მანუჩარ მარკოიშვილი: ვისაც ტკივილით არ უთამაშია, ალბათ, ვერ გამიგებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელს მანუჩარ მარკოიშვილს ცსკა-ს ევროლიგის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვს, გუნდი ვითიბი ლიგის მოგებისკენაც მიიწევს...

მანუჩარს რუსეთში დავუკავშირდით და ვესაუბრეთ როგორც კლუბზე, ასევე ნაკრებზე. აქ მისი ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს შემოგთავაზებთ, ვრცელ ინტერვიუს კი ჟურნალ "ლელო week"-ის 4 აპრილის ნომერში იხილავთ.

ცსკა
- სეზონი კარგად დავიწყეთ, თამაშს თამაშზე ვიგებდით და ზედიზედ 30 გამარჯვება მოგვიგროვდა. ეს სერიოზული შედეგია, თუმცა შუა სეზონში წაგებებიც გამოგვერია. ვერ ვიტყვი, ჩავარდნის შედეგია-მეთქი, უბრალოდ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის ერთია გუნდის შემადგენლობა.

მწვრთნელს, დიმიტრის იტუდისს ფართო არჩევანი
აქვს, თუნდაც სტატისტიკიდან ჩანს, რომ იგი ძიების პროცესშია, უჭირს ამა თუ იმ მატჩის წინ შემადგენლობის შერჩევა. ძალიან ხშირად ცვლის სასტარტო ხუთეულს.

ახლები
- შუა სეზონში შემოგვიერთდნენ ანდრეი კირილენკო და ვიქტორ ხრიაპა. მაღალი დონის კალათბურთელები არიან, ფორმაში რომ შევლენ, ცსკა კიდევ უფრო გაძლიერდება. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ბიუჯეტი და სახელები ტიტულებს ვერ იგებს, თუ ვინმე იფიქრებს, რადგან ცსკა-ში ასეთი შემადგენლობაა, ევროლიგას და ვითიბი ლიგას მოიგებსო, შეიძლება სანანებელიც გაუხდეს.

არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორ დაუმარცხებია შედარებით მცირე ბიუჯეტის გუნდს ევროგრანდები. ამიტომ, ჯერაც ბევრს ვმუშაობთ ჩვენი სტილის ძიებასა და შეთამაშებაზე.

კირილენკოს სამი თვე გუნდთან არ ჰქონდა ნავარჯიშები, ამიტომ მას ნამდვილად უნდა პრაქტიკა, რომ თამაშის რიტმი იგრძნოს, ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდეს. მაგრამ რადგან უწინდებურად კარგად ვერ ვთამაშობთ და ზოგიერთ რიგით მატჩში დამაჯერებლად გამარჯვება გვიჭირს, მწვრთნელიც ცდილობს ფორმაში მყოფ, ძირითადი ხუთეულის კალათბურთელებს დაეყრდნოს...

ტრავმები
- ტრავმები ბოლომდე ვერ მოვიშუშე, მაგრამ ისეთ რამეზე, რისი კონტროლიც არ შეგიძლია, არ უნდა ინერვიულო. ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო, სათანადოდ მომზადებული ვიყო ყოველი მომენტისთვის, როცა მოედანზე შევალ. ასეთი დონის გუნდში, ესოდენ დიდი კონკურენციის პირობებში, მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, აუცილებელია პოზიტიური განწყობა შეინარჩუნო და გუნდსაც წარმატებაში დაეხმარები.

უკითხავთ - ცსკა-ში გადასვლა რამდენად სწორი ნაბიჯიაო. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ვერც იმას ვიტყვი, გამიმართლა და ისე მოვხვდი ცსკა-ში-მეთქი - ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერით დავიმსახურე.

იმედი მაქვს, მეც საკმარის წვლილს შევიტან გუნდის წარმატებებში. ვერ უარვყოფ, რომ ევროლიგაზეც ფავორიტთა შორის ვართ, მოგებაც გვინდა, მაგრამ როგორც ყველაფერს, ჩემპიონობასაც დამსახურება უნდა. იმედი მაქვს, ჩვენი თამაშით ამას დავიმსახურებთ.

ნაკრები
- ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული, რაოდენ დიდი სიამაყის გრძნობა გეუფლება, როცა საქართველოს ნაკრებით ჰიმნზე დგები. ყველამ კარგად იცის, რამდენად რთულ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ და რას ნიშნავს თითოეული გამარჯვება ქვეყნისთვის.

საქართველოს ნაკრებში თამაში, ბიჭების გვერდით დგომა სიამოვნებაა. სიამოვნება რომ მიიღო, 80 პროცენტით მაინც უნდა იყო მზად, ჯანმრთელად... გასულ ზაფხულს თურქეთის ჩემპიონატი რომ დასრულდა, სანაკრებო შეკრებაც დაიწყო. ტრავმირებული ვიყავი და არ მქონდა დრო გამოსაჯანმრთელებლად, რეაბილიტაციისთვის.

ვისაც ტკივილით არ უთამაშია, ალბათ, ვერ გამიგებს, რაოდენ ძნელია ჯერ გამაყუჩებლით თამაში, მერე - გსურდეს თანაგუნდელების დახმარება და ამას სათანადოდ ვერ ახერხებდე. წლეულს მოსკოვის ცსკა-სთან ერთად სეზონს შარშანდელზე ადრე დავამთავრებ, ნაკრების შეკრებამდე ტრავმების მისახედად ერთი თვე მაინც მექნება.

მინდა სანაკრებო ვარჯიშებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო, რაც შეეხება კონდიციებს, მთელი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში სექტემბრისთვის უნდა შევიდეს. იმედი მაქვს, წლეულს მაინც სრული შემადგენლობით შევხვდებით ევროპის ჩემპიონატს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული