შემდეგ ეტაპზე 6-გუნდიანი ჯგუფის ოთხი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.
წილისყრის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის ინტერვიუ, რომელიც ევრობასკეტის წილისყრას ესწრებოდა.
- ვერ ვიტყვი, გაგვიმართლაო, შეიძლებოდა შედარებით ხელსაყრელ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ხორვატიასთან ერთად ზაგრებში თავს კიდევ 2 ბალკანური ქვეყნის ნაკრები მოიყრის - სლოვენია და მაკედონია, რომლებსაც ქომაგები არ მოაკლდებათ. ეს ფაქტორი უარყოფითია
- რომელი ჯგუფი იქნებოდა ჩვენთვის უმჯობესი?
- ნებისმიერი სხვა, უფრო კი, ლატვიის ჯგუფი, სადაც ასევე არიან: ესტონეთი, ბელგია, ლიტვა, უკრაინა და ჩეხეთი. ჩვენ ამ ჯგუფში ჩეხეთის ნაცვლად მოვხვდებოდით, რაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.
- ძლიერია საფრანგეთის ჯგუფი...
- შემადგენლობით საფრანგეთის ჯგუფი შესაძლოა ჩვენსაზე ძლიერი იყოს, თუმცა გავიმეორებ იმ ფაქტორს, რომელიც უკვე ვახსენე. ხორვატიაში სლოვენიაც და მაკედონიაც თავს მეტად კომფორტულად იგრძნობენ და ჩვენ წინააღმდეგ მატჩებში, ფაქტობრივად, მასპინძლებად ჩაითვლებიან.
- შანსებზე რას იტყვით, რამდენად რეალურია საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვედრა?
- კენჭისყრის შედეგები სხვაა, ჩვენი ნაკრების ამბიციები - სხვა. უბრალოდ, არ გაგვიმართლა, რაზეც ნერვიულობა და ბევრი ლაპარაკი არ ღირს. პირიქით, ამ შედეგებმა კიდევ უფრო უნდა გააერთიანოს და საბრძოლოდ განაწყოს ჩვენი გუნდი. მჯერა, ასეც იქნება.
ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს და მჯერა, ამას მოახერხებს კიდეც, თუკი ტრავმირებული მოთამაშეები არ გვეყოლება და ევრობასკეტისთვის კარგად მოვემზადებით.
- მოსამზადებელი ეტაპის კარგად დაგეგმვას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...
- კენჭისყრაზე ყველა ნაკრების წარმომადგენელი იმყოფებოდა. აქ არიან ევროპული კალათბურთის მაღალჩინოსნები და ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრები კონტინენტის წამყვანი ნაკრებების წარმომადგენლებთან და არა მარტო მათთან.
არაერთი ქვეყნისგან წამოვიდა შემოთავაზება ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი მატჩების გამართვასთან დაკავშირებით. ჩვენ თითოეულ ვარიანტს განვიხილავთ, დავეკითხებით აზრს სპეციალისტებს და რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს, რომლებიც საბოლოოდ გადაწყვეტენ, თუ რომელ ნაკრებთან გავმართავთ საკონტროლო მატჩებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფიბამ წილი ჰყარა - ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფები და კალენდარი