ნაკრების გენერალური სპონსორი "ნატახტარი" ფედერაციასთან ხელშეკრულებას ახანგრძლივებს

AutoSharing Option
კომპანია "ნატახტარი" საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

ნაკრების გენერალური სპონსორი კალათბურთის ფედერაციასთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდა, რომელიც 4 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა.

კომპანია "ნატახტარი" ეროვნულ ნაკრებს 2011 წლიდან საკუთარი ბრენდის, "ქარვას" სახელით სპონსორობდა.

მხარეები ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და ხელშეკრულებას კიდევ 2 წლით ახანგრძლივებენ, თუმცა ამჯერად კალათბურთელთა ნაკრებს სპონსორობას კომპანიის სახელწოდება "ნატახტარით" გაუწევს.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის სამსახურის უფროს თორნიკე ნიკოლაიშვილს "ნატახტარის" ლოგოიანი ეროვნული ნაკრების მაისური და ნაკრების წევრთა ავტოგრაფებიანი საკალათბურთო ბურთი გადასცა, რის
შემდეგაც მასმედიისთვის კომენტარები გაკეთდა...

ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
"უკვე სამი წელია, რაც კომპანია "ნატახტართან'' ვთანამშრომლობთ. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ დიდი დახმარება გაუწია კალათბურთის ფედერაციას, როგორც გენერალურმა სპონსორმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ნატახტართან'' თანამშრომლობა კიდევ 2 წლით გრძელდება და ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას დახვდება ბიუჯეტში ის 260 ათასი ლარი, რომელიც კალათბურთის განვითარებას მოხმარდება".

თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია "ნატახტარის'' მარკეტინგის დირექტორი:
"ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ უკვე სამი წელია, კალათბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორები ვართ. თანამშრომლობას ვაგრძელებთ კიდევ ორი წლით. ჯამური თანხა დაახლოებით 260 ათასი ლარია.

იმ შემთხვევაში კი, თუ ეროვნული ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა, რაშიც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, იქნება ბონუსებიც. მადლობა მინდა გადავუხადოთ კალათბურთის ფედერაციას, რადგან ამ თანამშრომლობის გაგრძელების საშუალება მოგვეცა".

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული