხიდან ნათელია, რომ კოკოშკოვი სერბეთიდან წინადადებას თუ მიიღებს, დათანხმდება კიდეც.

მით უმეტეს, მომავალ წელს ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ელის, რომლის საგზური დუშან ივკოვიჩის გუნდმა წლეულს მოიპოვა.

საკითხავია, რას უპასუხებს სერბი სპეციალისტი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ნაკრების გაძღოლა კიდევ ორი წლით რომ შესთავაზოს?

როგორც პოლონელ ჟურნალისტებს უთხრა, ბატონი იგორი ფედერაციასთან დალაპარაკებას ელის.

თავის მხრივ, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა, რომ იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებში თავისი საქმე უკვე გააკეთა და ახალი დამრიგებელი გვჭირდება.

ასევე იხილეთ: ბესიკ ლიპარტელიანი: საქართველოს ნაკრებს, ალბათ, ახალი მესაჭე სჭირდება

შემცვლელზე კი ფედერაციის არჩევნების შემდეგ მოსულმა ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოსო.

ითქვა: არჩევნები 14 დეკემბრამდე გაიმართებაო და საქმე ისე იწელება, შესაძლოა საარჩევნო ყრილობა სწორედ 13 დეკემბერს ჩატარდეს. შემდეგ, ფედერაცია ვიდრე დალაგდება, ვიდრე მწვრთნელის საკითხზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება...

იგორ კოკოშკოვთან საქმის გარკვევას ვინ ჩივის, ისე არ მოხდეს, 2014 წლის შესარჩევი მატჩებისთვის ნაკრების შესაფერის მწვრთნელთან შეთანხმება ვერ მოესწროს. საამისო გამოცდილება გვაქვს:

მოლაპარაკებები ხშირად 3-4 თვე გაგრძელებულა. სულელები კი არ იყვნენ გერმანელები, სვეტისლავ პეშიჩი ნაკრების თავკაცად 2011 წელს გამართული ევრობასკეტის დასრულებისთანავე რომ დანიშნეს. კარგ სპეციალისტებს დროულად უნდა შესთავაზო ხელშეკრულება.

ახალ მწვრთნელს ხომ დრო დასჭირდება ქართული კალათბურთის რესურსის შესასწავლად როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუ ახალი დამრიგებელიც იგორ კოკოშკოვს მიჰბაძავს და შიდა ჩემპიონატის თუნდაც ერთ თამაშზე დასასწრებად არ ჩამოვა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული