გიორგი ცინცაძე: ძნელი იქნება, მაგრამ ევრობასკეტის ჯგუფიდან უნდა გავიდეთ!

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე რომ ითამაშებს, "ლელოს" მკითხველს კარგად მოეხსენება.

ორშაბათს გაიმართა ევრობასკეტის წილისყრა და ჩვენი მეტოქეებიც გაირკვა. ჩვენთან ერთად დიდი ინტერესით ელოდნენ წილისყრას საქართველოს ნაკრების კალათბურთელები, მათ შორის, გიორგი ცინცაძე, რომელიც სეზონის დასაწყისში მაკედონიურ "სკოპიეში" გამოდიოდა, თუმცა ახლახან საქართველოში ჩამოვიდა და სეზონის ბოლომდე "შსს აკადემიაში" ითამაშებს.

ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს გიორგის მოსაზრება როგორც წილისყრის შედეგებზე, ასევე მის ახალ კლუბზე.

- "შსს აკადემიაში" სეზონის ბოლომდე დარჩები თუ მენეჯერი უცხოურ ვარიანტზე მუშაობს?
- საქართველოში ვაპირებ სეზონის დასრულებას, უკრაინის
ჩემპიონიც ვარ და ესტონეთისაც, საქართველოს პირველობა კი არასოდეს მომიგია. ამიტომ არ მინდა, კარიერა ისე დავასრულო, რომ ქართული ოქროს მედალი არ მქონდეს.

- საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ორჯერ ითამაშე...
- 2003 წელს ბათუმის "ბასკოსთან" ერთად ფინალში "დინამოს" დავუპირისპირდი. მაშინ 17 წლისა ვიყავი. თანაბარი სერია გამოვიდა, თუმცა "დინამომ" გვაჯობა. შემდეგ "ოლიმპთან" ერთად გავედი სუპერლიგის ფინალში, "არმიასთან" დავმარცხდით.

- რამდენად რეალურად მიგაჩნია "შსს აკადემიას" ჩემპიონობა ამ შემადგენლობით?
- არ ვიცი, იანვარში გუნდი კიდევ შეივსება თუ არა, მაგრამ "შსს აკადემიას" ამჟამინდელ შემადგენლობასაც შეუძლია მაღალი მიზნებისთვის თამამად ბრძოლა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ იოლად დასაძლევი არც ერთი მეტოქე არ იქნება. წლევანდელ ჩემპიონატში გუნდები მეტ-ნაკლებად თანაბრადაა დაკომპლექტებული.

- საქართველოს თასის მეოთხედფინალში ორმატჩიან სერიაში დამარცხდით "ქუთაისთან". როგორ შეაფასებ ამ ორ შეხვედრას?
- პირველი მატჩი ქუთაისში ჩავატარეთ. დასაწყისში მეტოქემ გაგვასწრო. სხვაობის შემცირება კი მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გავასწარით. თბილისში კი მოგებული თამაში წავაგეთ.

ბოლო წუთებზე 11 ქულის სხვაობით ვიგებდით, მაგრამ შეცდომა შეცდომას მიემატა და "ქუთაისმა" ძირითად დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ოვერტაიმში კი თამაში ვეღარ გამოვასწორეთ.

- ევრობასკეტის წილისყრის შედეგით კმაყოფილი ხარ?
- საინტერესო მეტოქეები გვერგო. D ჯგუფი, რომელშიც ბალტიისპირელები არიან თავმოყრილნი, შედარებით "მსუბუქად" მოჩანს და იქ მოხვედრა ბევრისთვის სასურველი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, C ჯგუფში თამაში უკეთესია, რადგან მერვედფინალში ჩვენი ჯგუფის კვარტეტი სწორედ D-დან გასულებს ხვდება. ლიტვას თუ გამოვრიცხავთ, დანარჩენებთან გამარჯვების მეტი შანსი გვაქვს.

- მოკლედ შევეხოთ ჩვენი ჯგუფის მეტოქეებს...

- სლოვენიას კარგად ვიცნობთ, ენერგიული, სწრაფი გუნდია, ძმები დრაგიჩების ხარჯზე, განვლილ ევრობასკეტზე ბევრს მიაღწიეს. 2013 წელს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში ბოლო წამებზე დაგვამარცხა. მაშინ სლოვენია მასპინძელი იყო და მსაჯები წაეხმარნენ. სწორედ ამიტომ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ იმ შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით. ასევე რევანში უნდა ავიღოთ მაკედონიელებთან, რომლებთანაც ევრობასკეტზე (2011 წელს), ბოლო წამზე ბო მაკალების მიერ ჩაგდებული ორქულიანით დავმარცხდით.

- ხორვატია მასპინძელია...
- ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და თუ ევროპის ჩემპიონატისთვის სრულად შეკრიბა, პირველობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. თუმცა სლოვენიის ევრობასკეტზეც დავამტკიცეთ, რომ ხორვატებთან თანაბრად თამაში და წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. ჰოლანდიას 2012 წელს ვეთამაშეთ. ნამდვილად არ ვიცი, სადღეისოდ რა გუნდია და რა შეიცვალა ბოლო ორ წელიწადში.

- საბერძნეთის ნაკრებში დაბრუნებას აპირებს ვასილის სპანულისი...
- იგი ევროპის საუკეთესო კალათბურთელია და, თუ თანაგუნდელები არ დამეხმარნენ, მისი შეჩერება რთული იქნება, სპანულისს ხომ ევროპის წამყვანი გუნდების გამთამაშებლებიც ვერ იჭერენ. მისი დამატებით ისედაც ძლიერი საბერძნეთი კიდევ უფრო სერიოზულ გუნდად იქცევა. შანსებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ არც ჩვენი ნაკრებია იმ დონის, ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ოცნებად რომ ჰქონდეს. საუკეთესო კვარტეტში მოხვედრა რეალურია, რისთვისაც სათანადოდ უნდა მოვემზადოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

დოსიე

გიორგი ცინცაძე
დაიბადა: 07.02.1986
სიმაღლე: 192 სმ
პოზიცია: გამთამაშებელი

საკლუბო კარიერა
2001-02 თბილისის "აკადემია"
2003 "ბასკო" (ბათუმი)
2003-04 ცსკა (რუსეთი)
2004 "სამარა" (რუსეთი)
2005 "ურალ გრეიტი" (რუსეთი)
2005-06 "დინამო" (რუსეთი)
2006-09 "ტარტუ როკი" (ესტონეთი)
2009 "ტრიკალა" (საბერძნეთი)
2009-10 "დონეცკი" (უკრაინა)
2010 "სოპოტი" (პოლონეთი)
2010-11 "ტარტუ როკი" (ესტონეთი)
2012 "ოლიმპი" (თბილისი)
2012-13 "ბუდიველნიკი" (უკრაინა)
2013-14 "დონეცკი" (უკრაინა)
2014 "ჩამპვილი" (ლიბანი)
2014 "სკოპიე" (მაკედონია)
2014-15 "შსს აკადემია" (თბილისი)

მიღწევები
რუსეთის ჩემპიონი 2004
ულების თასის მფლობელი 2006
ესტონეთის ორგზის ჩემპიონი 2007, 08
ევროჩელ. ოთხთა ფინალის მონაწილე 2008
ბალტიის ლიგის "ოლ სტარის" მონაწილე 2008
ესტონეთის პირველობის საუკეთესო
კალათბურთელი 2009
საქართველოს თასის მფლობელი 2010
ესტონეთის თასის მფლობელი 2011
ბალტიის თასის გამარჯვებული 2011
უკრაინის ჩემპიონი 2013

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული