თითქმის... საქართველოს ნაკრები და იგორ კოკოშკოვი

AutoSharing Option
როგორც ვივარაუდეთ, დიდი ალბათობით კალათბურთის სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი საქართველოს კიდევ ორი წლით გაწვრთნის.

სიტუაციაში გარკვევის მიზნით ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის კომენტარი მოვისმინოთ:

”ამჟამად მთავარი მწვრთნელობის ორი კანდიდატია, რომელთაგან ერთის ვინაობას ვერ გავამხელ. ერთი კი იგორ კოკოშკოვია, სპეციალისტი, რომელიც ჩვენს ნაკრებს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მან ნაკრებში მუშაობის გაგრძელების სურვილი წინასწარ კი გამოთქვა, მაგრამ ჯერ კონტრაქტის საკითხი არ გადაწყვეტილა.

შეიძლება ითქვას, რომ 80 პროცენტით კოკოშკოვი ჩვენთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც "კლივლენდის" ხელმძღვანელობასთან უნდა შეთანხმდეს. იგი ხომ NBA-ს ამ
გუნდში მუშაობს”.

* * *
2008 წელს საქართველოს ნაკრები გზაგასაყარზე აღმოჩნდა: ერთ გზას მეორე დივიზიონისკენ მივყავდით, მეორეს - ევრობასკეტისკენ... მოკლედ, როგორც მყინვარისკენ მიმავალ მგზავრებს ქართველ კალათბურთელებსაც სჭირდებოდათ წინამძღოლი, რომელსაც ხელთ ჯიპიესი ექნებოდა და ყველაზე მოკლე გზით მიგვიყვანდა ევრობასკეტზე.

2004-დან მოყოლებული, ოთხი წლის განმავლობაში სამი უცხოელი მწვრთნელი გამოვიცვალეთ და სამივე შემთხვევაში დავრწმუნდით, რომ მაღალი დონის გუნდებში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი სჭირდებოდათ.

მოვიდა 2008 წლის ივნისი და კლუბ "12 მაგიდაში" მოწყობილ პრესკონფერენციაზე კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს დაგვირიგეს აკინძული ფურცლები, რომელზეც ეწერა - იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი. ამჟამად "დეტროიტ პისტონსში" ლარი ბრაუნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს...

ეს ერთი შეხედვით ბევრს ნიშნავდა, მაგრამ უფრო მეტი სკეპტიკურად იყო განწყობილი - კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებამდე უმაღლეს დონეზე მთავარ მწვრთნელად არ ემუშავა და ევროპულ კალათბურთში თავისი საქმით ბევრი არ იცნობდა.

თუმცა მისტერ იგორიც სწორედ იმიტომ დათანხმდა საქართველოს ნაკრების გაწვრთნას, რომ მისი გვარი ევროპაშიც გაჟღერებულიყო.

იღბლიანი და მომავლის კარგად გათვლის ნიჭით დაჯილდოებული სპეციალისტი აღმოჩნდა - წინასწარ გათვალა, რომ მეორე ეშელონში მოყურყუტე საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი ჰქონდა და არათუ პირველ დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც შეეძლო.

"კვირის ლელოში" გამოქვეყნებული წინა საკალათბურთო სტატიაში საქართველოს ნაკრების სამ ერაზე ვილაპარაკეთ. ეს პერიოდი 1994-2004 წლებს მოიცავდა. დღეს ნაკრების კიდევ ორ მნიშვნელოვან ეპოქას შევეხებით, რომელიც გუნდმა იგორ კოკოშკოვის ხელში გაიარა. პირველია 2008-2011 წლები, მეორე - 2012-13.
იხილეთ: იმ გორიდან იგორამდე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელები

2008-11
ამ ოთხწლიან პერიოდში იგორ კოკოშკოვი მის ხელთ არსებულ რესურსს ორად ჰყოფდა - სასტარტოებად და სათადარიგოებად. შესაბამისად, ვღებულობდით NBA-სეულ სურათს, როცა თამაშის მსვლელობისას ყველა კალათბურთელს თავისი განსაზღვრული დრო ჰქონდა და კარგად ითამაშებდა თუ ცუდად, მწვრთნელი მას მაინც არ ცვლიდა, ბოლომდე ენდობოდა.

მკითხველს ახლაც მკაფიოდ ემახსოვრება ამ ეპოქის სასტარტო და სათადარიგო ხუთეულები: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, ზაზა ფაჩულია. მათ ენაცვლებოდნენ: ლაშა გამყრელიძე, ნატურალიზებული ამერიკელი (ყოველ წელს იცვლებოდა), თორნიკე შენგელია, ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი შერმადინი.

რა თქმა უნდა, ამ განლაგებებში ცვლილებები ყოველ წელს შედიოდა, მაგრამ მთავარია, რომ ოთხწლიან მონაკვეთში მთავარ მწვრთნელს ჰქონდა საშუალება მოედანზე ერთმანეთის მონაცვლეობით ორი კარგი ხუთეული გამოეყვანა.

თამაშის საშუალება ყველას მეტ-ნაკლებად ეძლეოდა და მწვრთნელისადმი უკმაყოფილებაც ნაკლები იყო. ალბათ, სწორედ ამით მოიპოვა იგორ კოკოშკოვმა ნდობა ქართველ კალათბურთელებში და წლიდან წლამდე ავტორიტეტს სიმყარე შემატა. 2012 წლიდან კი ინდივიდუალური, კატეგორიული გადაწყვეტილებების მიღებაც დაიწყო... თუმცა ეს მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდის ამბებია და მანამდე 2008-11 წლების მოვლენები გვაქვს განსახილველი.

2008 წელს საქართველოს ნაკრები უკრაინულ შეკრებაზე რომ გაემგზავრა, ჩვენს ქვეყანაში რუსეთი შემოიჭრა და კალათბურთის ფედერაცია იძულებული გახდა სლოვაკეთისა და ლუქსემბურგისთვის ეთხოვა - 2008 წელს თბილისში გასამართი მატჩები საქართველოში 2009 წელს გამართულიყო. ომის გამო 2008-ში ჯგუფის ოთხივე შეხვედრა სტუმრად ჩავატარეთ, ხოლო მომდევნო წელს ყველა შინ ვითამაშეთ.

მოკლედ, 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დავთმეთ (შვედეთში 59:61) და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. პლეი ოფში კი მეტოქედ ბელარუსი გვერგო და ორი მატჩის ჯამში ისიც უკან მოვიტოვეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვედა ლიგაში ექვსწლიანი ყურყუტის შემდეგ ელიტაში აღზევებამ იმაზე დიდი სიხარული გამოიწვია, რაც მომდევნო წელს ევრობასკეტზე მოხვედრამ.

2010 წელს ჩვენი გუნდი უკვე ელიტარულ ნაკრებებს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდა. შეჯიბრება პოლონეთთან ტრიუმფით გავხსენით - 84:65. ჯგუფში ბელგიის შემდეგ მეორე ადგილი დავიკავეთ, უკან მოვიტოვეთ წინა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები, პოლონეთი და ბულგარეთი, თუმცა ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ ბელგია გავიდა.

საბედნიეროდ, საქართველოს, იტალიისა და უკრაინის კალათბურთის ფედერაციათა ხელმძღვანელების აქტიურობით ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებმა გადაწყვეტილება შეიცვალეს და 16-ის ნაცვლად 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი დაუშვეს. გაფართოებაში საქართველოც მოჰყვა და ასე მოვხვდით ქვეყნის ისტორიაში პირველ ევრობასკეტზე.

2011 წელს ლიტვაში გამართულ საკალათბურთო ფორუმზე იგორ კოკოშკოვმა გუნდი კიდევ უფრო კარგად შეათამაშა და ბელგიისა და უკრაინის ძლევით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც გიორგი ცინცაძე და ზაზა ფაჩულია ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ და პლეი ოფზე ოცნებასაც დავემშვიდობეთ.

"დებიუტანტისგან მეორე წრეში გასვლა მაინც მოულოდნელი შედეგი იყო და საქართველომ კარგი თამაშით დაამტკიცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილების სისწორე გუნდების 24-მდე გაზრდასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა ნარ ძანოლინმა.

2012-13
2011 წლის დეკემბერში იგორ კოკოშკოვი საქართველოში ორი დღით ჩამოვიდა და კახეთში, ვაზებს შორის მოწყობილი ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან ღირსების მედალიც მიიღო. თბილისში დაბრუნებულმა მწვრთნელმა კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და რეფორმებსაც მიჰყო ხელი.

2012 წლის შესარჩევი ეტაპისთვის მან საქართველოს ნაკრების მუდმივ წევრთაგან სამზე თქვა უარი. მწვრთნელი დღესაც ამბობს, პირადული არაფერი იყოო, მაგრამ ამავე დროს ტაქტიკური მოსაზრებებიდან გაურკვეველი რჩება გუნდიდან თუნდაც ლაშა გამყრელიძის, ნიკა ცქიტიშვილისა და ვლადიმერ ბოისას ამოგდება.

ვოვას იმ წელს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა თუმცა მის ნაცვლად მიწვეულებზე მეტად რომ გამოადგებოდა გუნდს, ამაში ბევრი დაგვეთანხმება. იგივე შეიძლება ითქვას გამყრელიძისა და ცქიტიშვილის შემთხვევაში.

მოკლედ, 2012 წელს მთავარმა მწვრთნელმა სკეპტიკოსები აალაპარაკა და ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა შესარჩევი ბარიერი მაინც დაძლია და მეორედ მოიპოვა ევრობასკეტის საგზური. ასეთმა შედეგმა კი ზოგს გადაავიწყა, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არ თამაშობდა (არადა, ნაკრები იმის ნაკრებია, მასში საუკეთესოები იყვნენ თავმოყრილნი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არა აქვს შედეგი ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს), ხოლო იგორ კოკოშკოვი საქართველოში სუპერლიგის პლეი ოფებზე ჩამოსვლით თავს არ იწუხებდა.

შესარჩევი ეტაპის მთელი სიმძიმე ძირითადად 7 კალათბურთელზე გადავიდა, რაც ასევე უარყოფითი მომენტია.

2013 წელს, სლოვენიაში გასამართი ევრობასკეტის წინ საქართველოს ნაკრები რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: ოპერაციები გაიკეთეს თორნიკე შენგელიამ და ზაზა ფაჩულიამ. სლოვენიაში გუნდი მათ გარეშე გაემგზავრა. თუმცა...

"საქმე გმირებთან გვაქვს. მაშინ, როცა სხვა კალათბურთელები კლუბისგან მოცალეობის ჟამს დასვენებას ამჯობინებენ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ქვეყნისთვის თავს არ ზოგავენ და უანგაროდ იცავენ საქართველოს ღირსებას", - ასეთი იყო იგორ კოკოშკოვის კომენტარი.

ორი წამყვანი კალათბურთელის არყოფნაში მოთამაშეები გაორმაგებული ენერგიით თამაშობდნენ, საკონტროლო შეხვედრაში სერბეთი დაამარცხეს, ლიტვასთან ოვერტაიმი ითამაშეს, ხოლო ევრობასკეტის გახსნით შეხვედრაში საპრიზო სამეულზე მოფიქრალ პოლონელებს ყოველგვარი იმედი გადაუწურეს (84:67).

ამას მოჰყვა ხორვატებთან და სლოვენიელებთან ბოლო წამებზე წაგებული მატჩები და ჯგუფიდან ვერგასვლის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების თამაშითა და თავგამოდებით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK
მკითხველის კომენტარები / 5 /
ar vici rogor daviwyo..kokoshkovi chemi zrit kargi mwvrtnelia.tu gundi agebs e.i. es mwvrtnelis bralia??anu qartvelebi ver acnobierebt imas rom damnashave marto mwvrtneli ki araa aramed tvit motamasheebic..tu daakvirdebit tamashebs qartvelebis mixdebit natlad kokoshkovi adzlevs sxva mititebebs da chvenebi ogondac tavi warmoichinon iq shedian sadac sahiro ar aris...gamyrelidze chemi azrit arcaa dasashvebi radgan magaze uketesac cincadze tamashobs..gamocdileba akliat axalgazrda kalatburtelebs magram roca ukve dgeba sakitxi warmochenaze saqartvelosi mxolod taviantavebs warmoachenen..ubralod sxvis gakritikebas chveni motamasheebis gakritikeba jobia..me titqmis vadevneb tamashebs chemi axloblebi ert ert gundis wevri mara misgan vici rom aq wvrtnelebis bralia araa aq motamasheebis bralica...
daad
15:53 06-03-2014
0
შესაძლებელია ჩვენს ნაკრებს უფრო დიდი მწვრთნელი სჭირდება, მაგრამ უსამართლობა ხომ არ არის კოკოშკოვის მიმართ ასეძთი კომენტარები? მე მიმაჩნია ის კარგი მწვრთნელია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული