საქართველოს საკალათბურთო ნაკრები: რამდენი ევროპული ოქრო გვაქვს?

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დაარსების დღიდან (1994 წლის 20 მარტი) დღემდე 21 წელი გავიდა, ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე უკვე მესამედ მიემგზავრება. თუმცა ევროპის საკალათბურთო ისტორიის საფუძველშიც არ გამოკლებიან ქართველები მთავარ ევროპულ საკალათბურთო ფორუმებს. არც ოქროს თასის აღმართვა იყო უცხო ხილი. 90-იან წლებში კი CCCP წარწერიანი მაისურა გავიხადეთ და ახალი ფორმა მოვირგეთ - GEORGIA.

ქართველთა ევროოდისეა 1947 წელს დაიწყო. მოკლედ გადავავლოთ თვალი ევროპის ჩემპიონატებს და მოვიმარჯვოთ საანგარიშო ქართული მედლების დასათვლელად.

1947
ამ წელს საბჭოთა კავშირმა ევროპის ჩემპიონატში პირველად ითამაშა. მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში
დებიუტანტმა სსრკ-მა ექვსივე მატჩი მოიგო და ოქროს დაეუფლა.

საეჭვოა, ოთარ ქორქიას გარეშე "წითლებს" წარმატებისთვის მიეღწიათ, - განაცხადა მოგვიანებით ლეგენდარულმა მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ. ქორქიასთან ერთად საბჭოთა ნაკრებში ნოდარ ჯორჯიკია თამაშობდა.

1949
არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ევროპის 1949 წლის ჩემპიონატი აფრიკაში გაიმართა. მას ეგვიპტის დედაქალაქმა ქაირომ უმასპინძლა. საბჭოთა ნაკრებს ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია.

1951
საფრანგეთში ჩატარებულ ევრობასკეტზე სსრკ-ს ოთარ ქორქია გაუძღვა და, ცხადია, ჩემპიონი გახდა. ნოდარ ჯორჯიკია მწვრთნელ სტეპან სპანდარიანს პარიზში არ წაუყვანია.

1953
ევროფორუმს მოსკოვმა უმასპინძლა. ოთარ ქორქიას (მეათე ნომერი იყო) გუნდმა ათივე მატჩი მოიგო.

...მეოთხე ქართული ოქრო.

1955
ყველასთვის მოულოდნელად სსრკ-მა ნახევარფინალში მასპინძელ უნგრეთთან წააგო და ლეგენდარული ოთარ ქორქია ბრინჯაოს დასჯერდა.

1957
სამგზის ევროპის ჩემპიონმა, ოთარ ქორქიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და "წითლებს" ბულგარეთის ევრობასკეტზე აღარ გაჰყვა. თუმცა, ამ შეჯიბრებას ჩვენიანის გარეშე არ ჩაუვლია - საერთაშორისო კარიერა ევროპის ჩემპიონობით დაიწყო გურამ მინაშვილმა.

1959
სსრკ თურქეთშიც საუკეთესო იყო. მინაშვილმა მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა.

1961
იუგოსლავიის ევრობასკეტზე გურამ მინაშვილი ვლადიმერ უგრეხელიძემ შეცვალა. მანაც პირველი ადგილი დაისაკუთრა.

1963
მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ ნაკრებში მინაშვილი დააბრუნა, ხოლო უგრეხელიძისთვის ადგილი ვერ გამონახა. გურამ მინაშვილი ოთარ ქორქიას დაეწია - მესამედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონობა.

1965
საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე მინაშვილი ზურაბ საკანდელიძემ შეცვალა. მასთან ერთად ოქროს მედალი ამირან სხიერელმა ჩამოიკიდა. 1965 წელს ევრობასკეტს საბჭოეთის ორმა ქალაქმა უმასპინძლა - მოსკოვმა და თბილისმა.

1967
ფინეთში ზურაბ საკანდელიძე მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

1969
საკანდელიძეს ნაკრებში სერგეი კოვალენკო შეუამხანაგდა და სსრკ-მა მეათედ დაამტკიცა რომ ძველ კონტინენტზე ბადალი არ ჰყავდა.

1971
გფრ-ში გამართულ ევრობასკეტზე გამოჩნდა მიხეილ ქორქია. ზურაბ საკანდელიძემ კი რეკორდი დაამყარა - ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ (ოთხჯერ) მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

1973
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... რვაჯერ?! დიახ, ზედიზედ რვაჯერ ევრობასკეტზე სსრკ-მა გაიმარჯვა. თუმცა ცხრამდე ვერ ავიდა - 1973 წელს მე-3 ადგილს დასჯერდა. ვლადიმირ კონდრაშინის გუნდში იყვნენ ზურაბ საკანდელიძე და სერგეი კოვალენკო.

1975
მიხეილ ქორქიასთან ერთად საბჭოთა კრებული ფინალში გავიდა, თუმცა მასპინძელ იუგოსლავიასთან 84:90 დამარცხდა.

1977
ბელგიაშიც ზუსტად ის განმეორდა, რაც ორი წლის წინათ: სსრკ-მა იუგოსლავიასთან წააგო, მიხეილ ქორქიამ ვერცხლის მედალი მიიღო.

1979
რვაწლიანი შესვენების მერე ევროპა კვლავ გაწითლდა - საბჭოთა ნაკრებმა მეთორმეტედ მოიგო ევრობასკეტი. საბჭოთა კავშირმა პირველად ითამაშა ქართველების გარეშე.

1981
22 წლის ნიკოლოზ დერიუგინმა ჩჩჩP-წარწერიანი მაისურა პირველად ჩეხოსლოვაკიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაიცვა და მეოთხე მატჩში თავიც გამოიჩინა - თურქეთს 25 ქულა ჩაუგდო. დერიუგინის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო.

1983
სსრკ-ის ნაკრები საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ ნახევარფინალში ესპანეთთან 94:95 წააგო და საბოლოოდ ბრინჯაოს დაეუფლა. ნიკოლოზ დერიუგინი საშუალოდ 6 ქულას აგროვებდა.

1985...
1985, 1987, 1989, 1991, 1993, 1995... ლიტვურ, ბერძნულ ან იუგოსლავიურ გაზეთში რომ ვწერდეთ, ამ წლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატებზე სათქმელი გვექნებოდა, მაგრამ ქართველებს არც ერთგან არ უთამაშიათ.

ეს არც იყო გასაკვირი: საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლად შეუდგა ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზას. როგორც გითხარით, გზა ძალიან გაუგრძელდა...

2011
2011 წელი ქართული კალათბურთისთვის ისტორიული იყო - პირველად ითამაშა ერთბაშად 12-მა კალათბურთელმა ევრობასკეტზე. ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო ჩემპიონატში ბევრი გააკვირვა, ჯგუფიდან გავიდა და საბოლოოდ ევროპის ტოპ-12-ში შევიდა.

2013
სლოვენიაში გამართულ ევრობასკეტზე ორი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. მათ გარეშე ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მიზანთან ახლოს ვიყავით - სლოვენიასთან და ხორვატიასთან ბოლო წამებზე დავთმეთ.

2013...
ასეთი გამოცდილი გუნდით არც ერთ ევრობასკეტზე არ გვითამაშია, მერვედფინალისკენ მისასვლელი გზა წინა წლებთან შედარებით მსუბუქია: ჯგუფიდან სამის ნაცვლად ოთხი გუნდი გადის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული