საქართველო VS ბელგია - რუანის საერთაშორისო ტურნირს ვიწყებთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში, ისტორიულ ქალაქ რუანში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მორიგ საკონტროლო მატჩებს გამართავს.

საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს რუანის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც იგორ კოკოშკოვის გუნდთან ერთად ბელგიისა და მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები პარიზში სტამბოლის გავლით, შუადღით ჩაფრინდა, სადაც საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ ავტობუსი დაახვედრა და ნაკრებმა მცირე დაგვიანებით გეზი საფრანგეთის დედაქალაქიდან 135 კილომეტრში მდებარე ქალაქ რუანისკენ აიღო.

დაყოვნების მიზეზი მცირე ზომის ავტობუსი იყო, რომლის საბარგულმაც ჩვენი ნაკრების ბარგი ვერ დაიტია და მცირე ჭოჭმანის შემდეგ ჩემოდნების
სალონში ატანა გადაწყდა.

იხილეთ გამგზავრების ვიდეო
Sportall.Ge

რუანი ისტორიული ქალაქია, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური თვალსაზრისით. რუანში სახელგანთქმული საკათედრო ტაძარია, სადაც ინგლისის ერთ-ერთი სახელგანთქმული მონარქის, რიჩარდ ლომგულის გულია დასვენებული (ეს ტერიტორია და მთლიანად საფრანგეთი იმ დროს ინგლისის მიერ იყო დაპყრობილი).

ცნობილი ბრიტანელი მეფის გული სპეციალურად დამზადებულ რიჩარდ ლომგულის აკლდამაშია მოთავსებული და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.

ტაძრის შორიახლოს მდებარე სასტუმრო "მერკურში" საქართველოს ნაკრები 16:00 საათისთვის მივიდა. "კინდარენაზე", სადაც ტურნირის მატჩები უნდა გაიმართოს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დღეს გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ბელგიას 20 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე შეხვდება, ხოლო საფრანგეთთან კოკოშკოვის გუნდი 21-ში 22:00 საათზე ითამაშებს.

იგორ კოკოშკოვმა ეროვნული ნაკრები "კინდარენაზე" ავარჯიშა. ბავშვებისთვის საყვარელი, ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი ფირმის მიერ აშენებული დარბაზი რუანის ცენტრში მდებარეობს და 6 ათასამდე მაყურებელს იტევს.

ნაკრებამდე ბელგიელებმა ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეტად მოტივირებულია.

ბელგიელებს ბოლო დროს კარგი შედეგები აქვთ და ცხადია, საქართველოს დამარცხებით პრესტიჟს კიდევ უფრო აიმაღლებს. ვარჯიშიდან გასული ბელგიის ნაკრების წევრები ქართველებს მიესალმნენ.

ჩვენი ნაკრების (თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს) წევრების ნაწილს მჭიდრო ურთიერთობები აავშირებთ ბელგიელებთან.

ფიზიკური მომზადების ვარჯიშები დიდხანს არ გაგრძელებულა. კოკოშკოვმა გუნდი, ძირითადად, კომბინაციებზე ავარჯიშა.

იხილეთ ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

ერთ-ერთ ეპიზოდში ტრავმა მიიღო მანუჩარ მარკოიშვილმა და ვარჯიში შეწყვიტა. მას სათამაშო წეპიზოდში მხარში მოხვდა და ძლიერი ტკივილის გამო ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. რამდენად სერიოზულია მარკოიშვილის ტრავმა, დღეს გადაწყდება. მანუჩარი კლინიკაში მხარზე რენტგენს გადაიღებს და ამის შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება.

მარკოიშვილთან ერთად კლინიკაში ფეხის კუნთის გადასაღებად მივა თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აღარ აწუხებს, მაგრამ ნაკრების ექიმები მის მოედანზე გაყვანას არ ჩქარობენ:

"თორნიკეს ტკივილი აღარ აწუხებს, მას სრული დატვირთვით ვავარჯიშებთ, თუმცა თამაში სხვაა, უფრო დიდია ხელახალი ტრავმის მიღების საშიშროება. ამიტომ შენგელია გამოტოვებს საფრანგეთში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებს და მომავალი მატჩებისთვის მოემზადება. ჩვენი გეგმით, ის ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება" - განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა ექიმმა თემურ ხვედელიძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაპყრობილი არა კვახი...ინგლისის სამფლობელოები იყო..
bujanga
15:32 20-08-2015
0
გადმოცემა არ არის?
Vakho
15:47 20-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული