საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: უკრაინა, მოვდივართ!

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2011, ევრობასკეტი 2013... ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატები ჯერჯერობით ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

"საქართველოს ნაკრებმა, მართალია, პლეი ოფს ვერ მიაღწია, მაგრამ თავისი ორიგინალური სტილითა და ხასიათით თავისი კვალი დატოვა როგორც 2011 წლის, ასევე 2013-ის ევრობასკეტზე," - გაიხსენა ლიტველმა ლეგენდამ სერგეიუს იოვაიშამ.

2011 წელს ევროფორუმს ლიტვამ უმასპინძლა, 2013-ში - სლოვენიამ. ქართულ კალათბურთთან ორივე ქვეყანა ძალიან ახლოსაა, თუმცა არის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც ჩვენთან კულტურულადაც ახლოსაა და კალათბურთითაც. მათ შორისაა უკრაინა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ საქართველოს, უკრაინისა და იტალიის კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტების (შესაბამისად, ბესიკ
ლიპარტელიანის, ალექსანდრ ვოლკოვისა და დინო მენეგინის) თაოსნობით შევიდა ფიბა-ევროპაში წინადადება ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24-მდე გაზრდის შესახებ. მასპინძელი ლიტველები კი უმალ დაყაბულდნენ.

ურთიერთობის კონტექსტში უკრაინა და საქართველო მართლაც ახლოს არიან, არც გეოგრაფიულად არიან ცხრა მთითა და ცხრა ზღვით დაშორებულები, საკალათბურთო თვალსაზრისით კი დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთივე მანძილზეა უკრაინასთან, როგორც, ვთქვათ ისლანდია.

აი, რას ვგულისხმობთ: ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი სწორედ უკრაინაში გაიმართება და საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ისეთივე გზა აქვს გასავლელი, როგორიც ისლანდიას.

ეს პუბლიკაცია 2013-ისა და 2014-ის მიჯნაზე შემთხვევით არ გამოჩენილა, სწორედ 13-ში ნაჩვენები შედეგები გადაწყვეტს შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ რომელ კალათში მოხვდება ჩვენი ნაკრები.

2015-ის ევრობასკეტის შესარჩევი 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართება და დღესვე თამამად შეიძლება ითქვას - ქართული კალათბურთის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ერთი იმიტომ, რომ 2004 წელს შეკრებილი ნაკრების ძირითადი ბირთვი 2015 წლის ევრობასკეტისთვის 29-32 წლისა იქნება და სწორედ ამ ასაკში უნდა მიაღწიოს კარიერის მწვერვალს.

შესაძლოა, უკრაინის ევროპის ჩემპიონატი ბოლო შანსი იყოს ზოგიერთი მათგანისთვის.
და მეორეც: მეგობარ ქვეყანაში გასამართ ევრობასკეტზე მოხვედრა ქართული კალათბურთის პოპულარიზაციისა და სახელისთვის იდეალური იქნება - დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ გულშემატკივრების სიუხვითა და ხმაურიანობით მხოლოდ მასპინძლებს თუ ჩამოვრჩებით.

წარმოიდგინეთ, ევრობასკეტი-2015-ზე ვერმოხვედრა, რამდენ ქართველს მოაკლებს უცხო ქვეყანაში საკუთარი დროშის წინაშე ამაყად დგომის სიხარულს.

ვის დავეჭიდებით?
დავიწყოთ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატიდან. ამ შეჯიბრების შვიდმა საუკეთესო ნაკრებმა მუნდიალი-2014-ის საგზური ავტომატურად მიიღო. ისინი ასევე უშესარჩევოდ მოხვდნენ 2015 წლის უკრაინის ევრობასკეტზე.

"შესანიშნავ შვიდეულს" დაემატება კიდევ ორი ევროპული გუნდი, რომლებიც თებერვალში მსოფლიოს ჩემპიონატის "ველურ ბარათს" მიიღებენ.

მართალია, ჯერ დაზუსტებით არავინ იცის, 4 ბარათიდან ევროპას რამდენს მისცემენ, მაგრამ ექსპერტების მტკიცებით, ორი იქნება. 500 ათას ევროსთან ერთად განაცხადი შეიტანეს რუსეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, თურქეთმა, გერმანიამ...

როცა კალათბურთის ფედერაციაში ვიკითხე, ქართველებმა რატომ არ შევიტანეთ განაცხადი-მეთქი, მოკლე პასუხი მივიღე: 500 ათასს თავი რომ დავანებოთ, ფიბა-ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, გუნდს წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონოდა გარკვეული შედეგი... საქართველოს ნაკრები კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

მუნდიალი-2014-ის მონაწილე შვიდეულს უნდა მივუმატოთ ორი "ველური" ბარათის მეპატრონე და ესტონეთის ნაკრები.

ბალტიისპირელები ევრო-2015-ის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ. ესტონეთი, 2013 წლის ევრობასკეტზე არ თამაშობდა და უკრაინის საგზური როგორ მოიპოვა? - იკითხავთ.

უცნაურია, მაგრამ ასეა: ფიბა-ევროპამ 2013 წელს, იმ გუნდებისთვის, რომლებიც ევრობასკეტზე ვერ მოხვდნენ, შესარჩევი შეჯიბრება მოაწყო, რომლის გამარჯვებულმაც ევრო-2015-ის საგზური მიიღო. ფინალში ესტონელებმა ბულგარეთი დაამარცხეს.

2014 წელს გასამართ ევროშესარჩევზე ზემოთ ნახსენები ათეულის გამოკლების შემდეგ 30-მდე ნაკრები დარჩა.

დღეს ზუსტი ციფრის დასახელება ორი მიზეზით არ შეგვიძლია - "ველური ბარათისა" და ქვეყნების სურვილის გამო.

რას ვგულისხმობთ სიტყვა "სურვილში"? ახლავე მოგახსენებთ: 2012 წელს აზერბაიჯანს ევრობასკეტის საგზურის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, 2013-ში კი გუნდი საერთოდ არ გამოჩენილა ასპარეზზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ აზერები წლეულს შესარჩევში მონაწილეობაზე უარს აღარ იტყვიან.

მათ მსგავსად შეიძლება გამოჩნდეს კიდევ ზოგიერთი ქვეყანა. თუმცა ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიბა-ევროპა გუნდების რაოდენობას 30-ს არ გადააცილებს.

რა გზით მოვხვდეთ უკრაინაში?
ფოთიდან შავი ზღვის გავლით უკრაინის საპორტო ქალაქებში გემებიც დადის და ეგრეთ წოდებული "კომეტებიც", ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო ბილიკიც დაქნილია... თუმცა ამ ქვეთავის სათაურში სხვა შინაარსის შეკითხვაა - საქართველოს ნაკრებმა რა გზით უნდა იაროს ევრობასკეტზე მოსახვედრად?

მართალია, ფიბა-ევროპას გადაწყვეტილებათა სწრაფი ცვალებადობით არაერთხელ გავუოცებივართ, მაგრამ ამჯერად შესარჩევი ეტაპის ფორმატში ძირეულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ (თუმცა მიმაჩნია, რომ შესაცვლელია - შეიძლებოდა, გუნდები ოთხგუნდიან ჯგუფებად გაყოფილიყო და აგვისტო-სექტემბრის 24-დღიან შუალედში 8-ის ნაცვლად 6 მატჩი ჩაეტარებინათ).

2014 წელს გასამართი შესარჩევი ეტაპი 2012-ის ანალოგიური უნდა იყოს: გუნდები ხუთგუნდიან ექვს ჯგუფად გაიყოფა და პირველ-მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) ავტომატურად მიიღებენ ევრო-2015-ის საგზურს.

მესამეადგილოსნებიდან საუკეთესო მაჩვენებლის გუნდები ამოირჩევა, იმდენი, რამდენიც 24 ადგილის შესავსებად იქნება საჭირო.

შესარჩევი ტურნირი მიმოსვლითი სისტემით (შინ და სტუმრად) ჩატარდება.

წილისყრა როდის იგეგმება?
ეს ის შემთხვევაა, როცა ფიბა-ევროპა სხვაზეა დამოკიდებული. ოფიციალურ საიტზე დაიწერა, რომ შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება იანვარში, მას შემდეგ, რაც ფიბა მსოფლიოს ჩემპიონატის "ველურ ბარათებს" დაარიგებს და გადაწყდება, ზუსტად რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას ევრო-2015-ის შესარჩევში.

თუმცა ბოლო ინფორმაციით, ფიბა ბარათების მფლობელ ოთხ ნაკრებს თებერვლის დასაწყისში გამოაცხადებს. შესაბამისად, ევრო-2015-ის შესარჩევის წილისყრაც თებერვლისთვის გადაიდო. სხვა რა გზაა, უნდა დაველოდოთ.

გუნდები კალათებში "ველური ბარათების" გაცემის შემდეგ დანაწილდება, თუმცა ისევ და ისევ წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, დღესვე შეგვიძლია გუნდები საკუთარი ხელით განვათავსოთ ხუთ კალათში.

საამისოდ საჭიროა ევრობასკეტი-2013-ისა და 2013 წელს გამართული შესარჩევი ეტაპის გუნდები შედეგების მიხედვით დავახარისხოთ. ოღონდ ერთი ნიუანსი მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს: მას შემდეგ, რაც ფიბა "ველურ ბარათებს" გასცემს, ჩვენ მიერ შედგენილ კალათებს იმდენი ნაკრები გამოაკლდება, რამდენი ევროპელიც მიიღებს ბარათს.

შესაბამისად, თუ ორი ის გუნდი მოხვდა მსოფლიოზე, რომელიც კალათში საქართველოს ნაკრებზე წინ იყო, ჩვენი გუნდი ზემოთ ორი საფეხურით აინაცვლებს. თუმცაღა, საქართველოს ნაკრებისთვის ერთი საფეხურიც საკმარისია მესამედან მეორე კალათში გადასასვლელად.

დანარჩენზე, კალათების გადახედვის შემდეგ თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილენი ევროპიდან:
საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, უკრაინა, სერბეთი

ევრო-2015
ესტონეთი - 2013 წელს შესარჩევი მოიგო და ლიცენზია 2 წლით ადრე მოიპოვა.

ევრო-2015-ის შესარჩევი
I კალათი
იტალია - ევრობასკეტი-2013-ის
პლეი ოფი
ფინეთი - ევრობასკეტი-2013-ის
II ეტაპი
ბელგია - ევრობასკეტი-2013-ის
II ეტაპი
ლატვია - ევრობასკეტი-2013-ის
II ეტაპი
საბერძნეთი - ევრობასკეტი-2013-ის
II ეტაპი
ბოსნია - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (3 მოგება/2 წაგება)

II კალათი
დიდი ბრიტანეთი - ევრობასკეტი-2013-ის I ეტაპი (2 მოგება/3 წაგება)
ჩეხეთი - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (2 მოგება/3 წაგება)
ჩერნოგორია - ევრობასკეტი-2013-ის I ეტაპი (2 მოგება/3 წაგება)
გერმანია - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (2 მოგება/3 წაგება)
მაკედონია - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (1 მოგება/4 წაგება, -13)
ისრაელი - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (1 მოგება/4 წაგება, -16)

III კალათი
საქართველო - ევრობასკეტი-2013-ის I ეტაპი (1 მოგება/4 წაგება, -26)
რუსეთი - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (1 მოგება/4 წაგება, -26)
თურქეთი - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (1 მოგება/4 წაგება, -43)
შვედეთი - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (1 მოგება/4 წაგება, -46)
პოლონეთი - ევრობასკეტი-2013-ის
I ეტაპი (1 მოგება/4 წაგება, -48)
ბულგარეთი - 2013 წლის შესარჩევი (ფინალისტი)

IV კალათი
შვეიცარია - 2013 წლის შესარჩევი
ავსტრია - შესარჩევი, 2013 წელი
ბელარუსი - შესარჩევი, 2013 წელი
სლოვაკეთი - შესარჩევი, 2013 წელი
ისლანდია - შესარჩევი, 2013 წელი
პორტუგალია - შესარჩევი, 2013 წელი

V კალათი
რუმინეთი - შესარჩევი, 2013 წელი
ჰოლანდია - შესარჩევი, 2013 წელი
უნგრეთი - შესარჩევი, 2013 წელი
ლუქსემბურგი - შესარჩევი, 2013 წელი
დანია - შესარჩევი, 2013 წელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული